ვალერი ჩეჩელაშვილი ჰარცელთან დაკავშირებით კობახიძის განცხადებაზე - დიპლომატიურს კი არა, ჩვეულებრივ ადამიანებს შორის ურთიერთობების ლექსიკონსაც სცილდება - ადამიანი მიდის და წიხლის მიყოლება არანაირად გამართლებული არ არის

დიპლომატიურ ლექსიკონს კი არა, ჩვეულებრივ ადამიანებს შორის ურთიერთობების ლექსიკონსაც სცილდება. მით უმეტეს, ადამიანი მიდის ქვეყნიდან და ახლა წიხლის მიყოლება არანაირად გამართლებული არ არის, - ასე აფასებს საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში ვალერი ჩეჩელაშვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან დაკავშირებით.

როგორც ჩეჩელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, დღეს, როდესაც საქართველომ უნდა გამოიყენოს ნებისმიერი შესაძლებლობა, რათა ევროპას დაუახლოვდეს და არ დაკარგოს კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი, ასეთი ქმედება აბსოლუტურად გაუმართლებელი, კონტრპროდუქტიული და მავნეა.

„ალბათ, ბატონი კარლ ჰარცელის მოქმედებაზე და მის მიერ აქ გაკეთებულ საქმეებზე იმსჯელებს ევროკომისია და არა მგონია, რომ ევროკომისიამ გაიზიაროს ირაკლი კობახიძის მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ ბატონი კარლი არის ძალიან გაწონასწორებული, ძალიან ევროპელი დიპლომატი თავისი მოქმედებით, უნარებით, რომ გამოძებნოს საერთო ენა პრაქტიკულად ყველა ოპონენტთან. მე არ ვიცი რატომ ფიქრობს ასე ირაკლი კობახიძე, მაგრამ დიპლომატიურ ლექსიკონს კი არა, ჩვეულებრივ ადამიანებს შორის ურთიერთობების ლექსიკონსაც სცილდება. მით უმეტეს, ადამიანი მიდის ქვეყნიდან და ახლა წიხლის მიყოლება არანაირად გამართლებული არ არის. პირველ რიგში, ეს არ არის კარგი ბატონი ირაკლისთვის, მისი ავტორიტეტისა და რეპუტაციისთვის ევროპელების თვალში. ეს არ არის მოქმედების ევროპული სტანდარტები და კრიტერიუმები. და დღეს, როდესაც ასე გვჭირდება ევროპასთან ურთიერთობა და ნებისმიერი შესაძლებლობით უნდა ვისარგებლოთ, რათა ევროპას დავუახლოვდეთ და საბოლოოდ არ დავკარგოთ შანსი კანდიდატის სტატუსის მიღების ამ წლის ბოლოს, ასეთი ქმედება აბსოლუტურად გაუმართლებელი, კონტრპროდუქტიული და მავნე გამოსვლა და ლექსიკონია“, - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის მუშაობა შეაფასა და განაცხადა, რომ ის „მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში“. ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ მომავალი ელჩი „განსხვავებულად იმოქმედებს“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო