კახა კალაძე - იქნება პატივისცემა, მერწმუნეთ, ჩვენგანაც ათასჯერ მეტი პატივისცემა იქნება, სიყვარულიც - მაგინო და მე ჩუმად ვიყო, გიყურო რა ლამაზად მაგინებ და რა კარგად?

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ურთიერთპატივისცემა იყოს. იქნება ეს პატივისცემა, მერწმუნეთ, დამიჯერეთ, ჩვენგანაც ათასჯერ მეტი პატივისცემა იქნება, სიყვარულიც, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტის ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კახა კალაძე განმარტავს, შეიძლება არ მოგწონდეს კონკრეტული პოლიტიკოსი, არ ემხრობოდე მის პოლიტიკურ ნაბიჯებს, მაგრამ ოჯახის შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია.

„მე ვგმობ იმ დამოკიდებულებას, რაც არის გარკვეული ჟურნალისტების მხრიდან, ეს ძალიან საწყენია და ცუდია. კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთპატივისცემა. შეიძლება არ მოგწონდეს კონკრეტული პოლიტიკოსი, არ ემხრობოდე მის პოლიტიკურ ნაბიჯებს, მაგრამ ოჯახის შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია. შესაბამისად, ყველაფერზე წინ დავაყენოთ ურთიერთპატივისცემა. როდესაც ჟურნალისტი ხარ და შეურაცხყოფას აყენებ რესპონდენტს, არ აქვს მნიშვნელობა ეს პოლიტიკოსი მოგწონს, თუ არა, არ არის მისაღები. ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ურთიერთპატივისცემა იყოს. იქნება ეს პატივისცემა, მერწმუნეთ, დამიჯერეთ, ჩვენგანაც ათასჯერ მეტი პატივისცემა იქნება, სიყვარულიც. ყველამ გადავაბიჯოთ ამ სირთულეებს. მესმის, რომ შეიძლება ვიღაც არ მოგწონდეს, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ შეურაცხყოფა მიაყენო. არ შეიძლება. დეტალებში არ შევალ, ეს არ არის სასიამოვნო ფაქტი. დღეიდან ყველაფერი გავაკეთოთ, რომ უფრო მეტი ურთიერთპატივისცემა იყოს.

ყველას შესაბამისი პასუხი მიეგება. უფრო მეტი პატივისცემა უნდა იყოს. თუ ფიქრობთ, რომ თქვენ შეურაცხყოფა გვაყენოთ და ჩვენ თავდახრილები ვიდგეთ არ არის სწორი. არც ის არის სწორი, რომ მიზანმიმართულად ნერგავთ იმას, რომ თმენის ვალდებულება. რას ნიშნავს თმენის ვალდებულება? მაგინო და მე ჩუმად ვიყო, გიყურო რა ლამაზად მაგინებ და რა კარგად? არ არის ეს სწორი დამოკიდებულება“, - აღნიშნავს კალაძე.

ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ “მთავარის“ ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. კობახიძის გაღიზიანება ჟურნალისტის მიერ, უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადების კონტექსტში დასმულ შემდეგ კითხვას მოჰყვა: „კაგებეს აგენტის შვილი არ ხართ, ბატონო ირაკლი?“.

„კაგებეშნიკი არის მამათქვენი, ეს შემიძლია გითხრათ... სირცხვილია, სახე დაკარგეთ... ნუ კანკალებ, სახე დაკარგე. შენც ხარ დავით არახამია, როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე დაკარგე, თავი დაკარგე, პოლიტიკა ამად გიღირს? სირცხვილია.... "ნაცმოძრაობის" გულისთვის სახე დაკარგე. ქალი აღარ ხარ რა... ქალის სახე დაკარგე... რომ ლაპარაკობ, პირი მოიწმინდე... სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. სააკაშვილს ჰგავხარ პირითაც... სამარცხვინო შენ... გულისამრევია“, - მიმართა კობახიძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს.

ცნობისთვის, უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამიამ "მთავარ არხთან" ინტერვიუში ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა. არახამიას თქმით, მან არ იცოდა ვინ იყო ირაკლი კობახიძე, თუმცა შემდეგ რაც "დაგუგლა" , აღმოაჩინა, რომ კობახიძის მამა “კაგებეშნიკია”.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა