ნიკა გვარამიას საქმის განხილვა 4 ოქტომბრისთვის გადაიდო

„მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმის განხილვა 4 ოქტომბრისთვის გადაიდო. დაცვის მხარის შეფასებით, აღნიშნული თარიღით სააპელაციო საჩივრის განხილვის 2-თვიანი ვადა დაირღვა.

პროცესზე ნიკა გვარამიას ადვოკატებმა საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვის შუამდგომლობა დააყენეს.

ადვოკატმა ქეთი ჩომახაშვილმა ნიკა გვარამიას საქმეზე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებებისა და მის მიერ "იმედისთვის" მიცემული ინტერვიუს საქმეზე მტკიცებულების სახით დართვა მოითხოვა.

ქეთი ჩომახაშვილმა საქმეზე კიდევ რამდენიმე წერილობითი დოკუმენტის დართვა მოითხოვა, ასევე, რამდენიმე პირის, მათ შორის, ნინო ლომჯარიას, მაია კოპალეიშვილის, ნიკა სიმონიშვილის, გვანცა წულუკიძის დაკითხვის შუამდგომლობა დააყენა, რომელთაც ნიკა გვარამიას საქმეზე მოსაზრება/დასკვნა/შეფასება აქვთ დაწერილი.

აღნიშნულ შუამდგომლობებს ბრალდების მხარე არ დაეთანხმა. როგორც პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განმარტა, აღნიშნული დოკუმენტები სასამართლო განაჩენის სამართლებრივი ანალიზია, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით არ წარმოადგენს მტკიცებულებას.

დაცვის მხარის შუამდგომლობები თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

კოლეგიის თავმჯდომარის, მერაბ ჯორბენაძის განმარტებით, დაცვის შუამდგომლობიდან მხოლოდ ერთი - გვანცა წულუკიძის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის დაშვებისა და მისი დაკითხვის ნაწილში დაკმაყოფილდა.

„მივედით დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ ნაწილობრივ. დოკუმენტი მტკიცებულებაა, თუ ის შეიცავს სისხლის სამართლის საქმეს ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დასადგენად საჭირო ცნობას. განაჩენი შეფასებულია საია-ს, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს", მაია კოპალეიშვილისა და სახალხო დამცველის დასკვნებში, მოცემულ შემთხვევაში სამართლებრივი შეფასებები შესაძლებელია მხარეთა მიერ იყოს წარმოდგენილი სასამართლოში, რომ მიაწოდონ სასამართლოს მათი შეხედულებები. რაც შეეხება აღნიშნული დოკუმენტის მტკიცებულებით ძალას და მისი გამცემი პირების დაკითხვას, აღნიშნული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის 23-ე პუნქტით გათვალისწინებულ მტკიცებულების განმარტებაში არ ჯდება, შესაბამისად არ წარმოადგენს მტკიცებულებას, რომ მის დასაშვებობაზე იმსჯელოს სასამართლომ. მხარეებს რა თქმა უნდა, უფლება აქვთ ნებისმიერი შეფასება, მათ შორის განაჩენის კანონიერებასთან წარმოადგინონ, ასევე წარმოადგინონ სხვა პირების დასკვნები ან შეფასებები, რომელიც სასამართლოს შეფასების საგანი გახდება.

დაცვის მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა მხოლოდ "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" დირექტორის გვანცა წულუკიძის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის დაშვების და აღნიშნული პირის დასაკითხ პირთა სიაში დამტკიცების ნაწილში. სხვა ნაწილში, მხარეებს შეუძლიათ წარმოადგინონ მოსაზრებები, რომელიც გახდება პალატის მსჯელობის საგანი",- განაცხადა ჯორბენაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა