ირაკლი კობახიძე - ნული მტკიცებულებაა, რომ ივანიშვილს პოლიტიკაზე და  მედიაზე რაიმე გავლენა აქვს, ის ოლიგარქად ვერ ჩაითვლება - ხელისუფლების მხარდამჭერების მხარეს ასეთი პირები ნაკლებად მოიძებნებიან, ოპოზიციის მხარეს არაერთია

ნული მტკიცებულება არის იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაზე, მედიაზე რაიმე გავლენა აქვს და შესაბამისად, ის ოლიგარქად ვერ ჩაითვლება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მმართველი გუნდის თავმჯდომარის თქმით, ოლიგარქის დეფინიცია ოთხი კრიტერიუმით არის დადგენილი: ფინანსური რესურსი, პოლიტიკაზე გავლენა, მედიაზე გავლენა და ეკონომიკის კონკრეტულ სფეროში მონოპოლიური მდგომარეობა.

მისი თქმით, საქართველოში დეოლიგარქიზაციის კანონის მიღების შემთხვევაში, თუკი პირი ამ ოთხიდან სამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, ის ოლიგარქად ჩაითვლება და მასზე გარკვეული შეზღუდვები და რეგულაციები გავრცელდება.

„არის კანონპროექტი, რომელიც უკრაინაში მიღეს და უკვე ამოქმედებულიც არის. ჩვენ ეს კანონი ვთარგმნეთ. პარლამენტმა ამ კანონის თარგმნა უზრუნველყო და შეიძლება, რომ ამ კანონის საფუძველზე იმ სამუშაო ჯგუფში მსჯელობა დაიწყოს, რომელიც არის შექმნილი. ვნახოთ, სადამდე მივა ეს პროცესი, ამ კანონის მიღებასთან და საქართველოს რეალობაზე ადაპტირებასთან დაკავშირებით პოზიციები თუ შეჯერდება. ჩვენ ამ დისკუსიისთვის ბუნებრივია, მზად ვართ “, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე თუ ვის შეეხება დეოლიგარქიზაციის კანონი ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ ესენი არიან: დავით კეზერაშვილი, მიხეილ სააკაშვილი და მისი ოჯახის წევრები, ასევე ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე.

„ჩვენ თუ გადავხედავთ ჩვენს სპექტრს ხელისუფლების მხარდამჭერების მხარეს, ასეთი პირები ნაკლებად მოიძებნებიან, მაგრამ ოპოზიციის მხარეს არა ერთი პირი არის, რომელიც ამ ოთხიდან სამს მინიმუმ აკმაყოფილებს. შესაბამისად, მათზე ბუნებრივია, შეიძლება ოლიგარქიის შესახებ კანონი და შესაბამისი შეზღუდვები და რეგულაციები გავრცელდეს. პირველი შეიძლება გავიხსენოთ კეზერაშვილი, რომელიც ცალსახად ზღვარზე მეტ ფულს ფლობს, მას აქვს გავლენა პოლიტიკაზეც და მედიაზეც, შესაბამისად, ის ცალსახად ოლიგარქის ცნების ქვეშ ხვდება. ასევე სააკაშვილი, მისი ოჯახი - ისინი არიან ოლიგარქები. მათ აქვთ ფინანსური რესურსები, მედიაზე და პოლიტიკაზე პირდაპირი გავლენა. იგივე ეხება ხაზარაძე-ჯაფარიძეს. არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებსაც ამ ყველაფერთან გამოკვეთილი კავშირები აქვთ და შესაბამისად, ოლიგარქის დეფინიციას აკმაყოფილებენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მმართველი გუნდის თავმჯდომარის თქმით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკასა და მედიაზე გავლენები აქ აქვს და ის ოლიგარქად ვერ ჩაითვლება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს