ლევან ბეჟაშვილი - საკონსტიტუციო ცვლილებები არის ის დასაწყისი, რომელიც განაპირობებს ყველა ტიპის თანამშრომლობას ყველა დონეზე

საკონსტიტუციო ცვლილებები არის ის დასაწყისი, რომელიც განაპირობებს ყველა ტიპის თანამშრომლობას ყველა დონეზე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წვერმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტარები შეშფოთებული არიან „ქართული ოცნების“ მხრიდან ანტიდასავლური კამპანიით.

„ევროპარლამენტარებმა გამოთქვეს შეშფოთება იმ ანტიდასავლურ კამპანიასთან დაკავშირებით, რომელსაც „ქართული ოცნება“ აჩაღებს ჩვენი ევროპარტნიორების მიმართ, ამავდროულად, მოუწოდეს და მათ შორის, ოპოზიციასაც მოუწოდეს, მონაწილეობა მივიღოთ ყველა შესაძლო ფორმატში, რომელიც საშუალებას მოგვცემს, „ქართული ოცნება“ ვაიძულოთ, შეასრულოს 12-პუნქტიანი გეგმა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეს თანამშრომლობა შედგეს ინსტიტუციონალიზებულ ფორმატებში, როგორიც არის საკომიტეტო საქმიანობა და რიგგარეშე სესიები. იმავდროულად, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა აჩვენოს თავისუფალი ძალისხმევა, რომ ისინი მზად არიან განხილვებში მონაწილეობა მიიღონ, დაუთმონ ოპოზიციას, განსაკუთრებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებაში. ბევრი პატარა ოპოზიციური პარტიისათვის ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ვფიქრობ, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, „ქართულ ოცნებას“ საშუალება არ მივცეთ, რომ ისევ ოპოზიციისკენ გამოიშვიროს ხელი. საკონსტიტუციო ცვლილებები არის ის დასაწყისი, რომელიც განაპირობებს ყველა ტიპის თანამშრომლობას ყველა დონეზე“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

მისივე განმარტებით, „ქართული ოცნება“ მხოლოდ პარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობს, განსაკუთრებით, პარტნიორებთან ურთიერთობაში.

„სამწუხაროა, რომ დღეს ხელისუფლებაში ისეთი თანამდებობის პირები არიან, რომლებიც ვერ ასხვავებენ სახელმწიფო თანამდებობის პირისგან საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციების ლანძღვას და თუნდაც, ჟურნალისტის, ან ოპოზიციონერის კრიტიკულ განცხადებას. ვერ ასხვავებენ, რომ ისინი სახელმწიფოს პოზიციას წარმოადგენენ, ისინი წარმოადგენენ არა მათი პოლიტიკური პარტიის ინტერესებს და ივანიშვილის ინტერესებს, არამედ, ქართველი ხალხის ინტერესებს უნდა წარმოადგენდნენ. შესაბამისად, მათი განცხადება დაბალანსებული უნდა იყოს. სამწუხაროა, რომ მათ ელემენტარული პოლიტიკური ამნეზია აქვთ, რა განცხადებას აკეთებდა ღარიბაშვილი, კობახიძე და სხვები, ეს განცხადებები არ ახსოვთ და დღეს, აბსოლუტურად სულ სხვა ნოტაზე არიან მას შემდეგ, რაც ძალიან მკაცრი მითითება და განცხადება მოისმინეს სახელმწიფო დეპარტამენტისგან. ნედ პრაისის განცხადება იყო ნათელი გზავნილი საქართველოს მოსახლეობისათვის, რომ ეს ხელისუფლება არ წარმოადგენს ქართველი ხალხის სახელმწიფოს საუკეთესო და ეროვნულ ინტერესებს.

ეს ხალხი მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს წარმოადგენს, პარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობენ, განსაკუთრებით, პარტნიორებთან ურთიერთობაში. ამიტომ, საზოგადოებისათვის ეს გზავნილი უნდა იყოს სახელმძღვანელო იმისათვის, რომ ჩვენ ყველაფერი შევძლოთ - პოლიტიკურმა პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საზოგადოებამ, რომ შევძლოთ ერთიანი ძალისხმევით, ერთიანი ზეწოლით „ქართული ოცნების“ კანონიერი გზებით ხელისუფლებიდან ჩამოშორება“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა