რომან გოცირიძე - სამარცხვინოა, როცა "ქართული ოცნება" ამბობს, რომ ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებით ვაჭრობს - “ქართული ოცნება" ვაჭრობს ქვეყნის დასავლური ორიენტაციით, აშანტაჟებს დასავლელ პარტნიორებს

“ქართული ოცნება" ვაჭრობს ქვეყნის დასავლური ორიენტაციით, აშანტაჟებს დასავლელ პარტნიორებს ორბიტის შეცვლით და რუსეთისკენ წასვლით - ეს შანტაჟი ძალიან მძიმედ დაუმთავრდება "ქართულ ოცნებას", კიდევ უფრო მძიმედ ივანიშვილს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

რომან გოცირიძე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სამარცხვინოა ოპოზიციის დადანაშაულება ვაჭრობაში, მაშინ, როცა ცვლილებები თავად "ქართულმა ოცნებამ" მიიღო პირველი მოსმენით და ეს მათი ვალდებულება იყო.

დეპუტატი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება და ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლარიზაციის დასაძლევად.

"რიგგარეშე სხდომის მოწვევა აუცილებელია პროცესების დაჩქარებისთვის და საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილი იყო, იქნება მიღებული, რომელიც უმნიშვნელოვანესია განსაკუთრებით, მცირე ოპოზიციური პარტიებისთვის, ვინაიდან, მაღალი ბარიერით ძალიან კარგად ვიცით მხოლოდ 2 პარტია გადალახავს ბარიერს. ეს ნიშნავს, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი დარჩება პოლიტიკური პროცესის გარეთ, რაც ქვეყანაში იქნება დამატებითი პოლარიზაციის და დაძაბულობის წყარო. ცვლილებების მიღება დაადასტურებს, რომ "ქართული ოცნება" უერთდება სწრაფ გეგმას, რაც ოპოზიციამ წარმოადგინა და ჩავთვლით, რომ ერთი ნაბიჯი წინ იქნება გადადგმული.

სამარცხვინოა, როცა "ქართული ოცნება" ამბობს, რომ ოპოზიცია ვაჭრობს იმ საკონსტიტუციო ცვლილებებით, რომელიც თავად "ქართულმა ოცნებამ" მიიღო პირველი მოსმენით, რაც მისი ვალდებულება იყო. "ქართული ოცნება" ვაჭრობს ქვეყნის დასავლური ორიენტაციით, აშანტაჟებს დასავლელ პარტნიორებს ორიენტაციის, ორბიტის შეცვლით და რუსეთისკენ წასვლით. ეს შანტაჟი დაუმთავრდება ძალიან მძიმედ ქართულ ოცნებას და დიდ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის. ხოლო ივანიშვილს კიდევ უფრო მძიმედ დაუმთავრდება და არამხოლოდ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის, სანქციებიც კი სანატრელი გაუხდება, დასავლური ორიენტაციით ვაჭრობა დაუმთავრდებათ ცუდად", - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისათვის, „პალიტრანიუსის" გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს აყენებს, ვაჭრობს".

„საკონსტიტუციო ცვლილებები და ბარიერი ერთ-ერთი დამატებითი წინაპირობაა, რომ ოპოზიცია პროცესში ჩაერთოს. ამიტომაც ვაცხადებთ უარს, ჩვენ არ ვვაჭრობთ საქართველოს ევროპული მომავლით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს