მამუკა მდინარაძე - ივანიშვილის გვარი რატომ ხმოვანდება ამდენჯერ, ადამიანის, რომელიც პოლიტიკაში არ არის? -  ქვეცნობიერი კომპლექსი აქვთ

ივანიშვილის გვარი რატომ ხმოვანდება ამდენჯერ, ადამიანის, რომელიც პოლიტიკაში არ არის?! - ქვეცნობიერი კომპლექსი აქვთ, - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" თავმჯდომარის ეკა გიგაურის განცხადებას, რომ ხელისუფლების რიტორიკა ბიძინა ივანიშვილის მიერ არის შეთანხმებული და დაგეგმილი.

როგორც მდინარაძე განმარტავს, არსებობენ კონკრეტული ძალები, მათ შორის, დასავლეთში, რომლებიც ცდილობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი „შემოაბრუნონ პოლიტიკაში, დააშანტაჟონ და გარკვეული მოქმედებები განახორციელონ“.

„ივანიშვილის გვარი რატომ ხმოვანდება ამდენჯერ? ადამიანის, რომელიც რეალურად პოლიტიკაში არ არის. პირველი - იმიტომ, რომ ქვეცნობიერი კომპლექსი აქვთ. ორივე აქვთ კომპლექსი და შიში. 2012 წლიდან მოყოლებული, სადაც ეს ადამიანი იყო ჩართული ყველგან დაამარცხა. ის მავნე პრაქტიკა თუ წარსული, რაც ამ ქვეყანაში იყო, ამ ადამიანის ანგარიშზეა, დაამარცხა. ამის კომპლექსი აქვთ. რაღაც სალაპარაკო ხომ უნდა ჰქონდეთ დღეს?

არსებობენ კონკრეტული ძალები, მათ შორის, დასავლეთშიც, რომლებიც ცდილობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი შემოაბრუნონ პოლიტიკაში, დააშანტაჟონ და გარკვეული მოქმედებები განახორციელონ. როდესაც ეს ადამიანი ამას არ აკეთებს, პოლიტიკიდან დისტანცირებულია, პიარის საფუძვლად სჭირდებათ, რომ ებრძოლონ პოლიტიკიდან წასულ ადამიანს, თითქოს არ გასულა, მეორე მხრივ, დააშანტაჟონ, საერთო შანტაჟის სქემაში ჩაერთონ „წარმატებულად“,- აღნიშნა მდინარაძემ.

ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" თავმჯდომარე ეკა გიგაური მმართველი გუნდის წარმომადგენლების და „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების მიერ აშშ-ს ელჩი კელი დეგნანისა და დასავლელი პარტნიორების მისამართით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ეკა გიგაურის შეფასებით, ხელისუფლების რიტორიკა ბიძინა ივანიშვილის მიერ არის შეთანხმებული და დაგეგმილი. მისივე თქმით, ”ამდენი თავდასხმის შემდეგ მოლოდინი იმისა, რომ დასავლეთთან ინტეგრაციის კუთხით რაღაცას მივაღწიოთ, არის ძალიან დაბალი - ეს იქნება შეუძლებელი, რადგან ყველაფერი გააკეთეს, რომ დასავლეთში მეგობარი აღარ ჰყავდეთ“.

თენგიზ ფხალაძე - რუსეთის ყველა უკანონო ნაბიჯი მოითხოვს რეაგირებას, მოსკოვმა უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაულისათვის, დუმილით კი ამას ვერ მივაღწევთ
ქართული პრესის მიმოხილვა 08.08.2022
კახა ოქრიაშვილი აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს