გიგა ბოკერია - წარმოიდგინეთ, მეორე მსოფლიო ომის დროს, ლონდონში გერმანელები რომ ჩასულიყვნენ და პაბებში გერმანულად სიმღერა დაეწყოთ, რა რეაქცია ექნებოდა საზოგადოებას? - ჩვენი მოქალაქეების ქსენოფობიაში დადანაშაულება უსინდისო ტყუილია

ქსენოფობია ანუ განსხვავებულის მიმართ შიში და სიძულვილი არის ის, რაზეც დგას ივანიშვილის რეჟიმი, როდესაც საკუთარ მოქალაქეებს ასხვავებს სხვადასხვა ნიშნით და უმცირესობების მიმართ სიძულვილზე აგებს თავის პოლიტიკას,- ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანია მიმდინარეობს.

ბოკერიას თქმით, პუტინის რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობით ქვეყანაში შემოსვლაზე რეაქცია, მაშინ როცა არ გყავს ხელისუფლება, რომელსაც ეროვნული ინტერესები აქვს, საქართველოს პატრიოტი მოქალაქის ბუნებრივი ინსტინქტია.

„წარმოიდგინეთ ისტორიული მაგალითი, ლონდონში მეორე მსოფლიო ომის დროს ბევრი გერმანელი რომ ჩასულიყო და პაბებში გერმანულად სიმღერა დაეწყოთ, რა რეაქცია ექნებოდა გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებას?! ამიტომ ამ შემთხვევაში ქართული საზოგადოების ქსენოფობიაში დადანაშაულება უსინდისო ტყუილია, აქ ეთნიკურ წარმოშობაზე არაა ლაპარაკი, ლაპარაკია მტრული სახელმწიფოს მოქალაქეებზე და მათი დიდი რაოდენობით ჩვენს სახელმწიფოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე მაშინ, როცა ხელისუფლება არ იცავს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

სტანდარტულზე მეტი მოქალაქეა შემოსული, არა მხოლოდ საქართველოში არამედ მთელ მსოფლიოში. ომის შემდგომ დაიძრა ხალხი, იმიტომ რომ სანქციების გამო მათი კომფორტული ცხოვრება დაირღვა. მე აქ არ ვგულისხმობ პუტინთან დაპირისპირებულ ადამიანებს, რომლებიც დევნილები არიან, ისინი უნდა მივიღოთ ყველგან, რუსები იქნებიან, ბელარუსები თუ სხვა, მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარია მოქალაქეებზე, ვინც უბრალოდ გაერიდა ამ რეჟიმს.

ევროკავშირის ქვეყნებმა, რომელთა ქსენოფობიაში დადანაშაულება რთულია, შეზღუდეს რუსეთის მოქალაქეების საკუთარ ქვეყნებში დიდი რაოდენობით შესვლა, მაგალითად ბალტიისპირელებმა, იმიტომ რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხია და არაფერ შუაში არ არის წარმოშობის გამო ადამიანის ზიზღი.

მათი უკონტროლოდ საგრძნობი რაოდენობით, სტანდარტულზე მეტის შემოსვლა და დარჩენა, განსაკუთრებული ყურადღების საგანი უნდა იყოს მინიმუმ ნებისმიერი ნორმალური ხელისუფლებისთვის, ხოლო როცა ასეთი არ გყავს, მაშინ ეს იწვევს საზოგადოების სერიოზულ შეშფოთებას, ეს ბუნებრივი და ნორმალური ამბავია,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა