პარალელურ პროცესზე საუბარი ჯერ შეუძლებელია - ჩვენ ხედვებს ვუზიარებთ როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას, სამწუხაროა, რომ ამ ეტაპზე ოპოზიციურ პარტიებს უფრო მეტი ინტერესი აქვთ ჩვენი ხედვების მოსმენის,- ამის შესახებ "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" ხელმძღვანელმა, გურამ იმნაძემ პარლამენტში ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, სამოქალაქო ორგანიზაციები ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან თანამშრომლობენ.
რაც შეეხება რეფორმას, იმნაძის თქმით, შესაძლებელია, როგორც მოკლევადიანი ასევე გრძელვადიანი მიზნების დასახვა. როგორც მან აღნიშნა, მოკლევადიანი ამოცანა შეიძლება იყოს, მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების შერჩევის წესის ცვლილება და საბჭოში გარკვეული გადაწყვეტილებების ორმაგი 2/3- ის მხარდაჭერით მიღება.
"ვთანხმდებით იმაზე, რომ მართლმსაჯულების რეფორმა აუცილებლად გასატარებელია და ამ ქვეყანას დამოუკიდებელი სასამართლო სჭირდება, დარჩენილი 6 თვე უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ თუნდაც ფრაგმენტულ გაუმჯობესებებს მივაწიოთ და მეორე მხრივ, დავისახოთ უფრო გრძელვადიანი სტრატეგია. მოკლევადიან მიზნებად შეიძლება დასახელდეს საბჭოს არამოსამართლე წევრების სწორი პროცესით დაკომპლექტება, აუცილებელია შეირჩნენ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ პარტიული აფილაცია, მაღალი პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება აქვთ. ასევე აუცილებელია საბჭომ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის მოსამართლეთა დანიშვნა, მათი დაწინაურება, გადაადგილება მიიღოს ორმაგი 2/3- ით და არამოსამართლე წევრების გავლენები ამ კონტექსტში იყოს უფრო გაძლიერებული. ვისაუბრეთ ასევე, რომ მართლმსაჯულების სისტემას ჭირდება ფართო, სიღრმისეული შეფასება, რათა დავინახოთ რა ტიპის არაფორმალური გავლენების პრობლემა არსებობს და კანონმდებლობის იმპლემენტაცია რა ხარისხით ხორციელდება, რათა ამის საფუძველზე შევიმუშაოთ რეფორმები,"- განაცხადა იმნაძემ.
პარლამენტში ოპოზიციის მიერ ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიზნით ინიცირებული სამუშაო პროცესი გრძელდება. საკანონმდებლო ორგანოში სამოქალაქო სექტორის ჩართულობით, სამუშაო ჯგუფებმა შეხვედრა გამართეს მართლმსაჯულების, ასევე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, დღესვე კიდევ ერთი შეხვედრა ანტიკორუფციულ საკითხზე იგეგმება.