ცესკო - ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ მიზანმიმართული მადისკრედიტებელი კამპანია გრძელდება

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ეხმიანება პოლიტიკური გაერთიანება „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებლიდან“ ცესკოს წევრის, ანა კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ასარჩევ კონკურსს ფორმალურ პროცესს უწოდებს.

ცესკო მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ არაკომპეტენტური განცხადებებით ცესკოს იმიჯის დაზიანების მიზანმიმართული მცდელობებისგან.

„ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ცესკოს იმიჯს და ინსტიტუციის რეპუტაციას სწორედ ამ ტიპის პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები აზიანებს, რომლებიც თავის მხრივ მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია. საგულისხმოა, რომ ქალბატონი ანა აქამდეც აკეთებდა განცხადებებს, რომლებშიც ასევე იკვეთებოდა ცესკოს იმიჯის დაზიანების მიზანი. ეთიკური ნორმებიდან გამომდინარე, ჩვენ ვერიდებოდით პასუხის გაცემას, რაც როგორც ჩანს, აღქმული იყო როგორც სტიმული უსამართლო და არაეთიკური თავდასხმების გააქტიურებისთვის. აშკარაა, რომ ამ კამპანიის მონაწილეები არ ერიდებიან მასში ცესკოს წევრის ჩართვასაც და კანონიერების სახელით არღვევენ კანონისა და ეთიკის ელემენტარულ მოთხოვნებს.

ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის მიმდინარე კონკურსთან დაკავშირებით, გვინდა შევახსენოთ მათ, რომ ტერმინი „ლეგიტიმური“ არის ტერმინ „კანონიერის“ ეკვივალენტური და კანონმდებლობასთან შესაბამისად წარმოებული პროცედურა ვერ იქნება არალეგიტიმური, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება არჩეული, ხოლო ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მძაფრი ინტერესი შექმნან საპირისპირო აღქმა, წინასწარ აზიანებს ცესკოს მომავალი შემადგენლობის საქმიანობას.

სამწუხაროა, რომ საზოგადოების დეზინფორმირების ასეთ კამპანიებში ჩართვა ცესკოს წევრსაც უწევს პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებების სახით.

მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ არაკომპეტენტური განცხადებებით ცესკოს იმიჯის დაზიანების მიზანმიმართული მცდელობებისგან.

რაც შეეხება ცესკოს მიერ 29 ივლისს გავრცელებულ განცხადებას, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას საზოგადოებასთან და მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენს ცესკოს თავმჯდომარე, რომელიც ვალდებულია ადმინისტრაციის სახელით რეაგირება მოახდინოს ცესკოს დამაზიანებელ და მადისკრედიტებელ ქმედებაზე. შესაბამისად, ცესკოს თავმჯდომარის მიერ ამ კუთხით გაკეთებული განცხადება წარმოადგენს ადმინისტრაციის, როგორც ინსტიტუციის მიერ გაკეთებულ განცხადებას და არა ცესკოს, როგორც კოლეგიურ ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ქმედებას“, - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის „სტრატეგია აღმაშენებლიდან” ანა კობახიძის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარეობის და კომისიის წევრების არჩევა დაბალი კონკურენციის პირობებში, ფორმალური კონკურსის ჩატარება და პროცესის მიმართ უნდობლობა საზოგადოებაში კიდევ უფრო ამცირებს ნდობას ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო