პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება სამარცხვინოა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის „ქართული ოცნების“ სტილში გაკეთებული შეფასება, რომელიც ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას მხოლოდ აზიანებს.
„კობახიძისგან განსხვავებით, კარლ ჰარცელი არის კეთილსინდისიერი დიპლომატი, ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი. კარლ ჰარცელმა ძალიან ბევრი გააკეთა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობის გაღრმავებისთვის. კობახიძის შეფასება კარლ ჰარცელის მიმართ არის სამარცხვინო და „ქართული ოცნების“ სტილში გაკეთებული შეფასება, რომელიც ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას მხოლოდ აზიანებს და კიდევ ერთხელ აჩვენებს „ქართული ოცნებისა“ და მისი ლიდერების სახეს“,-განაცხადა ჯაფარიძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან მსგავსი განცხადებები ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ ქვეყანა ევროპულ ოჯახს დააშორონ.
„ანტიევროპული და ანტიამერიკული განცხადებები, რომელიც ჩვენ ახლა კობახიძისგან და მისი თანაპარტიელებისგან გვესმის, ემსახურება ერთ მიზანს, რომ ქვეყანა დააშორონ ევროპულ ოჯახს, დასავლურ სამყაროს და შეაფერხონ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ეს არის მათი მიზანი და ამას ემსახურება სწორედ ეს აღვირახსნილი თავდასხმა აშშ-ის ელჩზე, ევროკავშირის ელჩზე, ევროპარლამენტის წევრებზე. ეს არის „ქართული ოცნების“ რეალური გეგმა “,- განაცხადა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის მუშაობა შეაფასა და განაცხადა, რომ ის „მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში“. ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ მომავალი ელჩი „განსხვავებულად იმოქმედებს“.