გივი მიქანაძე - „ქართული ოცნება“ 2022 წელს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას არ გეგმავს

ფრაქცია „ქართული ოცნება“ 2022 წელს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას არ გეგმავს. როგორც საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა, „ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი ე.წ. დღის წესრიგი არ შეესაბამება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებს, რადგან მათი დამუშავება, განხილვა და შეჯერება არ მომხდარა პოლიტიკური სუბიექტების მიერ საკომიტეტო მოსმენებზე“.

„როგორც მოგეხსენებათ, 2022 წლის 18 ივლისიდან „ნაციონალური მოძრაობის“ და ოპოზიციის სხვა დეპუტატების, საერთო ჯამში, პარლამენტის 46 წევრის ინიციატივის საფუძველზე, პრეზიდენტის მიერ მოწვეულ იქნა პარლამენტის რიგგარეშე სესია. ფრაქცია „ქართული ოცნება“ იმ პროცესში, რომლის მიზანია არა ევროპული და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, არა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება, არამედ პოლარიზაციის გაღრმავება და ხსენებული რეკომენდაციების საბოტაჟი, მონაწილეობას არ მიიღებს. გარდა ამისა, მათი წარმოდგენილი ე.წ. დღის წესრიგი არ შეესაბამება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებს, რადგან მათი დამუშავება, განხილვა და შეჯერება არ მომხდარა პოლიტიკური სუბიექტების მიერ საკომიტეტო მოსმენებზე. მათგან მხოლოდ ერთი საკითხია განხილული პირველი მოსმენით და მიღებული, თუმცა ეს საკითხიც არ არის მეორე მოსმენით განხილული საკომიტეტო მოსმენაზე. ის საერთოდ არ შედის ევროკომისიის 12 რეკომენდაციაში და ჩვენი ფრაქცია მიმდინარე წელს საერთოდ არ გეგმავს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას, რასთან დაკავშირებითაც ჩვენი პოზიცია გაცხადებული და ცნობილია. ჩვენ უკვე აქტიურად დავიწყეთ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გახმოვანებული გეგმის მიხედვით მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საკითხის განხილვამ 2023 წლისთვის გადაიწია, ამ გეგმაში ცვლილება არ შევა და როგორც სამუშაო ჯგუფებში, სადაც ჩვენი გუნდის წევრების გარდა ოპოზიციის ნაწილიც იღებს მონაწილეობას, ასევე საკომიტეტო მოსმენების ფორმატში, მოხდება შესაბამისი კანონპროექტების დამუშავება, დაინფიცირება და საკომიტეტო განხილვები, რის შემდეგაც მათ განიხილავს საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე. აღნიშნული პროცესი ჩვენ მიერ გაცხადებული ვადების შესაბამისად, 2022 წლის დეკემბრამდე ბოლომდე იქნება მიყვანილი, მათ შორის, დღის წესრიგის გარეშე, სესიის დღის წესრიგში შეტანილი სხვა საკითხებიდან, რომელიც შეეხება სასამართლოსა და ანტიკორუფციულ სამსახურს ორივე მათგანთან დაკავშირებით არსებული ჯგუფების ფარგლებში და დადგენილ ვადებში მოხდება კანონპროექტების მომზადება, დაინიცირება და მიღება. შესაბამისად, 18 ივლისიდან მოწვეულ ე.წ. რიგგარეშე სესიასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ პარალელურ, მოგონილ, საბოტაჟურ და შედეგთან მიმართებაში უპერსპექტივო პროცესში მონაწილეობას, ამიტომ, ჩვენი ფრაქციის 81 წევრიდან რიგგარეშე სესიაში მონაწილეობას არავინ მიიღებს.

ამასთანავე, მოვუწოდებთ რადიკალური ოპოზიციის თითოეულ წარმომადგენელს, პარალელური პროცესების გამოგონებით ნუ გაამართლებენ და ნუ გამოეთიშებიან კომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესს. მიიღონ მონაწილეობა მიმდინარე საპარლამენტო - სამუშაო ჯგუფების და საკომიტეტო საქმიანობაში, რაც, სხვათა შორის მათი კონსტიტუციური ვალდებულებაც არის“, - განაცხადა მიქანაძემ.

მისი განმარტებით, აღნიშნული წერილი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ხელმოწერით წარედგინა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, რითაც გამოხატულია უმრავლესობის 81 წევრი დეპუტატის პოზიცია.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო