საბა ბუაძე - სოსო გოგაშვილი უდანაშაულო და ანგელოზი არ არის, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკურ დევნას არ განიცდის - მისი დაპატიმრებით "ქართული ოცნება" თანაგუნდელებს სიგნალს უგზავნის, რომ პირის გაღება არავინ გაბედოს

ყველა მღვდელს უსმენენ და ყველა აღსარებაში იქექებიან და ამ სისტემის მთავარი დამკვეთი არის ივანიშვილი - თუ გოგაშვილი ფარული მიყურადებით იყო დაკავებული და ვინმეს უკანონოდ უთვალთვალებდა, ეს პირადად ივანიშვილის დაკვეთა იყო, - ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, საბა ბუაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის დაკავება „ქართული ოცნების“ მოქმედი წევრებისთვის სიგნალის გაგზავნა იყო, რომ „პირის გაღება და რეალურად სიმართლეზე ლაპარაკი არავინ გაბედოს“.

საბა ბუაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ძალაუფლების შენარჩუნებას შიშით ცდილობს.

„გამოჩნდა, რომ ფარული მოსმენების წარმოუდგენელი მასშტაბია. ყველა მღვდელს უსმენენ და ყველა აღსარებაში იქექებიან და ამ სისტემის მთავარი დამკვეთი არის ივანიშვილი. ივანიშვილი არის ფარული მიყურადების მთავარი მოსარგებლე და ბენეფიციარი და თუ გოგაშვილი ფარული მიყურადებით იყო დაკავებული და ვინმეს უკანონოდ უთვალთვალებდა, ეს პირადად ივანიშვილის დაკვეთა იყო,“ - აღნიშნა ბუაძემ.

მისივე განცხადებით, სოსო გოგაშვილი ხელისუფლებაში ყოფნის დროს არა ერთ სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულში იყო გარეული, თუმცა კონტექსტისა და დროის გათვალისწინებით ჩანს, რომ მისი დაკავების საკითხი პოლიტიკურად მოტივირებულია.

„მისი სახელი და გვარი ძალიან ბევრ პრობლემურ საკითხთან და საქმესთან არის დაკავშირებული, როგორც კორუფციის თვალსაზრისით, ისე მაჩალიკაშვილის საქმე რად ღირს მარტო ხომ? ასევე, ბევრი სხვა ეპიზოდი, მაგრამ არც ერთ ამ ეპიზოდთან დაკავშირებით მას კითხვის ნიშანი არ დაუსვეს. კონტექსტისა და დროის გათვალისწინებით არსებობს კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, რომ არის თუ არა ეს პოლიტიკურად მოტივირებული. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნამდვილად ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სოსო გოგაშვილი არის უდანაშაულო და ანგელოზი, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილი მის დაპატიმრებას და თან ამ ფორმით დაპატიმრებას იმისათვის იყენებს, რომ მის მოქმედ თანაგუნდელებს სიგნალი გაუგზავნოს, რომ არავინ გაბედოს პირის გაღება და რეალურად სიმართლეზე ლაპარაკი, რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა გუშინ შიგნით.

ის, რომ მე გოგაშვილი არაკეთილსინდისიერ ადამიანად მიმაჩნია და ბევრ დანაშაულში მონაწილედ მიმაჩნია, არ ნიშნავს იმას, რომ ის პოლიტიკურ დევნას არ განიცდის და მისი დაკავების მიმართ „ქართული ოცნების“ ძალიან კონკრეტული პოლიტიკური ინტერესი არ არსებობს,” - განაცხადა საბა ბუაძემ.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა იოსებ გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა