გიორგი რუხაძე - ტრაგედიაა, როდესაც თავდაცვის მინისტრმა არ იცის, ვინ არის დიმიტრი მედვედევი, რას ნიშნავს წასულია? - როდესაც ამ ტიპის განცხადება კეთდება, სჭირდება პასუხი

როდესაც რუსეთის მხრიდან ამ ტიპის განცხადება კეთდება, პასუხი სჭირდება - ტრაგედიაა, როდესაც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა არ იცის ვინ არის დიმიტრი მედვედევი. მას მაღალი თანამდებობა აქვს, რას ნიშნავს წასულია?!, - ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტმა, გიორგი რუხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სოციალურ ქსელში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის სახელით გამოქვეყნებულ „პოსტთან“ დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის იმპერიული ზრახვების შესახებ ისედაც ყველასთვის ცნობილია და მედვედევის პოსტში განსაკუთრებული არაფერი ყოფილა, თუმცა აუცილებელია, რომ მსგავს განცხადებებს საქართველოში სერიოზული რეაქცია მოჰყვეს.

„ტრაგედიაა, როდესაც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა არ იცის, ვინ არის დიმიტრი მედვედევი. რას ნიშნავს წასულია? საერთოდ რომ არ ჰქონდეს მედვედევს თანამდებობა, არ უნდა უპასუხო? რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და ყოფილი პრემიერი არ არის? ძალიან მარტივია - როდესაც ამ ტიპის განცხადება კეთდება იმას ჩვეულებრივი პასუხი სჭირდება. ვიღაც სიცრუეს ავრცელებს? შენ სიმართლე უნდა გაავრცელო. სიცრუის გავრცელებას ამოცანა აქვს, შენ ეს სიცრუე უნდა გაანეიტრალო“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

რუხაძე ფიქრობს, რომ დიმიტრი მედვედევის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული „პოსტი“ თავად მედვედევის დავალებით არის დაწერილი.

„ის, რომ პუტინს და ზოგადად მის რეჟიმს ეს იმპერიული ზრახვები ახასიათებს და საბჭოთა კავშირის აღდგენა უნდათ ეს ისედაც ვიცით. ამას მედვედევი დაწერს თუ არა, ეს რეალურად არაფერს ცვლის. ჩვენ ვიცით, რომ პუტინს ეს ზრახვა აქვს, პუტინი მიიჩნევდა და მიიჩნევს, ამას საჯაროდ ამბობს, რომ საქართველოს ისტორია არ ჰქონია იმ გაგებით, რომ საქართველო სწორედ რუსეთთან ერთად შეიქმნა და მათი გადასახედიდან, საქართველო რუსეთის ნაწილია. ეს ისედაც ნათელია, ასე რომ, აქ არაფერი განსაკუთრებული არ არის. განსაკუთრებული ის არის, რომ ჩვენ ამას არ უნდა შევეგუოთ, ჩვენთან ასეთ რაღაცებზე სერიოზული რეაქცია უნდა ჰქონდეთ“, - განაცხადა რუხაძემ.

საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტის თქმით, ეს განცხადება ჰიბრიდული ომის ნაწილია, რომელიც თავად რუსებისთვის გაკეთდა.

„ეს არის რუსებისთვის გაკეთებული განცხადება, რომ ცენტრი ჩვენ ვართ და ჩვენს გარშემო არსებული რაღაცები, რომელიც ოდესღაც რუსეთის იმპერიაში შედიოდა, რაღაც არასრულფასოვანი წარმონაქმნი არიან, რომელთაც სხვა მომავალი არ აქვთ, ისინი ჩვენი ნაწილები უნდა იყვნენ. აი, ამას ემსახურება ასეთი განცხადებები. სხვათა შორის, ეს არ არის ერთადერთი. პუტინს აქვს არა ერთხელ იგივე ნათქვამი საქართველოზე, უკრაინაზე და ა.შ. ეს ჰიბრიდული ომის ნაწილია“, - აღნიშნა მან.

გიორგი რუხაძის განცხადებით, საქართველო საუკუნეების განმავლობაში იმიტომ გადარჩა, რომ ქართველები მტერს მტრულად, მოყვარეს კი მოყვრულად ექცეოდნენ, ახლა კი ამ ღირებულებების აღრევა ხდება.

„ქართველში იყო ელემენტარული წესი ჩადებული, რომ მტერს მტრულად უნდა მოექცე, მოყვარეს მოყვრულად. ახლა ამ ღირებულებათა აღრევა ხდება. მტერს ვექცევით მოყვრულად, სამწუხაროდ, სუფრებს ვუშლით, ელარჯის ვუწელავთ, კარი გავუღეთ და 300 000 რუსეთის მოქალაქეა საქართველოში, რას აკეთებენ ვერ გავიგეთ და ჩვენ დასავლელ პარტნიორებს არ "ვმაზავთ" შესაძლებლობას, რომ ელჩი არ გავლანძღოთ. ელჩებს რომ ლანძღავდნენ კიდე რა უჭირს, სახელმწიფო დეპარტამენტზე და ევროპარლამენტარებზე გადავიდნენ“, - აღნიშნა რუხაძემ.

ამასთან, მან გადაცემაში ისაუბრა ევროინტეგრაციის საკითხზე, მისივე შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირის 12 - პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების პოლიტიკური ნება არ არსებობს და ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებას ვერც მეორე რაუნდში შეძლებს.

„მგონია, რომ ამ პროცესებს ცუდი სტარტი აქვს. მე ვერ ვხედავ წარმატებას ვერც მეორე რაუნდში, თუ ტენდენციები ისე გაგრძელდა, როგორც მიმდინარეობს. ხელისუფლება რასაც აკეთებს მათ ხელშესახები არაფერი გაუკეთებია, უბრალოდ დროს წელავს და რაღაცას ლაპარაკობს. ამ ხელისუფლების ამ ფორმით დარჩენის შემთხვევაში ამ მიმართულებით არაფერი გაკეთდება. პირიქით გაფუჭდება“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

მან ასევე, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.

მისი თქმით, სააკაშვილმა პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ უნდა მიიღოს, რაც გამოჯანმრთელდება.

გიორგი რუხაძემ ხელისუფლებას სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანისკენ მოუწოდა.

„პოლიტიკაში დარჩება თუ არა, ეს მას შემდეგ უნდა გადაწყვიტოს, რაც ის ფიზიკურად ჯანმრთელად იქნება. როდესაც ადამიანი ასეთ მდგომარეობაშია რანაირად უნდა მიიღოს ამ ადამიანმა გადაწყვეტილება. ქმედუუნარო თუ არ არის ადამიანი რანაირად შეიძლება იმის გადაწყვეტილება ავიღოთ და სერიოზულად განსაჯოთ“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა