ანრი ოხანაშვილი - ყველა სამართლებრივ ნიუანსზე საგამოძიებო ორგანოსთან ვისაუბრებ, ვატო წერეთლის მხრიდან უბინძურესი პროვოკაცია განხორციელდა, რაც სავარაუდოდ, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და შესაბამისი რეაგირება უნდა მოხდეს

მეც და ჩემი კოლეგებიც მზად ვართ, გამოძიებასთან ვითანამშრომლოთ - გამოძიება უნდა დაიწყოს ყველაფერზე, რასაც პროკურატურა საჭიროდ ჩათვლის, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა მასაა და “ტვ პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთელს შორის აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ის ყველა სამართლებრივ ნიუანსზე საგამოძიებო ორგანოსთან ისაუბრებს.

ოხანაშვილი კვლავ ამტკიცებს, რომ ვატო წერეთლის მხრიდან “უბინძურესი პროვოკაცია განხორციელდა, რაც სავარაუდოდ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს“.

„მე ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან და პარტნიორებთან არაერთი კომუნიკაცია მქონდა, მათ შორის ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემი პოზიცია საჯაროა, რომ ადგილი ჰქონდა უბინძურეს პროვოკაციას უმძიმესი შეურაცხყოფით, რომელიც სავარაუდოდ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ყველაფერი ასახულია კამერებზე, ყველაფერი დაინახა იქ მყოფმა ხალხმა. ტყუილების კასკადია, რაც ამ ადამიანმა იკადრა, რომ თითქოს ის ჩემთან არ მოსულა, თითქოს მანამდე ხელი ჩამომართვა და მომიკითხა, თითქოს მივედი და ფიზიკურად გავუსწორდი. იმედი მაქვს, ყველაფერი გასაჯაროვდება და დღის შუქზე გამოვა.

ყველა სამართლებრივ ნიუანსზე საგამოძიებო ორგანოსთან ვისაუბრებ, ამ ადამიანის მხრიდან უბინძურესი პროვოკაცია განხორციელდა, რაც სავარაუდოდ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასზე შესაბამისი რეაგირება უნდა მოხდეს.

ჩემი ქმედება სრულად ჯდება იმ სამართლებრივ ჩარჩოში, რომელიც ნებადართული იყო, რომ პროპორციულად განხორციელებულიყო - ყველა ნაბიჯი, ყველა ჩემი ქმედება იმ სამართლებრივ ჩარჩოშია, რომელიც ლეგიტიმურად მე, როგორ სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირს, მქონდა. მქონდა თმენის ვალდებულება იქამდე, სადამდეც თმენის ვალდებულება იმ ზღვარს გადავიდა, რასაც დანაშაულის ნიშნები და კონკრეტული საფრთხე ჰქვია.

ყველაფერი ასახულია კამერებზე და ყველაფერი დანახულია არაერთი პირის მიერ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

„ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ცნობისთვის, “ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, მას “ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვატო წერეთლის განცხადებით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა მიაყენა, ინციდენტში ასევე მონაწილეობდნენ, "ქართული ოცნების" სხვა წევრები.

თავად ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ვატო წერეთლის მხრიდან “უბინძურეს პროვოკაციას“ ჰქონდა ადგილი და „მიიღო ის პასუხი, რასაც იმსახურებდა“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს