დავით სერგეენკო - სენატის ან კონგრესის ნებისმიერი წევრის განცხადება საყურადღებოა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს  არის მთლიანად აშშ- ის სახელმწიფოს მოსაზრება

აშშ- ის სენატის ან კონგრესის ნებისმიერი წევრის განცხადება მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის მთლიანად აშშ- ის სახელმწიფოს მოსაზრება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რითაც ადამ კინზინგერის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობას, მათ შორის, მასაც არჩევანი გაკეთებული აქვს და აშშ ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორია.

„ალბათ, უფრო დეტალურად უნდა გავეცნო მის განცხადებას. ქვეყანაში სხვადასხვა მოსაზრება იქნება და ყველა ერთ პოზიციაზე არ იქნება, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, მათ შორის მეც, როგორც ერთ-ერთ რიგით მოქალაქეს, ძალიან მკაფიო არჩევანი მაქვს გაკეთებული ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობაზე და ერთ- ერთი ყველაზე მთავარი სტრატეგიული პარტნიორი არის აშშ.

აშშ- ის სენატის ამ კონგრესის ნებისმიერი წევრის განცხადება რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის მთლიანად აშშ- ის სახელმწიფოს მოსაზრება. მოსაზრებები სენატშიც, ისევე როგორც საქართველოს პარლამენტში, შეიძლება განსხვავდებოდეს,“ - განაცხადა სერგეენკომ.

რაც შეეხება „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების დამოკიდებულებას აშშ- ის მიმართ, სერგეენკო აცხადებს, რომ შეფასებები ნაადრევია. კითხვაზე, ხომ არ აზიანებს მათი განცხადებები აშშ- საქართველოს ურთიერთობას, სერგეენკო პასუხობს: „მჯერა და მინდა ასე იყოს, რომ აშშ- ისა და საქართველოს ურთიერთობას არავითარი ჩრდილი არ ადგებოდეს და ვითარდებოდეს“.

ცნობისათვის, ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის განცხადებით, როდესაც საქართველოს მთავრობაში არსებული გარკვეული ძალებისგან ესმის, რომ ამერიკა ცდილობს საქართველო ჩაითრიოს ომში, ეს ნამდვილად ჟღერს, როგორც რუსული პროპაგანდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა