დავით უსუფაშვილი - ორ ირაკლის აქვს პოტენციალი ზრდილობიან ევროპელ პოლიტიკოსებს ბრიუსელიდან ქვების სროლა დააწყებინონ - დებიძინიზაცია კი არა, შეიძლება ჩამოვიდნენ და პერფორმანსები გამართონ, რომ გაგვაგებინონ, რაზეა საუბარი

2023 წელი რეალურად ნიშნავს 6 თვეს პლუს 3, ან 6 თვეს პლუს 9 თვეს, თუ მზად ვიქნებით ოქტომბერში, ევროპაც მზად იქნება შეგვაფასოს. საუბარი პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსისგან ან მოქალაქისგან - მეტი დრო გვქონია და დავსხდეთო, ყოვლად მიუღებელია, - ამის შესახებ პარტია „ლელო - საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ ევროკომისიამ პირობების შესრულების ანგარიშს არა მიმდინარე წლის ბოლოს, არამედ 2023 წელს განიხილავს.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ლიდერებს და განსაკუთრებით „ორ ირაკლის“ აქვთ პოტენციალი ზრდილობიანი და დელიკატური ევროპელი პოლიტიკოსები იქამდე მიიყვანონ, რომ ბრიუსელიდან ქვების სროლა დაიწყონ.

,,სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, რომ 6 თვის ვადას მოგვცემდნენ და მეტ შანსს დაგვიტოვებდნენ, მათ შეეძლოთ ეთქვათ როდესაც მზად იქნებით მაშინ მოდითო, მაშინ გენახათ პოლარიზება, ფეხის ფეხზე გადადება და ყველაფერი. 2023 წელი რეალურად ნიშნავს 6 თვეს პლუს 3, ან 6 თვეს პლუს 9 თვეს, თუ მზად ვიქნებით ოქტომბერში, ევროპაც მზად იქნება შეგვაფასოს. საუბარი პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსისგან ან მოქალაქისგან - მეტი დრო გვქონია და დავსხდეთო ყოვლად მიუღებელია, რას ნიშნავს ევროპამ მოგვიხსნა დედლაინი? ვერც ვერთვები სერიოზულად ამ საკითხის განხილვაში, რომ რაიმე უნდა შევანელოთ.

„ოცნების“ ლიდერებს და განსაკუთრებით ორ ირაკლის აქვთ პოტენციალი ზრდილობიანი და დელიკატური ევროპელი პოლიტიკოსები იქამდე მიიყვანონ, რომ ბრიუსელიდან ქვების სროლა დაიწყონ. ეს ხალხი ჭკუიდან გადაირია, დებიძინიზაცია კი არა, შეიძლება ჩამოვიდნენ და პერფორმანსები გამართონ ნახატებით, რომ როგორმე გაგვაგებინონ რაზეა საუბარი. დეოლიგარქიზაციის და დებიძინიზაციის ნომერი პირველი მხარდამჭერი იყო თავად ბიძინა ივანიშვილი, როდესაც ოპოზიციაში ვიყავით და ვსაუბრობდით როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან ის, რომ ქვეყანა ისევ ერთ ადამიანზე არ ჩამოეკიდოს“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

მან ასევე შეაფასა ოპოზიციის მოთხოვნა პარლამენტის რიგგარეშე სესიის ჩანიშვნასთან დაკავშირებით. უსუფაშვილის თქმით, 1990 წლიდან დღემდე საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიებს შორის რიგგარეშე სესია ყოველთვის ტარდებოდა, ახლა კი მნიშვნელოვანი სტრატეგიული საკითხია განსახილველი.

,,ჩვენი მოთხოვნა კვლავ აქტუალური რჩება და შესაძლოა კიდევ უფრო აქტუალურია. გუშინ პრეზიდენტთან ვიყავი 46 ოპოზიციონერი პარლამენტარის სახელით, რომელმაც ხელი მოაწერა რიგგარეშე სესიის მოწვევის თხოვნას. ჩემი ამოცანა და მიზანი იყო პრეზიდენტს სცოდნოდა მეტი თუ რამ გამოიწვია ჩვენი მხრიდან ეს ნაბიჯი. ჩვენი ეს ნაბიჯი მიმართულია ერთის მხრივ ტემპის არდაგდებისკენ და იქით, რომ როგორმე ერთად შეძლოთ ნაბიჯის გადადგმა ევროკავშირის მოთხოვნების შესასრულებლად, ვინაიდან ცალ-ცალკე ევროკავშირში ვერ შევალთ, რეფორმები ვერ ჩაითვლება რეფორმებად თუ არ არის კონსენსუსი და საზოგადოების ფართო ნაწილში არ არის აღიარებული. ყოველი დღე, როდესაც გრძელდება ჩვენი ტრადიციული, ქართულ-ხალხური წივილ-კივილი ეს კიდევ უფრო გვაახლოებს უფსკრულს და ამცირებს შანსებს, რომ შევასრულოთ ვალდებულებები. ჩვენ ვსაუბრობთ არა რიგგარეშე სხდომაზე, არამედ რიგგარეშე სესიაზე. საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიებს შორის 1990 წლიდან დღემდე, ყოველთვის ტარდებოდა რიგგარეშე სესია მიმდინარე საკითხებზე. ახლა ამისთანა სტრატეგიული თემა გვაქვს და მოვიწვიოთ სესია, რომელზეც ჩვენი მხრიდან შეთავაზებული ოთხი ძალიან მნიშვნელოვანი თემა“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2022
ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს
უკრაინულმა კრიპტოვალუტის ბირჟამ WhiteBIT საკუთარი ტოკენის გაშვების შესახებ გამოაცხადა
ბაზისბანკის ფინანსური ჩართულობით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსის ფინალური შეხვედრა გაიმართა