ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების მიზნით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა პირველი საორგანიზაციო სხდომა გამართა

ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების მიზნით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა პირველი საორგანიზაციო სხდომა გამართა.

აღნიშნული ჯგუფი “ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გეგმის ფარგლებში შეიქმნა.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ ჯგუფის წევრებს მუშაობის სპეციფიკა და პროცედურები გააცნო. მისი განცხადებით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა საკმაოდ მოცულობითი მიმართულებაა და მის წინააღმდეგ კომპლექსური მიდგომები უნდა მომზადდეს.

რაც შეეხება სამუშაო ჯგუფის სამომავლო საქმიანობას, ირაკლი ბერაიას ინფორმაციით, მომზადდება სპეციალური კითხვარი, სადაც ასახული იქნება დღეისათვის არსებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური გარემო, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმები, საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა, პრაქტიკული გამოცდილება, არსებული გამოწვევები და ის ხარვეზები, რომლებიც დახვეწას და შესაბამის ცვლილებებს საჭიროებს.

“ჩვენი დღევანდელი შეხვედრის ამოცანაა შევთანხმდეთ სამუშაო პროცესზე, ვადებზე, ასევე იმ მიმართულებებზე, რომელსაც შევეხებით შეფასების და წინადადებების მომზადების პროცესში. ევროკავშირის რეკომენდაცია პირდაპირ ამბობს, რომ უნდა გაძლიერდეს ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, რომელიც დაეფუძნება საფრთხეების დეტალურ შეფასებას, ასევე მკაცრ საგამოძიებო მოქმედებებს, ეფექტიან გამოძიებას, სისხლის სამართლებრივ დევნას, ისევე როგორც სანდო სტატისტიკის წარმოებას, როგორც ბრალდებების ასევე მსჯავრდებების საბოლოო გადაწყვეტილების კუთხით. ასევე საუბარია სამართალდამცავი უწყებების ანგარიშვალდებულების და ზედამხედველობის უზრუნველყოფაზე. მუშაობის პროცესში საინტერესო იქნება სამოქალაქო საზოგადოების პოზიციების მოსმენა, თუ რა ხარვეზებს ხედავენ ისინი ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში და რა გამოწვევებს. ორგანიზებული დანაშაულის ბრძოლის შემდეგი გაძლიერების მიზნით არსებული ვითარების დეტალური შეფასება და ამის შემდეგ, შესაბამისი დასკვნის გაკეთებაა საჭირო, რათა კონკრეტული ნაბიჯები განვსაზღვროთ“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, კითხვარის მომზადების შემდეგ, სამუშაო ჯგუფის წევრებს 2-კვირიანი ვადა მიეცემათ, რათა წარმოადგინონ მოსაზრებები და ინფორმაცია, რომლებიც მათ სამსახურებრივ კომპეტენციას განეკუთვნება. სამუშაო შეხვედრები კი პერიოდულად, თემატური სფეროების მიხედვით გაიმართება.

სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში უმრავლესობის წევრებსა და ოპოზიციის ნაწილთან ერთად, იუსტიციის, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროს, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მონიტორინგის სამსახურის, ეროვნული უსაფრთხოები საბჭოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შედიან.

სამუშაო ჯგუფი, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაციის შესრულების მიზნით შეიქმნა, მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე იმუშავებს.

ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2022
ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს
უკრაინულმა კრიპტოვალუტის ბირჟამ WhiteBIT საკუთარი ტოკენის გაშვების შესახებ გამოაცხადა
ბაზისბანკის ფინანსური ჩართულობით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსის ფინალური შეხვედრა გაიმართა