პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი მისასალმებელი სიტყვით გახსნა.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ფესტივალის გახსნამდე, ელისო ბოლქვაძე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, არჩილ თალაკვაძესთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს შეხვდა, სადაც ღონისძიებასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.
„ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი დღეს უკვე მეცხრედ გაიხსნა, რომელიც იუნესკოს პატრონაჟის ქვეშაა, რაც ერთობ მნიშვნელოვანი მესიჯია. ბათუმი არის იუნესკოს კრეატიული ქალაქების ნუსხაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენთვის კულტურული ღირებულებების დაცვა მნიშვნელოვანია. ჩვენ ძალიან კარგი არტისტები გვყავს მოწვეული, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან. წინ ძალიან საინტერესო ცხრა დღე გველოდება", - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.
პარლამენტის ცნობითვე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში მიმდინარე ფესტივალი 31 ივლისამდე გაგრძელდება.