ნიკა გვარამია - ივანიშვილის რეჟიმი დგას არა მის ფულზე, არამედ შემსრულებლებზე, რომლებიც იღებენ ფულს - დეოლიგარქიზაცია სწორედ ასე წარმომიდგენია - ამ შემსრულებლების არარსებობით

უცნობის კი არა, ძალიან კარგად ნაცნობი სამარცხვინო ფიგურის მიერ ჩადენილი იქნა არა მხოლოდ ჟურნალისტური ეთიკის დარღვევა, არამედ დანაშაული, - ამის შესახებ „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, თუ იარსებებენ შემსრულებლები, ნებისმიერი ხელისუფლება გახდება უკანონო ბრძანებების გამცემი.

„მოვისმინეთ რაღაც ფარული ჩანაწერები მედიასაშუალების სრულიად სამარცხვინო წარმომადგენლისგან. ის, რაც მოხდა არის არა მხოლოდ ჟურნალისტური სტანდარტის დარღვევა, არამედ პირადი საუბრების გამოქვეყნება და მინდა შევახსენო ყველას, რომ ეს დანაშაულია და უცნობის კი არა ძალიან კარგად ნაცნობი სამარცხვინო ფიგურის მიერ ჩადენილ იქნა არა მხოლოდ ჟურნალისტური ეთიკის დარღვევა, არამედ დანაშაული. აბსოლუტურად არანაირი საჯარო ინტერესის და არანაირი მამხილებელი ინფორმაციის შემცველი ტექსტი - გავრცელდა პირადი საუბარი და ეს არის დანაშაული ქართული კანონმდებლობით, ამიტომ არამხოლოდ ის უნდა ვეძებოთ ვინც ეს ყველაფერი გააკეთა, ასევე უნდა ვეძებოთ ის ვინც გაავრცელა.

გამავრცელებელი არის შემსრულებელი. თუ იარსებებენ შემსრულებლები ყოველთვის იქნებიან უკანონო დავალების მიმცემები. ეს ეხება ფარული ჩანაწერის გამავრცელებლებს, ეხება მოსამართლეებს, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ და ასეთია ჩხიკვაძე და არა მხოლოდ, ასეთია ყველა ის პროკურორი რომელიც საქმეებს კერავს, ყველა პოლიციელი, რომელიც აქციებს არბევს და ა.შ.

ბევრად უფრო მკაფიო პოზიცია მაქვს დავალებების შემსრულებლებთან დაკავშირებით, ვიდრე დავალებების გამცემებთან დაკავშირებით, რადგან გამცემებთან დაკავშირებით, მაღალი თანამდებობის პირებთან დაკავშირებით პოლიტიკური კონსენსუსი სავსებით შესაძლებელია, რომ შედგეს. შედგეს საქვეყნო ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ შუა რგოლმა, შემსრულებელმა რგოლმა უნდა იცოდეს, რომ მათთან დაკავშირებით კონსენსუსი არ და ვერასდროს ვერ შედგება იმიტომ, რომ ეს არ არის არც პოლიტიკური და არც საქვეყნო ინტერესი და დიახ, მათი დამვალებლები შეიძლება დარჩნენ დაუსჯელები და დიახ, ისინი საჩვენებლად უნდა დაისაჯონ. აი, ზუსტად ამაშია ბედის ირონიაც და ბედის სისასტიკეც და ამაშია ქვეყნის ინტერესი. ყველა შემსრულებელი არის ის, რაზეც დგას ყველა რეჟიმი. ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი დგას არა მის ფულზე, არამედ ამგვარ შემსრულებლებზე, რომელიც იღებენ ამ ფულს. თუ არ იქნება შემსრულებლები არ იქნება არც ფულის ამღები და არ იქნება არც ბიძინა ივანიშვილი. აი დეოლიგარქიზაცია სწორედ ასე წარმომიდგენია - ამ შემსრულებლების არ არსებობით. შემსრულებლები ქმნიან სისტემებს. ამ კასტამ გაანადგურა არამხოლოდ ქვეყანა, არამედ ის ხელისუფლებები, რომლებსაც ემსახურებოდნენ, მათ შორის, „ქართული ოცნებაც“, რომელიც შეიძლება ვერ ხვდება, რომ უკვე დასრულდა, მაგრამ ეს ნამდვილად ასეა, ციხიდან ეს გაცილებით უფრო კარგად ჩანს. ნებისმიერი შემდეგი ხელისუფლება, რომელსაც ეყოლება შემსრულებლები მოწყვლადია იმისთვის, რომ დაემსგავსოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. ნებისმიერი ხელისუფლება თუ იარსებებენ შემსრულებლები, გახდება უკანონო ბრძანებების გამცემი, რადგან ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს ისეთი სახელმწიფოებრიობის გამოცდილება და სამართლიანი სახელმწიფოს მსახურების კულტურა, რომ თვითშეზღუდვა გვქონდეს აბსოლუტური“, - განაცხადა გვარამიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა