დეოლიგარქიზაციაზე ისეთი კანონი უნდა მივიღოთ, რომელიც სახელებსა და გვარებზე არ იქნება ორიენტირებული და ინსტიტუციურად შეცვლის რაღაცას, რომ რომელიმე ერთი მდიდრის საპამპულაო არ იყოს ქვეყანა, - ამის შესახებ "მოქალაქეების" დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ელისაშვილი აღნიშნავს, რომ ლოგიკური იქნება თუ მასში ივანიშვილთან ერთად მოხვდება მაგალითად, კახა ოქრიაშვილი, დავით კეზერაშვილი, მამუკა ხაზარაძე, თუმცა, ელოდება, რომ "ქართული ოცნება" ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილს კანონი არ შეეხოს.
„გვითხრეს, დეოლიგარქიზაცია საკანონმდებლო დონეზე გჭირდებათო. ეს მართლა საჭიროა, რომ ქვეყანა უკუღმართულად არ იმართებოდეს. ამიტომ განსასაზღვრია, ვინაა ოლიგარქი. კანონში ხომ ვერ ჩაწერ, რომ ოლიგარქი არის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და კანონი მივიღოთ ბიძინა ივანიშვილზე, ესაა აბსურდი. უკრაინის კანონს თუ გადმოვიღებთ, იქ განისაზღვრა დეფინიცია, ვინ არის ოლიგარქი. ეს არის ადამიანი, რომელიც უკრაინის მშპ-სთან მიმართებაში რაღაც თანხას ფლობს, ის არის. არ გამოვრიცხავ და ლოგიკური იქნება, ბევრი ადამიანი მოხვდეს ამ სიაში, მათ შორის ჩემი ძმადნაფიცი კახა ოქრიაშვილი, კეზერაშვილი - ჯარის გამძარცველი, მამუკა ხაზარაძე და რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი, ყველაზე მდიდარი ქართველი ისაა, ვისზეც გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქვეყანას გაუკუღმართებულად მართავს,"- განაცხადა ელისაშვილმა.