მიხეილ სარჯველაძე - მნიშვნელოვანია უფრო აქტიურად გვქონდეს გამოყენებული სტრასბურგის სასამართლოს იურისპრუდენცია ჩვენი ქვეყნის შიდა სახელმწიფოებრივ სამართალში

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულად გამოყენების თაობაზე კანონპროექტის შემუშავების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის ანგარიში მოისმინეს. ამის შესახებ ინფორმაცია პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ასევე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, მიხეილ სარჯველაძემ წარადგინა.

მან კოლეგებს და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც სხდომას ესწრებოდნენ გააცნო ინფორმაცია სამუშაო ჯგუფის საქმიანობასთან დაკავშირებით. ისაუბრა სამუშაო ჯგუფის შექმნისა და შემადგენლობის შესახებ, ასევე გამართული სამუშაო შეხვედრების თაობაზე.

„არა მარტო ჩვენი კომიტეტის, არამედ სხვა კომიტეტების წევრებიც იყვნენ ჩართული ჯგუფის მუშაობაში. ასევე ჯგუფის წევრები იყვნენ რელევანტური სახელმწიფო დაწესებულების, საქართველოს პროკურატურის, სასამართლო ხელისუფლების, იურიდიული პროფესიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სამუშაო შეხვედრებზე ყველა მხარეს შესაძლებლობა ჰქონდა წარმოედგინა იდეები და მოსაზრებები, თუ რამ შეიძლება საკანონმდებლო ცვლილებების მეშვეობით უზრუნველყოს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების, ზოგადად პრეცედენტული სამართლის უფრო რელევანტურად გამოყენება. სამუშაო შეხვედრებზე გამოიკვეთა გარკვეული იდეები და მოსაზრებები, რომელთაგან პრაქტიკულად უკვე ყველა აისახა კანონპროექტებში, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ როგორც ინიციატივას", -განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამასთა, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ანგარიში კომიტეტმა ცნობად მიიღო.

დღესვე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მიხეილ სარჯველაძემ საკანონმდებლო ინციატივის წესით წარადგინა საქართველოს სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულად გამოყენების თაობაზე შემუშავებული საქართველოს კანონების პროექტების პაკეტი. ინიცირებული პაკეტი 11 კანონპროექტისგან შედგება, ესენია: „სამოქალაქო საპროცესო და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" ცვლილება, „საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში, „პროკურატურის შესახებ" ორგანულ კანონში და „ადვოკატთა შესახებ", ასევე „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ", „ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში" ნორმატიული აქტების შესახებ", „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანული კანონსა და ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებები.

მომხსენებელმა თითოეულ კანონში ცვლილების განხორციელების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩემთვის განსაკუთრებით ღირებულია საქმე, რომელზეც ვმუშაობთ, მისი მიზნიდან გამომდინარე. ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყნის შიდა სახელმწიფოებრივ სამართალში უფრო აქტიურად გვქონდეს გამოყენებული სტრასბურგის სასამართლოს იურისპრუდენცია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ , რომ ამ სასამრთლოს იურისპრუდენციის რეპუტაცია ძალიან მაღალია. ეს არის პრაქტიკულად მექა, სადაც ყველაზე მაღალი ხარისხით, ყველაზე აკადემიურად, დახვეწილად, ყველაზე მაღალი სტანდარტით ხდება ზრუნვა ადამიანის უფლებების განვითარებაზე, სტანდარტების მუდმივ გაუმჯობესებაზე. ამიტომ ბუნებრივია, რომ ჩვენი კანონმდებლობის სწორება ამ მიმართულებაზე არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ეს წარმოდგენილი პაკეტი ამას ხელს შეუწყობს", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის დაინიცირების საკითხს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა