მიხეილ სარჯველაძე - ტყუილია, რომ დეოლიგარქიზაციაზე უკრაინული კანონის კოპირებას ვგეგმავთ - ამ კანონზე დაყრდნობით, შეიძლება საყურადღებო, მნიშვნელოვანი და კარგი იქნას ნაპოვნი

ტყუილია, რომ დეოლიგარქიზაციაზე უკრაინული კანონის კოპირებას ვგეგმავთ, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა არასამთავრობო სექტორის კრიტიკას, რომ უკრაინული კანონის კოპირება დეოლიგარქიზაციისთვის გამოსავალი არ არის.

თუმცა, სარჯველაძე აცხადებს, რომ უკრაინული კანონის გაცნობის შედეგად, შესაძლოა, რაიმე საყურადღებო იქნას ნაპოვნი.

"დეოლიგარქიზაციის მიმართულებით მარტივად დგას საკითხი, სამ ქვეყანას მისცეს ეს რეკომენდაცია. უკრაინა განსხვავდება ერთი რამით, რომ მას ეს კანონი მიღებული აქვს, მათ მიმართ რეკომენდაცია იყო, რომ მიღებული კანონის იმპლემენტაცია მოხდეს. ე.ი. მყარი ნიადაგი აქვს ვარაუდს, რომ ამ კანონის გაცნობა მაინც მოხდეს, ამ კანონზე დაყრდნობით, შეიძლება საყურადღებო, მნიშვნელოვანი და კარგი იქნას ნაპოვნი და ამის შემდეგ იქნას მიღებული ან არმიღებული.

მაბრალებს ვიღაც, რომ დაგეგმილია ამის ( უკრაინული კანონის) კოპირება, ტყუილია ეს",- განაცხადა სარჯველაძემ.

ამასთან, მან დღეს პარლამენტში არასამთავრობო სექტორთან გამართული შეხვედრა ნაყოფიერად შეაფასა და აღნიშნა, რომ არასამთავრობო სექტორის ჩართულობა, მათ შორის, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების ნაწილია.

"ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა იყო, ყველა საკითხს უნდა ახლდეს სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობა, მათი ჩართულობის უზრუნველყოფა, ეს ამ რეკომენდაციების ერთ-ერთ პუნქტსაც წარმოადგენს. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია თანამშრომლობის ფორმატებზე მეტი ყურადღების გამახვილება, ინსტრუმენტების გამართვა, რომ რაც შეიძლება სრულფასოვანი იყოს ინკლუზიურობის ხარისხი, რაც კარგი წინაპირობაა სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად.

რაც შეეხება დეტალებს ცალკეულ საკითხებზე, ასეთი ამ ეტაპზე არც გამოკვეთილა, რაზეც შეიძლება ხაზი გამესვა, როგორც რეზულტატზე. მთავარია ინკლუზიურობის ხარისხი არის გაზრდილი, ნაყოფიერი და ეს პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს",- განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, არასამთავრობო სექტორის ნაწილმა დღეს პარლამენტში ევროკომისიის რეკომენდაციებთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამოთქვა მოსაზრება, რომ დეოლიგარქიზაციის კანონის უკრაინული ვარიანტის კოპირება არ შეიძლება. "სოციალური სამართლიანობის წარმომადგენლის" გურამ იმნაძის განცხადებით, ამ კანონის მიღების აუცილებლობა არ დგას და დანარჩენი პუნქტების შესრულებითაც შესაძლოა, გახდეს მიღწევადი დეოლიგარქიზაცია. საია- ს ხელმძღვანელმა ნიკა სიმონიშვილმა კი აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როცა ინსტიტუციების დამოუკიდებლობის პრობლემა დგას, დეოლიგარქიზაციის კანონი შესაძლოა, პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის იქნას გამოყენებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა