ადვოკატი - ცხვარიჭამიაში მკვლელობის საქმეზე არცერთი მტკიცებულება არ არის, რომ დადასტურდეს ბრალდება, რაც გიორგი ხორავას წაუყენეს

20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის, გიორგი ხორავას ადვოკატი გიზო ლურსმანაშვილი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი კონფლიქტის წამომწყები არ ყოფილა და არც არავისთვის მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, გიორგი ხორავას მიმართ წაყენებული ბრალდება აბსურდულია.

“მტკიცებულებები გადმოგვეცა, მაგრამ ჩვენი ეჭვი დადასტურდა, არცერთი მტკიცებულება არ არის, რომ დადასტურდეს ის ბრალდება, რაც გიორგი ხორავას წაუყენეს. კერძოდ, ჩვენებებისა და გამოკითხვის ოქმების მიხედვით, აბსოლუტურად არანაირი გარემოებათა ერთობლიობა არ არის, რომ ის იყო კონფლიქტის ინიციატორი ან გამაღიზიანებელი ქმედებების წამომწყები, ფიზიკური შეურაცხყოფაც კი არ მიუყენებია არავისთვის. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ბრალდება აბსურდულია.

რაც შეეხება შუამდგომლობას, სიმართლე გითხრათ, ბრალდების მხარისგან შუამდგომლობა ჯერ არ გადმოგვცემია. დაზუსტებით არ ვიცით, რა სახის შუამდგომლობას შეიტანს. გავეცნობით შუამდგომლობას და ჩვენს აზრს დავაფიქსირებთ სასამართლოში სამართლებრივი ასპექტის კუთხით“,-განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, გიორგი ხორავას ბრალი ხულიგნობის მუხლით წარედგინა.

„გიორგი ხორავა დაკავებულია 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ა პუნქტით, რაც გულისხმობს ხულიგნობას წინასწარ ჩადენილი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ. ბრალდებაც ამავე მუხლით წარედგინა და ამ კუთხით ცვლილებები არ გვაქვს. ერთი მტკიცებულებაც კი არ არის საქმეში, რომელიც ამ ბრალდებას დაადასტურებს“, - განაცხადა ადვოკატმა, გიზო ლურსმანაშვილმა.

ცნობისთვის, შემთხვევა ცხვარიჭამიაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, 20 წლის მირიან კუკავა მეგობრის - ქეთათო არაბულის სახლში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, რა დროსაც სუფრასთან ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აღნიშნული მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, დავით ჯიჯეიშვილმა მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა, ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. თავად ჯიჯეიშვილი კი მიმალვაში თითქმის ერთი დღის განმავლობაში იმყოფებოდა, მის დასაკავებლად სამართალდამცავები სამძებრო მოქმედებებს ახორციელებდნენ.

მომხდართან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. მათ ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ, რის შემდეგაც, მცხეთის რაიონულ სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღესვე იმსჯელებს.

განზრახ მკვლელობის, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 239-ე, 370-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.

გიორგი კუნაძე - რუსეთის რეჟიმის  კრახი გარდაუვალია, დღეს უკვე ცხადად ჩანს, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2022
ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარე - ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის ჯარიმები ძვირდება - პირველადი ჯარიმა 50 ლარი დარჩება, ყოველი შემდგომი დაჯარიმებისთვის კი თანხა გაიზრდება
საქართველოში „ვებსტერის უნივერსიტეტის“ უცხოელი პროფესორების ვინაობა ცნობილია
BTU მსოფლიოს წამყვან კიბერუსაფრთხოების ორგანიზაციასთან თანამშრომლობას იწყებს
Fitch-მა "ლიბერთის" საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი "სტაბილურად" შეაფასა
„მოასწარი ზაფხული“ - ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხებზე დაიწყო