გიორგი ვოლსკი - მთავარია სტაბილურობა იყოს - განვითარება სტაბილურობის გარეშე არ არსებობს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი შიდა ქართლში იმყოფებოდნენ და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის და გუნდის ინტერესი იყო ახლოს გაცნობოდნენ ხალხს და იმ მეურნეობებს, რომელსაც სახელმწიფო სერიოზული რესურსით დაეხმარა.

„მთავარია სტაბილურობა იყოს. განვითარება სტაბილურობის გარეშე არ არსებობს. ეს რეგიონი ჩვენთვის არის სტრატეგიული მნიშვნელობის. მთავარია, სოფლები არათუ იცლება, არამედ მოემატა მოსახლეობა. პრობლემები არის, მაგრამ ტენდენციები ძალიან დამაიმედებელია",- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტის თავმჯდომარემ, პირველმა ვიცე-სპიკერმა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფელ არბოში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ხეხილის ბაღები დაათვალიერეს და სოფლების აძვის და ჯარიაშენის სკოლას ესტუმრნენ.

„ჩვენი გუნდის და პარლამენტის თავმჯდომარის ინტერესი იყო ახლოს გავცნობოდით ხალხს და იმ მეურნეობებს, რომელსაც საკმაოდ სერიოზული რესურსით დაეხმარა სახელმწიფო და ადამიანები თავისი შრომისმოყვარეობით, პროფესიონალიზმით ნამდვილად ამართლებენ ამ დახმარებას და საკმაოდ წარმატებულები არიან. გარდა ამისა, დავათვალიერეთ ინფრასტრუქტურული პროექტები. სასმელი წყლით მომარაგება ყოველთვის პრობლემა იყო ამ მხარეში და ხალხს ათეული წლები არ ჰქონდა წყალი. არაერთი სოფელია, რომელიც უკვე ახალი პროექტებით გაყვანილი წყლით სარგებლობს და მათ შორის, საგანგებო მნიშვნელობა აქვს სარწყავ წყალს. შეუდარებლად დიდია სარწყავი წყლის არხების რაოდენობა. რომ არა ხალხის შრომისმოყვარეობა და პროფესიონალიზმი, ეს არ იქნებოდა, რასაც ახლა ვხედავთ. არც ერთი კვადრატული მეტრი მიწა არ არის დატოვებული დაუმუშავებლად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამას მოყვა ახალგაზრდების დაბრუნება სკოლებში, ოჯახების დაბრუნება და საკმაოდ სერიოზული რაოდენობაა პროგრამების, რომლითაც სარგებლობენ. რასაკვირველია, პრობლემები არის, არავინ თქვას, რომ ჩვენ მხოლოდ პოზიტიური ვითარების შეფასებისთვის ვართ ჩამოსული, მაგრ ამ პოზიტიური ტენდენციით, ამ ტემპით, რასაკვირველია პრობლემები გადაიჭრება",-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

შეხვედრებს გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, გორში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელს და რეგიონული ოფისის წარმომადგენელს შეხვდნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს