გიორგი კალანდარიშვილი - ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევ კონკურსში განაცხადის გაკეთებას ვაპირებ - მაქვს პოზიტიური მოლოდინები, რომ ვიქნები იმ ორ კანდიდატს შორის, რომლის გადაგზავნაც პრეზიდენტის მიერ  მოხდება პარლამენტში

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ის ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას მესამედაც აპირებს.

ამის შესახებ კალანდარიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

როგორც კალანდარიშვილმა აღნიშნა, აპირებს, მიმართოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შექმნილ საკონკურსო კომისიას და განმარტა მიზეზები, რის გამოც კონკურსში მონაწილეობას მიიღებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ მიმიმართავს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შექმნილი საკონკურსო კომისიისთვის განაცხადით, რა თქმა უნდა, გიდასტურებთ, რომ ვაპირებ განაცხადის გაკეთებას. ვფიქრობ, რომ ეს აბსოლუტურად ბუნებრივი და ლოგიკურია იქიდან გამომდინარე, რომ ერთწლიანი წარმატებული საქმიანობა [მაქვს]. განსხვავებით პირველ და მეორე კონკურსში მონაწილეობისა, მაშინ, როდესაც ჩემს ზურგს უკან იყო ძალიან დიდი გამოცდილება, კვალიფიკაცია და გარკვეული კრიტერიუმები, რომელმაც მომცა ამბიცია და შესაძლებლობა კონკურსში მონაწილეობა მიმეღო, დღეს უკვე ამ წინაპირობებს დამატებულია ის ერთწლიანი გამოცდილება თავმჯდომარის პოზიციაზე საქმიანობის, რომელიც არა მხოლოდ ჩემი შეფასებით, იყო საკმაოდ წარმატებული. ჩვენ ამ ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროექტები და საქმიანობები განვახორციელეთ იმისთვის, რომ რამდენიმე სტრატეგიული მიმართულებით ხელი შეგვეწყო საარჩევნო ადმინისტრაციის გაძლიერებისთვის. ორივე უფლებამოსილების ვადის პერიოდში მე ვაჩვენე დამოუკიდებლობის მაღალი სტანდარტი. დამოუკიდებლობა იზომება გადაწყვეტილებებით, ქმედებებით, აქტივობებით და ა.შ. შესაბამისად, დღესდღეობით არ არსებობს არცერთი კითხვის ნიშანი ჩემს და ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა დამოუკიდებლობას, მიკერძოებულობას, გავლენების ქვეშ ყოფნას და ა.შ. შესაბამისად, საუბარი უნდობლობაზე შეიძლება იყოს სხვადასხვა დაინტერესებული პირების დღის წესრიგის საგანი. მინდა ვთქვა, რომ აბსოლუტურად ღირსეული კანდიდატი ვიქნები იქიდან გამომდინარე, რომ დღეს უკვე განსხვავებით სხვა წინა კონკურსებისა, ჩემ კვალიფიკაციასთან და პროფესიონალიზმთან არ არის. ამას დამატებულია დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის მაღალი ხარისხი. ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში უზრუნველვყავი მაღალი ინკლუზიურობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობის, რაც განპირობებულია მრავალფეროვანი პოლიტიკური წარმომადგენლობით საარჩევნო კომისიაში“, - განაცხადა კალანდარიშვილმა და დასძინა: „ჩემი მიზანი არ არის 6-თვიანი თავმჯდომარეობა“.

კალანდარიშვილი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

„იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი მიზნები და ამბიციები აბსოლუტურად ჯანსაღია ძალიან პოზიტიური მოლოდინი მაქვს, რომ როგორც კონკურსის პირველი ეტაპი გადაილახება წარმატებით, ასევე წარმატებით გადაილახება პრეზიდენტის მიერ პარლამენტში გაგზავნის ეტაპიც და შემდეგ უკვე საკანონმდებლო ორგანოშიც მრავალპარტიული მხარდაჭერის მოლოდინები მაქვს. ეს მოლოდინები არ არის რეალობიდან აცდენილი, რადგან ის ეფუძნება წინაპირობებს და საჭირო გარემოებებს, რომელიც საჭირო შეიძლება იყოს კონსენსუსური კანდიდატისთვის. უხერხულია იმაზე საუბარი, რას გადაწყვეტს პრეზიდენტი, მაგრამ მაქვს პოზიტიური მოლოდინები, რომ ვიქნები იმ ორ კანდიდატს შორის, რომელიც გადაგზავნაც განხორციელდება საკანონმდებლო ორგანოში“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს ორი წევრის თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი 13 ივლისს გამოაცხადა.

ცესკოს თავმჯდომარეს და ცესკოს ორი წევრს უფლებამოსილების 6-თვიანი ვადა მიმდინარე წლის აგვისტოში ეწურებათ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა გამოსცა განკარგულება ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრის ორ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის გამოცხადების და შესაბამისი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ. დაინტერესებულ პირებს საბუთების წარდგენა 26 ივლისის ჩათვლით შეუძლიათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა