ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიზნით, პარლამენტში პირველი საკანონმდებლო პაკეტი დაინიცირდა, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა წარადგინა.
კანონების პროექტები საქართველოს სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულად გამოყენების თაობაზე შემუშავებულ ცვლილებებს გულისხმობს და ის 11 საკანონმდებლო აქტს შეეხება.
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში შექმნილმა სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა, რომელმაც მუშაობა უკვე დაასრულა.
კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის მოსამართლის საქმიანობის შეფასების კრიტერიუმებში და მიეთითება, რომ მოსამართლის შეფასებისას მოხდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოყენების არა მხოლოდ რაოდენობრივი კომპონენტის, არამედ მათი რელევანტურობის გათვალისწინებაც. ამის გარდა, მიეთითება, რომ უზენაეს და სააპელაციო სასამართლოებში სავალდებულო იქნება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზის ფუნქციის მქონე სტრუქტურული ერთეულის არსებობა.
კიდევ ერთ სიახლეს წარმოადგენს ისიც, რომ მოქმედი მოსამართლე ვალდებული იქნება სამ წელიწადში 5 დღე მაინც დაუთმოს სკოლაში კვალიფიკაციის ამაღლებას. კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა სავალდებულო კომპონენტად უნდა ითვალისწინებდეს სწავლებას ადამიანის უფლებების სამართლის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საკითხებზე.