პაატა მანჯგალაძე - ევროპას ვინც წარმოადგენდა, წიხლი მიაზილეს, მადლობის ნაცვლად - სამუშაო ჯგუფებში ფასადურ ჯდომას რა აზრი აქვს

ეს კაცი გულწრფელად ამბობდა, დამეხმარეთ, რომ დაგეხმაროთო და ამ ადამიანს დედის გინების გარდა, ყველაფერი გაუკეთეს, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ ევროკავშირის ყოფილი ელჩის, კარლ ჰარცელის მისამართით გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას განაცხადა.

პაატა მანჯგალაძის თქმით, ირაკლი კობახიძეს სტუმარ-მასპინძელი მხოლოდ მაშინ გაახსენდა, როცა რუსი პროპაგანდისტი იყო საქართველოში ჩამოსული.

„ევროპას ვინც წარმოადგენდა წიხლი მიაზილეს, მადლობის ნაცვლად, სტუმარ-მასპინძელი კობახიძეს რუსი პროპაგანდისტი რომ იყო ჩამოსული, მაშინ გაახსენდა და ეს კაცი გულწრფელად ამბობდა, დამეხმარეთ, რომ დაგეხმაროთო და ამ ადამიანს დედის გინების გარდა ყველაფერი გაუკეთეს“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პაატა მანჯგალაძემ გადაცემაში ხელისუფლების მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ აპირებს დეოლიგარქიზაციის ისეთი კანონის მიღებას, რომელიც ოპოზიციაზე გავრცელდება და ამაში მონაწილეობას არ მიღებს.

„თუ „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად უნდა ევროპაში ინტეგრაცია, სიმართლე ვუთხრათ ადამიანებს, არაფერში სჭირდება ჩემი მონაწილეობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ისედაც დაწერს კანონს, ხმები აქვს საკმარისი რაოდენობა, მოიტანს კომიტეტზე და მე ამ კარგ კანონს პირობას გაძლევთ, რომ მხარს დავუჭერ.

აპირებენ დეოლიგარქიზაციის კანონზე მუშაობას, რომელიც არ გავრცელდება ბიძინა ივანიშვილზე და უფრო მეტიც, გავრცელდება ოპოზიციაზე. ჩემს მონაწილეობას, იქ ფასადურ ჯდომას რა აზრი აქვს? პატარა ბავშვი ხომ არ ვარ, რა ვქნა მერე, მაგიდა ავაყირაო და გავემიჯნო პროცესს? ასევეა სასამართლოსთან დაკავშირებით, ერთი წელია შექმნილია პაპუაშვილთან ზუსტად ის ჯგუფი, რომელიც ახლა იკრიბება და მეილების გაცვლის იქით პროცესი არ წასულა.

წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა, ნებისმიერი ოპოზიციონერის, ვმუშაობთ, ვმუშაობთ ერთი თვე, ხალხი ელოდება რაღაცას, რომ დეპოლარიზებულები ვართ და ამ დროს დავწერთ კანონს, რომელიც გავრცელდება ოპოზიციის ლიდერებზე. ამას არ გავაკეთებ, არ მივიღებ ამაში მონაწილეობას და დარწმუნებული ვარ, ოპოზიცია, ვინც პასუხისმგებლობას გრძნობს ხალხის წინაშე, ისინიც დატოვებენ, არავინ არ გაჩერდება. არცერთი თავმოყვარე ადამიანი ხელს არ მოაწერს იმას, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი დაიწეროს ისეთი, რომელიც გავრცელდება ოპოზიციაზე“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო