ლევან ხაბეიშვილი - ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სანქციების გვერდის ავლით, საქართველოში მოხვდეს რუსული სანქცირებული ნავთობი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში სანქციების გვერდის ავლით, რუსული, სანქცირებული ნავთობი შემოვიდეს.

ხაბეიშვილის განმარტებით, ამ სქემაში აქტიურად არის ჩართული ვანო ჩხარტიშვილიც.

„იმ ფონზე, როცა უკიდურესად იზრდება საქართველოში საწვავის ფასი, იმ ფონზე, როცა უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს უწევთ ისტორიულად ძვირი ფასის გადახდა საწვავში, ვგულისხმობ, ბენზინს, დიზელს, გუშინ კიდევ ერთი ფაქტი ვნახეთ, როცა საქართველოს ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, სანქციების გვერდის ავლით, საქართველოში მოხვდეს რუსული სანქცირებული ნავთობი. გუშინ, ეს „გალფმა“ ფაქტობრივად დაადასტურა და თქვა, დიახ, „როსნეფტის“ სანქცირებული ნავთობი შემოაქვთ საქართველოში და ეს ნიშნავს რუსულ ეკონომიკაში ჩასხმულ თანხებს, ანუ ჩვენი ოკუპაციის, ჩვენი ტერიტორიების დაკარგვის, მცოცავი ოკუპაციის გაძლიერებას, უკრაინელი ხალხის, ჩვენი დების, ძმების მკვლელობაში თანამონაწილეობას და ამ ყველაფერს აკეთებს საქართველოს ხელისუფლება.

ამ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ, დღეს უკვე უკრაინის მთავრობას მიღებული აქვს გადაწყვეტილება და მაქვს დოკუმენტაცია, რომელიც ამას ადასტურებს, რომ „პეტროკასი“, რომელიც აქამდე „როსნეფტიდან“ ნავთობს ყიდულობდა, დღეს უკვე დასასანქცირებელთა სიაშია და „პანდორას ყუთი“ გახსნილია...

მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, „გალფის“ მთავარი პატრონი საქართველოში არის ბატონი ლილუაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, რომელმაც თავის დროზე, ბატონი ვლადიმერ ხუნდაძე დანიშნა ფინანსთა სამინისტროში, რომელიც საბაჟოზე ამ ტვირთების გატარება-არ გატარების საკითხს კურირებს. მნიშვნელოვანია, ფოთის პორტში, ერთი ფეოდალი კაცი - ბიძინა ივანიშვილის მთავარი საყრდენი, ვანო ჩხარტიშვილის ინტერესები, რომელიც ასევე უზრუნველყოფს ფოთის პორტში მსგავსი ტვირთების მიღებას, გატარებას და ამ კრიმინალური საქმიანობის განხორციელებას. შესაბამისად, „გალფის“ გარდა, ცხადია, ის არ არის ერთადერთი შემომტანი რუსული ნავთობის, სანქცირებული ნავთობის საქართველოში შემომტანი.

უახლოეს პერიოდში, ამ თემებთან დაკავშირებით გვექნება კონკრეტული კვლევები და მტკიცებულებები, რაც დამატებით უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენმა პარტნიორებმა, მათ შორის აშშ-მა, ევროკაშირმა, მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილებები, როგორც კონკრეტული კომპანიების, ასევე კონკრეტული ადამიანების დასანქცირებისთვის“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა