ადვოკატი - როგორც სოსო გოგაშვილი აცხადებს, დოკუმენტები, რომლის გასაჯაროებასაც გეგმავდა, საზღვარგარეთ, სანდო ხელშია და უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, დაკავებულ სოსო გოგაშვილის ადვოკატის, რამაზ ჩინჩალაძის განცხადებით, დოკუმენტები, რომლის გამოქვეყნებასაც გოგაშვილი რამდენიმე დღეში აპირებს, საზღვარგარეთ, "საიმედო ხელშია".

ჩინჩალაძის თქმით, აღნიშნული დოკუმენტები ყოფილი მაღალჩინოსნის განმარტებით, არჩევნების გაყალბებას ეხება.

„მისი პირველი გზავნილი არის ოჯახის მიმართ, რომ თავს გრძნობს კარგად, მხნედ და არის ბრძოლისუნარიან განწყობაზე. რაც შეეხება დაკავების მოტივებს, როგორც ბატონი სოსო გოგაშვილი აცხადებს, მისი დაკავება ბოლო პერიოდში მის მიერ წამოწყებულ საქმიანობას უკავშირდება, ეს საქმიანობა ეხება არჩევნების გაყალბების საკითხებს, როგორც ის აცხადებს, ამ თემაზე და კონკრეტულ სქემებზე, კონკრეტული, შემაჯამებელი დოკუმენტი და სქემები აქვს, თუ კონკრეტულად რა და როგორ ხორციელდებოდა არჩევნების პროცესში. ის აღნიშნული დოკუმენტის საჯაროდ გამოტანას რამდენიმე დღის განმავლობაში აპირებდა და როგორც თავად აცხადებს, ეს დოკუმენტი, დღის სინათლეს რამდენიმე დღეში მაინც იხილავს. სწორედ ამის გამო, იმ პოსტის გამო, რომელიც მის მიერ გამოქვეყნდა დაახლოებით, ორი დღის წინ, ამ ყველაფრის პრევენციისათვის მოხდა მისი დაკავება. თუმცა, როგორც გითხარით, ის აპირებს სიმართლისთვის იბრძოლოს“, - აცხადებს ჩინჩალაძე.

მისივე განმარტებით, სოსო გოგაშვილის დაკავება უკანონოდ მოხდა. ამასთან, ადვოკატის თქმითვე, სამართალდამცავების მხრიდან არაერთი სავარაუდო დანაშაული იქნა ჩადენილი.

„დაკავების პროცესში ბევრი სავარაუდო დანაშაულია განხორციელებული სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით ხდება საქმის კურსში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ჩაყენებაც. ბატონი სოსო გოგაშვილის მეუღლე აცხადებს გარემოებასთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანი და საგანგაშოა - სანამ მის ეზოში დასაკავებლად შევიდოდნენ, ქალბატონმა დაინახა, ერთ-ერთი პიროვნება თუ როგორ იდებდა ლეპტოპს ზურგის არეში - საქამრეში და შემდეგ, ეს ლეპტოპი, სხვა "ფლეშკებთან", გარე მეხსიერების ბარათებთან ერთად ამოღებული იქნა სოსო გოგაშვილის სახლის ჩხრეკის შედეგად. ასევე, დაკავების პროცესში განხორციელდა ფიზიკური ზეწოლა, ვიზუალური დაკვირვებითაც ეტყობა, რომ სახის მარჯვენა მხარეს აქვს შეშუპებული, ასევე წელის არეში წიხლებით მოხდა ფიზიკური დაზიანებების მიყენება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა შემდეგი, როცა სოსო გოგაშვილს ხელები ჰქონდა უკანა მხარეს შეკრული, გაშლილ ხელებზე მას უდებდნენ კონკრეტულ იარაღს, სავარაუდოდ, ანაბეჭდებისა და დნმ-ის გადატანის მიზნით, ამ დროს მოხდა, სოსო გოგაშვილის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა, სწორედ ამიტომ, გაუსწორდნენ მას ფიზიკურად“, - განაცხადა ჩინჩალაძემ.

მისივე განმარტებით, დოკუმენტები, რომლის გასაჯაროებასაც გოგაშვილი გეგმავს, „სანდო ხელშია“.

„როგორც სოსო გოგაშვილი აცხადებს, ეს დოკუმენტები საზღვარგარეთ, სანდო ხელშია და უახლოეს დღეებში აპირებს მის გასაჯაროებას. არ ვიცი რა დადასტურდება ამ დოკუმენტებით, რაც შეეხება ბრალს, ჯერჯერობით მას ბრალი არ წარდგენია, დადგენილება პირის ბრალდების შესახებ არ გვინახავს, საქმის მასალებსაც არ ვიცნობთ.

13 რეგისტრირებული იარაღი აქვს ბატონ სოსო გოგაშვილს, შესაბამისად, რა საჭირო იყო, დამატებით, 2 არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონოდა სახლში, აღნიშნული იარაღები მეუღლის საწოლიდან და მაისურების კარადიდან იქნა ამოღებული. როგორც გოგაშვილის მეუღლე აცხადებს, მან უშუალოდ დაინახა, თუ როგორ ჩადეს აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღები და ასახელებს კონკრეტულ პიროვნებასაც, ეს გახლავთ გიორგი ღამბაშიძე“, - განაცხადა ჩინჩალაძემ.

კითხვაზე, მან მოახდინა თუ არა იარაღის „ჩადება“, ადვოკატი პასუხობს, რომ „სავარაუდოდ, კი“.

„სავარაუდოდ, ეს ის პირია და სხვა სამ პიროვნებასთან ერთად ფიზიკურად უსწორდებოდა სოსო გოგაშვილს. როგორც ბატონი სოსო აცხადებს, ღამბაშიძეს პირადი დაინტერესებაც ჰქონდა, ვინაიდან ჩემი გათავისუფლებულია სამსახურიდანო, ასე განაცხადა, ვერ გეტყვით, შური იძია თუ არა, მაგრამ ბატონი სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ მას პირადი მოტივებიც ამოძრავებს“, - განაცხადა ჩინჩალაძემ.

ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო