ილია დარჩიაშვილისა და გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტის, აბდულა შაჰიდის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს საგარეო უწყებაში საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილისა და გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტის, აბდულა შაჰიდის შეხვედრა გაიმართა, რომელიც საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

როგორც ილია დარჩიაშვილმა შეხვედრის შემდგომ განაცხადა, აღნიშნული ვიზიტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობისა და ორგანიზაციის მუშაობაში საქართველოს აქტიური ჩართულობის ნათელი დადასტურებაა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გართულებულ უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და რუსეთის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების აუცილებლობაზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოსა და ორგანიზაციის თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს, მათ შორის, მშვიდობისა და უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა დაცვის, მდგრადი განვითარების, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების, ახალგაზრდობის ჩართულობის ხელშეწყობის საკითხებს.

როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, საქართველო აქტიურად არის ჩართული გაეროს გენერალური ასამბლეის, ისევე როგორც ორგანიზაციის სხვადასხვა სტრუქტურის მუშაობაში. მათ შორის, მინისტრის თქმით, საქართველო მონაწილეობას იღებს სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროცესების თანაფასილიტაციის და თემატური რეზოლუციების ინიცირებისა და თანაავტორობის კუთხით.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან.

„გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს, მოინახულებს იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას სოფელ წეროვანში და ადგილზე გაეცნობა ოკუპაციის შედეგად შექმნილ ვითარებასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობას. ამასთან, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი ეწვევა იუსტიციის სახლს, სადაც გაეცნობა სახელმწიფო სერვისების მიწოდების მოქმედ მოდელს და იმ რეფორმებს, რომლებსაც საქართველო ახორციელებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივის ფარგლებში და რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში. აბდულა შაჰიდი ასევე მოინახულებს საქართველოში გაერო-ს ოფისს და შეხვედრებს გამართავს გაერო-ს პროგრამაში ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა