ლევან იოსელიანი - ნედ პრაისის მიერ გაკეთებული განცხადება აშშ-ს მიერ საქართველოსთვის „ყვითელი ბარათის“ ჩვენებას ჰგავს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, პარტია „მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოში საკუთარი ელჩის ხელისუფლებისგან დაცვა დასჭირდა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ აღნიშნა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის, ნედ პრაისის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები, „ყვითელი ბარათის“ ჩვენებას ჰგავს.

„სათამაშო მოედანზე ფეხბურთელს რომ ყვითელ ბარათს ამოუღებენ ხოლმე, დაახლოებით, ამ სიტუაციასთან გვაქვს საქმე. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ნამდვილად პირველი შემთხვევაა, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტს საკუთარი ელჩის საქართველოში დაცვა მოუწია და ნუ დაგვავიწყდება, რომელ ქვეყანაზეა საუბარი - ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რომელმაც კოლოსალური ძალისხმევა გაიღო, უამრავი ფული დახარჯა იმისათვის, რომ საქართველოში დღეს ის დემოკრატიული სტანდარტი ყოფილიყო, როგორიც არის - არშემდგარი, მაგრამ მაინც, თავისი დემოკრატიის ხარისხით რეგიონში გამორჩეულია,“ - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს და და ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს მხარდაჭერას უცხადებს და მათ გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის.

„მათ ძალიან დიდი ძალისხმევა გაიღეს იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კრიზისი დაძლეულიყო,“ - აღნიშნა იოსელიანმა.

მან გადაცემა „ნიუსრუმში“ ასევე, პარლამენტში, ევროპარლამენტარებისა და ოპოზიციის შეხვედრის შესახებაც ისაუბრა.

„არაფერზე საუბარი არ ყოფილა, გარდა იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროცესში მონაწილეობა, ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რომ ოპოზიციის მოთხოვნებს ასე ხისტად კარი არ მიუჯახუნოს - რიგგარეშე სესიის მოწვევა იქნება თუ სხვა საკითხები. ასე რომ, ყველაფერს მოქნილი მიდგომა სჭირდება და ალბათ, ეს საუბარი მათთანაც ექნებოდათ ან ექნებათ“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ნედ პრაისმა გუშინ ბრიფინგი საქართველოზე საუბრით გახსნა. მისი თქმით, დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები აშშ-ის ელჩ კელი დეგნანზე და მის გუნდზე არ შეესაბამება პარტნიორებს შორის არსებულ კომუნიკაციას. მისივე განცხადებით, აშშ მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, თუმცა, ზოგიერთი ქართველი ოფიციალური პირის რიტორიკა მოსახლეობის ამ მიზნიდან ყურადღების გადატანას ემსახურება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს