დავით უსუფაშვილი - ვისურვებდი, რომ პოლიტიკური კინკლაობა მინიმუმამდე დავიდეს, ყველას მიეცეს საშუალება ევროპული სტანდარტების საქართველოს თავისი მოდელი წარმოადგინოს და რაც შეიძლება ფართო მხარდაჭერა მოიპოვოს

ვისურვებდი, რომ პოლიტიკური კინკლაობა მინიმუმამდე დავიდეს, ყველას მიეცეს საშუალება ევროპული სტანდარტების საქართველოს თავისი მოდელი წარმოადგინოს და რაც შეიძლება ფართო მხარდაჭერა მოიპოვოს, მერე პროცესი გადავა გადაწყვეტილების მიმღებ ინსტიტუტებში, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა დავით უსუფაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ძალიან კარგი რამ ხდება დღეს, კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ მმართველი პარტიის სრულიად გაუგებარი და არაადეკვატური პოლიტიკის ფონზე, საქართველოში თავისუფლების მოყვარე, პროევროპული ძალების უპრეცედენტო კონსოლიდაცია და სათანამშრომლო ვითარების ჩამოყალიბება ხდება. ეს ეხება პოლიტიკურ ძალებსაც, საზოგადოებრივ ძალებსაც, მოქალაქეებსაც და ა.შ. ამ დღეებში იყო ბევრი საინტერესო ღონისძიება ამ თვალსაზრისით. დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციების საკმაოდ სერიოზული ჯგუფი წარმოადგენს თავის ხედვას, საქართველოში რა უნდა გაკეთდეს, ამ თემაზე პოლიტიკური პარტიებიც ვმუშაობთ. ვიცით, რომ პარლამენტში საინტერესო პროცესი მიმდინარეობს 12 რეკომენდაციის შესასრულებლად სათანადო დოკუმენტების მოსამზადებლად. დღეს, სახელისუფლებო პროპაგანდა მიმართულია იქით, რომ ამ ყველაფერს პარალელური, ალტერნატიული, თუ რაღაც სხვა პროცესები დაარქვას, სინამდვილეში, ეს არის მუშა პროცესი, ფართო ჩართულობით გამართული პროცესი, რაზეც ევროკავშირი მიუთითებს. ცხადია, ბოლო გადაწყვეტილება სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა მიიღონ, საპარლამენტო კომიტეტებში უნდა განვიხილოთ, სადაც ყველანი აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ რაც შეეხება მუშა პროცესს იქ ბუნებრივად, თანამოაზრეები ერთიანდებიან.

მაგალითად, თუ ხელისუფლება თვლის, რომ მართლმსაჯულების პრობლემა აშშ-ის ელჩი კელი დეგნანია, მათთან მართლმსაჯულების რეფორმაზე სასაუბროდ ძალიან ცოტა ვინმე თუ დაჯდება. ამ დარბაზში არის ხალხი, ვინც თვლის, რომ მართლმსაჯულების მიმართულებით უამრავი ფუნდამენტური პრობლემა გვაქვს და ამ პრობლემების შესაბამის კანონპროექტებზეა მუშაობა. იგივე ეხება საარჩევნო რეფორმას და ბევრ სხვას. ახლა წინასწარი სამუშაოების ეტაპია, მე ვისურვებდი, რომ პოლიტიკური კინკლაობა მინიმუმამდე დავიდეს, ყველას მიეცეს საშუალება ევროპული სტანდარტების საქართველოს თავისი მოდელი წარმოადგინოს და რაც შეიძლება ფართო მხარდაჭერა მოიპოვოს, მერე პროცესი გადავა გადაწყვეტილების მიმღებ ინსტიტუტებში და იქ უკვე სხვა ამბავი იქნება“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

მან ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებს ხელისუფლების პოზიციას ოპოზიციის ცალკე მუშაობასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ეს ფარსად აღიქმება, უსუფაშვილი ასე პასუხობს: "ეს არის პროპაგანდისტული ხრიკი იმისთვის, რომ საკუთარი შეცდომები, მთავრობის მიერ არასწორი პოლიტიკის შედეგად საქართველოს ჩამორჩენა უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებაში, სხვას გადააბრალონ".

"აბა, კარგად შევხედოთ, სინამდვილეში რა ხდება, პარლამენტში „ლელო“ წარმოდგენილი ვართ 3 წევრით, 3 წევრი ვერასდროს, ვერანაირ კანონს ვერ მივიღებთ, ეს რას ნიშნავს - უნდა ვიყოთ ატუზული „ქართული ოცნების“ ოფისთან, თქვენი ჭირიმე, აბა, რას აპირებთ, გვითხარით, რომ ჩვენც იმას მხარი დავუჭიროთო? თუ როგორ არის საქმე? პარლამენტი იმიტომ არ არსებობს, რომ იქ კანონპროექტები შეიქმნას? ახლა პარლამენტში რა ხდება - პარლამენტის წევრთა ის ჯგუფი, რომელთაც აქვთ მსგავსი ხედვა, რა პრობლემებია დემოკრატიის, მართლმსაჯულების თვალსაზრისით, იგივე პოლარიზაციის თვალსაზრისით, ჩვენ ვმსჯელობთ და ვმუშაობთ კანონპროექტებზე. ახლა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ გამოაცხადა საკუთარი პარტიის გეგმა, მე აქ და აქ ჩავატარებ შეხვედრებსო. მე იმ პარტიის თავმჯდომარის დანიშნულ შეხვედრებში უნდა მივიღო მონაწილეობა, თუ, საკუთარი პარტიის ხედვებს გავყვე.

საკომიტეტო მოსმენის დონემდე, სანამ კანონპროექტი მუშავდება, ამაზე ადამიანები ვმუშაობთ თანამოაზრეებთან ერთად, მერე გადავდივართ გადაწყვეტილების მიღებაზე. პროცესი თავისთავად, ნაკლებად კონფრონტაციულად რომ დაწყებულიყო, რადგან დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ძალიან კონკრეტული შეთავაზება გვქონდა - შევიკრიბოთ საგანგებო სესიაზე და მივიღოთ იმ საკითხზე ერთობლივი გადაწყვეტილება, რომელიც ერთად გვაქვს ინიცირებული, არის შარლ მიშელის შეთანხმების მთავარი ნაწილი - 12 პუნქტში ლაპარაკია შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებაზე და საარჩევნო რეფორმაზე, ამ საკითხზე ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება და ამან შეიძლება ახლავე გააჩინოს იმის საფუძველი, რომ ერთად ვიმუშაოთ ზოგიერთ სხვა თემაზეც. ამაზე რა პასუხი მივიღეთ, კი ნახეთ, ამიტომ ამისგან არც დრამატიზირება ღირს, არც ამაზე გადაყოლა ჩვენი, თქვენი, თუ მოქალაქეების დროის, ვინ რომელ ოთახში მუშაობს, მთავარია, პროდუქტი დაიდოს, რომელსაც ევროკავშირის კომპეტენტური ორგანოების მხრიდან პოზიტიური დამოკიდებულება ექნება“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო