ადამ კინზინგერი - მნიშვნელოვანია საქართველოს მივცეთ იარაღი არა იმისთვის, რომ რუსეთს თავს დაესხას, არამედ იმისთვის, რომ ნათლად უთხრან: ჩვენ თავს დავიცავთ - ძალა თავიდან იცილებს ომს და სისუსტე მხოლოდ კარს უღებს

როდესაც მთავრობაში არსებული გარკვეული ძალებისგან მესმის, რომ ამერიკა ცდილობს საქართველო ჩაითრიოს ომში, ეს ნამდვილად ჟღერს, როგორც რუსული პროპაგანდა - ყველა ლიდერს საქართველოში ერთ რამეს ვეტყოდი: ებრძოლეთ დეზინფორმაციას, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, ამერიკა არ ცდილობს, რომ საქართველო რაიმე ტიპის ომში ჩართოს.

„როდესაც უკრაინაში ეს ომი დასრულდება, არავინ ამბობს, რომ საქართველოს არ შეუძლია დიპლომატიური ურთიერთობები ჰქონდეს რუსეთთან. ამერიკის შეერთებულ შტატებსაც აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. განსხვავება ისაა, რომ თუ გჯერა, რომ დათვის შეკავება შეგიძლია, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, და ფიქრობ, რომ ტორი არ მოგხვდება, უნდა იცოდე, რომ ეს ტყუილია, ტორი აუცილებლად მოგხვდება.

ამერიკა არ ცდილობს, რომ საქართველო ჩართოს რაიმე ტიპის ომში უკრაინაში. ამერიკას სურს, რომ საქართველო იყოს დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა.

ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს მივცეთ იარაღი არა იმისთვის, რომ რუსეთს თავს დაესხას, არამედ იმისთვის, რომ მათ ნათლად უთხრან: შენ უკანონოდ გაქვს ოკუპირებული ჩემი ქვეყნის 1/3 და შენ მეტის ოკუპირება აღარ შეგიძლია, ჩვენ თავს დავიცავთ. ვფიქრობ, უნდა დავუბრუნდეთ იმის გააზრებას, რომ ძალა თავიდან იცილებს ომს და სისუსტე მხოლოდ კარს უღებს მას.

როდესაც მთავრობაში არსებული გარკვეული ძალებისგან მესმის, რომ ამერიკა ცდილობს საქართველო ჩაითრიოს ომში, ეს ნამდვილად ჟღერს, როგორც რუსული პროპაგანდა. პირველ რიგში, მოდით, ამის ლოგიკურ ახსნაზე ვიფიქროთ.

დიახ, გვსურს, რომ საქართველომ მხარი დაუჭიროს უკრაინას, ეს არაჩვეულებრივი იქნება. მაგრამ თავად ის იდეა, რომ ჩვენ ვცდილობთ საქართველო ჩავითრიოთ აქტიურ ომში რუსეთთან, ეს უბრალოდ სასაცილოა. ყოველთვის, როდესაც რაღაც მსგავსი მესმის, ან როდესაც ჩვენს ელჩზე ხორციელდება თავდასხმა, მაგალითად ქალბატონ დეგნანზე, რომელიც არაჩვეულებრივად მუშაობს, სულ მიჩნდება კითხვა - რა სურვილი ამოძრავებს საქართველოს მთავრობის ზოგიერთ წევრს? მართლა სურთ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ახლოს იყვნენ, თუ უბრალოდ თავს გვაჩვენებენ რომ ასეა, რადგან იციან, რომ ქართველ ხალხს სურს ამერიკასთან ახლოს ყოფნა? ყველა ლიდერს საქართველოში ერთ რამეს ვეტყოდი: ებრძოლეთ დეზინფორმაციას. ჩვენ დავინახეთ, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც არ აქვს სამხედრო ძალა, აღმოჩნდა, რომ არც კულტურული ძლიერება აქვთ, მეტიც, ხალხს საკუთარი მთავრობა ეზიზღება. დამიჯერეთ, არ გინდათ, რომ იგივე თქვენს ქვეყანაშიც გქონდეთ“, - აცხადებს კონგრესმენი.

მან ასევე, ისაუბრა ამერიკის ელჩის კელი დეგნანის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებზე და აღნიშნა, რომ ეს არ აჩვენებს დასავლეთისკენ სვლის სურვილს.

„მე არ ვიცი ყველა დეტალი იმისა, რაც საქართველოში ხდება, თუმცა მინდა უბრალოდ გითხრათ, რომ ელჩი დეგნანი დიდ საქმეს აკეთებს შეერთებული შტატების სახელით, სრული განზრახვით, დაეხმაროს ჩვენს ურთიერთობებს საქართველოსთან. როდესაც მისნაირ ადამიანს დეზინფორმაციით ესხმი თავს, მაშინ შესაძლოა, რომ გარკვეული ინფორმაციის გაჟონვაც ხდებოდეს სამთავრობო ძალებიდან. ეს კი ძალიან ცუდ გზავნილს უგზავნის შეერთებულ შტატებს - რომ შესაძლოა არ გინდათ ჩვენთან მეგობრობა. როდესაც ამერიკის ელჩს არალეგიტიმური მიზეზით, ტყუილზე დამყარებული ინფორმაციის გამო თავს ესხმი, ამით არ აჩვენებ შენს ნებას, რომ დასავლეთისკენ იარო“, - განაცხადა კინზინგერმა.

კონგრესმენი „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „თითქოს არსებობს მცდელობა, გარკვეული მტრობა ჩამოყალიბდეს საქართველოსა და ამერიკას შორის, რაც სამომავლო საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილებებს უფრო გააადვილებდა“.

მისივე თქმით, ახლა მთავრობას არჩევანი არ აქვს, ისინი სიმპათიებით უნდა იყვნენ განწყობილნი დასავლეთისა და ამერიკის მიმართ, რადგან ესაა ის, რაც ქართველ ხალხს სურს.

ადამ კინზინგერმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსთვის დამატებით სამხედრო დახმარების საკითხზე. კონგრესმენის განცხადებით, საქართველოსთვის რისკები გამწვავებულია და ახლა დროა შეფასდეს რა სჭირდება ქართულ ჯარს.

„ვფიქრობ, რომ უნდა გავაანალიზოთ თავდაცვის, ან ზოგიერთ შემთხვევაში თავდასხმის დასავლური რა იარაღი სჭირდება საქართველოს და როგორ უნდა მიიღონ მათ ისინი, ვინაიდან მიწოდებისთვის, თავისთავად გარკვეული დროა საჭირო. ეს იარაღი შესაძლოა არ იყოს თავიდანვე "ჰაიმარსები", მაგრამ მჯერა, რომ "ჰაიმარსებს" მომავალში შეუძლიათ შემაკავებელი იარაღის როლი ითამაშონ. საჭიროა საქართველოს საჰაერო ძალების მოდერნიზებაც. მე მჯერა, რომ საქართველოს მთავრობისთვის მჭიდრო საჰაერო მხარდაჭერის გარკვეული შესაძლებლობა უნდა არსებობდეს“, - განაცხადა კონგრესმენმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს