გიორგი ვაშაძე  - 10 წელია „ქართულმა ოცნებამ“ ფსიქიკა შეურყია საქართველოს მოქალაქეებს, ჭეშმარიტება დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ -  სულ 5-10 კაცია, ვინც შეგვჭამა, გამოღრღნა ქვეყანა, დანარჩენებს არაფერი გვაქვს სამტრო

ყველანაირ შეხვედრაზე ვიარეთ „ქართულ ოცნებასთან“, ყველა მექანიზმი ამოვწურეთ და ვის თუ არ ჩვენ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დრო ამოიწურა, როცა დახურულ კარს მიღმა „ქართულ ოცნებასთან“ საუბრით რაიმე იოტისოდენა მოლოდინი მაინც გვქონდა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფებზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, სანამ „ქართული ოცნების“ წევრები „ისვენებენ, ირუჯებიან ზღვაზე, ტაშ-ფანდურს არიან მიცემული და აგვისტოში განცხრომით დასვენება უნდათ“, ოპოზიცია აპირებს, რომ ალტერნატიულ სამუშაო ჯგუფებში იმუშაოს და ყველა კანონპროექტები დაწეროს.

„ჩვენ არანაირ პარალელური პროცესს არ ვქმნით, ეს არის სამუშაო პროცესი. ვიღაცამ კანონები ხომ უნდა დაწეროს? ყველა ადამიანს უყვარს ბევრი ლაპარაკი, ყველა აფასებს ვიღაცას, ყველა ამბობს, რომ თვითონ მაგარია, მაგრამ საქმის გასაკეთებლად რომ მიდგება საქმე, მერე აღმოჩნდება, რომ საქმე გაკეთებული არ არის.

საპარლამენტო ოპოზიციის 95%-ია ჩართული იმ სამუშაო პროცესში, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ვხვდებით სამოქალაქო სექტორს, აკადემიურ წრეებს, სადაც ვმსჯელობთ, როგორ უნდა შევასრულოთ ეს 12 პუნქტი. არავის ჯიბეში არ უდევს ფორმულები. საზოგადოება არ უნდა მოვატყუოთ, დღეს არ დევს ეს საკანონმდებლო პაკეტი და მართლა მინდა, რომ სანამ „ქართული ოცნების“ წევრები ისვენებენ და ირუჯებიან ზღვაზე, ტაშ-ფანდურს არიან მიცემული და აგვისტოში განცხრომით დასვენება უნდათ, რიგგარეშე სესიებისთვის არ სცალიათ, ჩვენ ვაპირებთ, რომ ვიმუშაოთ, ყველა კანონპროექტი უნდა დაიწეროს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ მიმართ როგორ შეიძლება ვინმეს ჰქონდეს პრეტენზია, როცა 8 მარტის შეთანხმება იყო და ერთ-ერთი მთავარი აქტორი ვიყავით, 19 აპრილის შეთანხმება იყო და მთავარი მონაწილე ვიყავით. ფორმალური, არაფორმალური, გასვლითი, გამოსვლითი, ყავისსმით, უყავოდ, წყლით, უწყლოდ, ყველანაირ შეხვედრაზე ვიარეთ „ქართულ ოცნებასთან“, ყველა მექანიზმი ამოვწურეთ და ვის თუ არ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ აბსოლუტური სიმართლე გულწრფელად, რომ ამოიწურა დრო იმის, როცა დახურულ კარს მიღმა „ქართულ ოცნებასთან“ საუბრით რაიმე იოტისოდენა მოლოდინი მაინც გვქონდა, რომ რამეს გააკეთებდა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის შეფასებით, სინამდვილეში საზოგადოებაში პოლარიზაცია არ არსებობს და მხოლოდ 5-10 კაცია, ვინც „ქვეყანა შეჭამა, გამოღრღნა“, ხოლო საზოგადოების დანარჩენ ნაწილს არაფერი აქვს სამტრო ერთმანეთთან.

„როდის დასრულდება იცით დაპირისპირება? როცა ის კაცი დაანებებს ჩვენით მანიპულაციას თავს. დღეს ჩვენ რა გვაქვს დასაპირისპირებელი? მართლა ფიქრობთ, რომ პოლარიზებულია ქვეყანაში რამე? პოლარიზატორი არის ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, სახელი და გვარი აქვს პოლარიზებას. ამ ადამიანს სპეციალურად ცრუ დილემები შემოაქვს, სპეციალურადაა აგრესიული რიტორიკა მათი მხრიდან, ქვეყნის შიგნით მტრების ძიება, 10 წელია ამ ადამიანმა ფსიქიკა დაურღვია, ამ პარტიამ ფსიქიკა შეურყია და დაურღვია საქართველოს მოქალაქეებს. ჭეშმარიტება დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ. ვისი მტრობა კაცო? - სულ 5-10 კაცია, ვინც შეგვჭამა, გამოღრღნა ეს ქვეყანა თორემ დანარჩენ საზოგადოებას არაფერი არ გვაქვს სამტრო“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძემ გადაცემაში ირაკლი კობახიძისა და „მთავარი არხის“ ჟურნალისტს შორის მომხდარ დაპირისპირებაზეც ისაუბრა.

მისი თქმით, ადამიანები ასე არ უნდა საუბრობდნენ, თუმცა კიდევ უფრო ამორალურია მეორე დღეს შენი თავის გამართლება და ჯიუტად თქმა, „რა მაგრად მოიქეცი“.

„საერთოდ ადამიანები ასე არ უნდა საუბრობდნენ ერთმანეთთან, გუშინ რაც მე მოვისმინე სიტყვები, ეს წაცდენაც აღარ არის, ეს შინაგან მორალს აჩვენებს ადამიანის, მაგრამ კიდევ უფრო ამორალურია მეორე დღეს შენი თავის გამართლება და ჯიუტად თქმა, რა მაგრად მოიქეცი და ამაზე მეტად ამორალურია, როცა შენი ვითომ თანაგუნდელები, რომლებიც პირველი მიაყრიან მიწას კობახიძეს ფეხი რომ გადაუბრუნდეს, ამ ყველაფერს რომ ამართლებენ და მორალურ საქციელად რომ გითვლიან. მაგრამ სამწუხაროდ „ქართული ოცნების“ ხელწერაა, რომ ისინი ფიქრობენ, ყველაფერი გაგვდის ამ ქვეყანაში. ვერ გაუვათ, ვერცერთ შემთხვევაში. ძალიან ახლოს მოვიდა ის, დრო, როცა „ქართული ოცნება“ აგებს პასუხს ყველაფერ იმაზე, რაც ჩვენ ქვეყანას დამართა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
"გალფის" ინიციატივით 100 პირველკურსელს, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებში უმაღლესი ქულები მიიღო, ერთწლიანი ყოველთვიური სტიპენდია დაენიშნება
„საქართველოს ბანკის“ აქციების ღირებულება რეკორდულ მაქსიმუმზეა
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის