სერგო ჩიხლაძე - „ქართული ოცნება“ ამბობს, საკვანძო საკითხებს არ განიხილავს - რაზე დავსხდეთ სასაუბროდ, რომ ბატონ პაპუაშვილთან თვალები ვუპაჭუნოთ ერთმანეთს?

რატომ არ მივიღეთ „ქართული ოცნების“ ეს შემოთავაზება? „ქართულმა ოცნებამ“ წინასწარ განაცხადა და წინასწარ გაავლო ხაზები, რომ ძირითად 4 მიმართულებაზე არ ვიმუშავებთო, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც ჩიხლაძემ განმარტა, ევროპარლამენტარების მოწოდებაა, 12-ვე მიმართულებაზე მუშაობა და არა იმაზე, „რასაც „ქართული ოცნება“ საჭიროდ ჩათვლის“.

„ეს არ არის ალტერნატიული პროცესი, რადგან ალტერნატიული არის მე და თქვენ ერთ საკითხზე რომ ვიმუშაოთ. რატომ არ მივიღეთ „ქართული ოცნების“ ეს შემოთავაზება? „ქართულმა ოცნებამ“ წინასწარ განაცხადა და წინასწარ გაავლო ხაზები, რომ ძირითად 4 მიმართულებაზე არ ვიმუშავებთო. ევროპარლამენტარები, ევროკომისია მოგვიწოდებს 12-ვე მიმართულებაზე ვიმუშაოთ. მათ არსად უთქვამთ, „ქართული ოცნება“ რასაც საჭიროდ ჩათვლის, მხოლოდ იმაზე იმუშავეთო. რა თქვეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა? - დეოლიგარქიზაცია, რაც ყველაზე მტკივნეულია მათთვის, ამაზე არ ვიმუშავებთ, ან ვიმუშავებთ ისე, რომ ეს ბიძინა ივანიშვილს ეს არ შეეხებაო, რაც უკვე აბსურდია. სასამართლოზე თქვეს, სასამართლოში ყველაფერი წესრიგშიაო, უფრო მეტიც, ევროპულ და ევროკავშირის ქვეყნებს წინ ვუსწრებთო, ერთადერთი პრობლემა არსებობსო, ეს არის გადატვირთულობა და მოსამართლეთა რაოდენობის ნაკლებობა, თორემ დანარჩენი, ყველაფერი წესრიგშიაო, ანუ აქაც თქვეს, რომ ამ რეფორმებზე არ იმუშავებენ. დეპოლარიზაციაზე თქვეს, სადაც პირველ პუნქტში ნათლად არის ჩაწერილი, რომ 19 აპრილის შეთანხმებას უნდა მიყვეთ, 19 აპრილისას არაფერს შევასრულებთ, უფრო მეტიც, საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც მიღებულია სანახევროდ, ამასაც არ გავაკეთებთო. გამოდის, რომ 4 ძირითად, საკვანძო მიმართულებაზე, რომელიც დაგვისახა ევროკომისიამ, მათ თქვეს, რომ ამაზე არ იმუშავებენ... „სტრატეგია აღმაშენებელს“ თითქმის, ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს ევროპარლამენტარებთან, ისინი ამბობენ, რომ 12-ვე პუნქტზე უნდა იყოს მუშაობა, ჩვენ ხომ არ ვეწინააღმდეგებით, ჩვენ პირიქით, ეს პროცესი რომ შემდგარიყო, უფრო საქმიანი ფორმატი შევთავაზეთ. საპარლამენტო საქმიანობის ძირითადი ბერკეტი და ფორმატი რა არის - კომიტეტები და სესიები, სხვა ფორმატი უბრალოდ არ არსებობს პარლამენტში. კომიტეტებიც მოვითხოვეთ და სესიებიც, პირდაპირ მოვითხოვეთ, კი არ შევთავაზეთ. რაც მზად არის, ამაზე დრო აღარ დავხარჯოთო, ვეუბნებით „ქართულ ოცნებას“, რა საკვირველია, იქ შევა ცვლილებები, იმიტომ არის კომიტეტები, მოსმენები, სესიები და ა.შ. ამაზე რა მივიღეთ პასუხი? დალუქული სასესიო დარბაზი, რაც სხვათა შორის, უხეში კანონდარღვევაა და ეს პირველი შემთხვევა არ არის. უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე კარი დალუქეს, 12 პუნქტის შესრულების ინიციატივაზე და სამუშაო პროცესზე კარი დალუქეს, მე მგონი, აქ კითხვები არ რჩება“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

მისივე განმარტებით, ოპოზიციის მიზანია, 12-ვე პუნქტზე, 12-ვე რეკომენდაციაზე პაკეტები მოამზადონ, „რისი განხილვაც „ქართულ ოცნებას“ უნდა თუ არა, მაინც მოუწევს“.

„ის ფორმატი, რაც „ქართულ ოცნებაშია“, შეხვედრები პაპუაშვილის კაბინეტში, ხან - სადღაც, ეს არაფორმალური შეხვედრებია, ეს საერთოდ ოფიციალური ფორმატი არ არის, მთელი ევროპა, ჩვენ, ყველანი არაფორმალურ მმართველობას ვებრძვით და „ქართული ოცნება“ ისევ არაფორმალურ შეხვედრებს გვთავაზობს. აქვე ვთქვათ, რითი დამთავრდა წინა ასეთი ორი შეხვედრა - დეპოლარიზაციის საკითხი როგორ ესმით - მაშინ როცა რუსეთისკენ მიგვაქანებენ, ოპოზიციამ ხმა არ ამოიღოსო, ასე ესმის დეპოლარიზაცია „ქართულ ოცნებას“. კომისიას შევქმნითო, სადაც ვიღაც ოხანაშვილი, დიტო სამხარაძე და ვიღაცები შევლენ და გაზომავენ - მე, თქვენთან, სხვასთან, სხვა ოპოზიციონერებმა რა ვთქვით და როგორ ვთქვით, ეს ხომ არასერიოზულია. როცა „ქართული ოცნება“ ამბობს, ამ საკითხებს არ განვიხილავო, რაზე დავსხდეთ სასაუბროდ, რომ ბატონ პაპუაშვილთან თვალები ვუპაჭუნოთ ერთმანეთს, რომ მერე ვიღაცები მოვატყუოთ, ამ საბუთებზე ვიმუშავეთ, ოღონდ, გვითხრეს, ოლიგარქიზაციაზე ბიძინა ივანიშვილს არ შევეხოთ - სხვა საკითხზე გადავიდეთ და ა.შ.

სექტემბერში ხომ გაიხსნება საშემოდგომო სესია, პარლამენტს ხომ ვერ დახურავენ? ჩვენი მიზანია, 12-ვე პუნქტზე, 12-ვე რეკომენდაციაზე აბსოლუტურად ყოვლისმომცველი პაკეტები იყოს გამზადებული, რომელსაც ნებისმიერ შემთხვევაში, სექტემბრიდან შევიტანთ პარლამენტში, ამიტომ „ქართულ ოცნებას“ უნდა თუ არა, ამის განხილვა მაინც მოუწევს“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, საპარლამენტო ოპოზიცია არასამთავრობო სექტორთან და ექსპერტებთან ერთად დღეიდან ევროკომისიის რეკომენდაციების 12 პუნქტთან დაკავშირებით პარალელურ პროცესს იწყებს და შეხვედრებს მართავს. პირველ შეხვედრას საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ჯგუფი მართავს, რომელსაც არასამთავრობო სექტორიც ესწრება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს