უნდა ვაიძულოთ „ქართული ოცნება" 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებული პროცესი გახადოს ინკლუზიური - პროცესში მონაწილეობაზე მე კატეგორიულ უარს არ ვაცხადებ, მაგრამ დღეს შექმნილი ვითარებით, არ ვთვლი, რომ მასში მონაწილეობა შედეგს მოიტანს, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებთან ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, რეფორმების ჯგუფში სხვადასხვა პოზიციები არსებობს და თავად "რესპუბლიკური პარტიის" სახელით საუბრობს.
"მნიშვნელოვანია, რომ ამ ისტორიულ პროცესში გვეხმარებიან და გვერდში უდგას ქვეყანას პარტნიორები ევროპარლამენტარების სახით და ეს ვიზიტიც ამის მაჩვენებელია. ისინი ამით კიდევ ერთხელ უდასტურებენ ქვეყანას მხარდაჭერას, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. შეკითხვები აქვთ რა შეიძლება მათ გააკეთონ ჩვენთვის, პოლიტიკოსებისთვის, ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომ ქვეყანამ სწრაფად მიიღოს სტატუსი. ვილაპარაკეთ პრობლემებზე, გავაცანით ჩვენი მოთხოვნა რიგგარეშე სესიაზე, რომელიც უარყო პროცედურების სრული დარღვევით "ქართულმა ოცნებამ", ამის მიუხედავად ჩემი პოზიცია არაერთხელ განმიცხადებია, რომ არ უნდა შევწყვიტოთ ცდა და ვაიძულოთ "ქართული ოცნება" 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით პროცესი გახადოს ინკლუზიური. ჩემი პოზიციაა, რომ ამ პროცესში მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ პროცესი ინკლუზიური გახდეს. დავინახოთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" კონკრეტული ნაბიჯები გადადგა და არსებობს მოტივაცია, რომ პროცესი შინაარსით იყოს დატვირთული და არა მარტო ფორმალური და ტექნიკური საკითხებით და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. მე კატეგორიულად უარს არ ვაცხადებ მონაწილეობაზე, მაგრამ დღეს შექმნილი ვითარებით და იმ განცხადებებით, რაც "ქართული ოცნებისგან" ისმის, არ ვთვლი, რომ მასში მონაწილეობა შედეგს მოიტანს",- განაცხადა სამნიძემ.
კითხვაზე, რა უნდა გააკეთოს "ქართულმა ოცნებამ", რომ პროცესში ჩაერთოს, სამნიძე პასუხობს, რომ "მინიმუმ ანტიდასავლური განცხადებები შეწყვიტოს და ესაუბროს თითოეულ დეპუტატს".
მისივე შეფასებით, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის შეფასებები ევროკავშირის ელჩზე, რომელიც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მუშაობდა, სამარცხვინოა და სახიფათოა ქვეყნის იმიჯისთვის, როცა ასეთი განცხადებები ისმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისგან.