მამუკა გამყრელიძე - საქართველოზე გამავალ ენერგოკორიდორს ვინ გააკონტროლებს?! ხელისუფლებას ლავირება აღარ გამოუვა, ქვეყნის უსაფრთხოებას დაუძლეველი პრობლემები რომ არ შეექმნას, „ოცნებამ“ რუსეთს და დასავლეთს შორის არჩევანი უნდა გააკეთოს

ურსულა ფონ დერ ლაიენის ვიზიტი აზერბაიჯანში, სადაც საქართველოს მთავრობა მიწვეული არ იყო და ასევე, სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში შეხვედრა, რომელსაც დასავლეთის პარტნიორებიდან არავინ დასწრებია, ცხადყოფს, რომ ევროკავშირის პოზიცია საქართველოს მთავრობის მიმართ უკიდურესად ნეგატიურია და დასავლეთს „ქართულ ოცნებასთან“ საუბარი არ სურს, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, მამუკა გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინაში ომმა საქართველოს საერთაშორისო დონეზე მაქსიმალური აქტუალიზაციის ისტორიული შანსი გაუჩინა და „ქართული ოცნების“ მავნებელი მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ეს შანსი არა თუ არ გამოიყენოს, პირიქით, გააფუჭოს.

„საქართველოს ლოჯისტიკური ფუნქცია კარგა ხნით კვლავ აქტუალური იქნება - ენერგოკორიდორი, რომელიც ევროპის ენერგოუსაფრთხოების სრულიად ახალ ეტაპს სათავეს დაუდებდა, ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს, როგორც ევროკავშირის, ასევე რუსეთისთვის, საქართველოზე გაივლის.

ჩვენთვის ეს სიტუაცია საფრთხის შემცველია. მნიშვნელოვანია, ენერგეტიკულ კორიდორს ვინ გააკონტროლებს და ამ პროცესში, დაპირისპირებულ მხარეებს შორის ვითარების უკიდურესი გამწვავება მოხდება თუ არა. მოვლენების განვითარების სხვადასხვა ვერსია არსებობს, მაგრამ ერთი ცხადია - საქართველო ახლა იმ მდგომარეობაშია, როდესაც მან რუსეთს და დასავლეთს შორის არჩევანი ყოველგვარი კითხვების გარეშე უნდა გააკეთოს. თუ მშვიდობიან პერიოდში დიდი მოთამაშეების დაპირისპირებაში ლავირება შესაძლებელია, ომის და სერიოზული გამწვავების დროს ასეთი პოლიტიკა პირიქით, დამღუპველია და ქვეყნის უსაფრთხოებას გადაუწყვეტელ პრობლემებს შეუქმნის,“ - განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ევროკავშირს ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტის შენარჩუნება მაინც მოუწევს.

„ევროკავშირი ან შეეცდება საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობა დაალაგოს, ან თუ გადაწყვეტს, რომ ეს კონტაქტი შეუძლებელია, მაშინ ისინი ოპოზიციას ხელისუფლების შეცვლაში დაეხმარებიან. ამ ეტაპზე აშკარად ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან ურთიერთობას მაქსიმალურად ამწვავებს, მათი შემდეგი ნაბიჯი რუსეთთან დაახლოება იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა პლანეტის ბნელ მხარეზე დარჩება,“ - აცხადებს მამუკა გამყრელიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო