მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიცია სრულიად საპირისპირო საქმეს აკეთებს და იჩემებს, რომ პროევროპულობაზე ექსკლუზივის მფლობელია

ამბობენ, რომ რეალურად მუშაობა არ მიმდინარეობს და ამ დროს იდება კანონპროექტები, კონკრეტული ნაბიჯები იდგმება - იმედს ვიტოვებ, რომ რეალურად ეს ყველაფერი შვებულების პერიოდით აიხსნება და 1-ელი სექტემბრიდან ყველა შემოუერთდება პროცესს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებისთვის პარლამენტში მოქმედ სამუშაო ჯგუფებში ოპოზიციის არჩართვაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

სარჯველაძის თქმით, ოპოზიციის აღნიშნული ნაწილის უარი აუხსნელია.

„12 რეკომენდაცია რომ გამოცხადდა, „ქართულმა ოცნებამ“ პირველი, მყისიერად რაც გააკეთა, გამოვიდა და ყველას მოუწოდა, ერთად ვიმუშაოთ, გავაკეთოთ საქმე, რომელიც ევროინტეგრაციის მომდევნო ეტაპამდე მიგვიყვანს. ფართოდ გავაღეთ კარი. მეტიც - გავედით სამასპინძლოდ და ამაზე მივიღეთ ცივი, აუხსნელი უარი. შემდეგ დაიწყო მთელი კასკადი აბსოლუტურად აბსურდული მოტივებისა, თუ რატომ არ შემოდიან, მაგრამ ვერ ახსნეს. ამბობენ, რომ რეალურად მუშაობა არ მიმდინარეობს და ამ დროს იდება კანონპროექტები, კონკრეტული ნაბიჯები იდგმება - ამას ეძახიან არარეალურ მუშაობას. თვითონ ხომ რეალურად მუშაობენ? გააგრძელონ, მაგრამ ეს საქართველოს ინტერესში არ შედის და პროცესს აზიანებს. რაც უფრო მალე მოეგებიან გონს და ნორმალურ კალაპოტში ჩადგებიან, ეს იქნება სწორი. იმედს ვიტოვებ, რომ რეალურად ეს ყველაფერი შვებულებების პერიოდით აიხსნება და 1-ელი სექტემბრიდან აგერ ნახავთ, რომ ყველა შემოუერთდება პროცესს. ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს.

პროცესს ოპოზიციის გარეშე მაინც აქვს აზრი, რადგან რეალურად საკეთებელი საქმეებია. თუმცა პირველ პუნქტს, დეპოლარიზაციას, ასეთი მუშაობა ვერ წაადგება და ამაში დამნაშავე თავიდან ბოლომდე ოპოზიცია გახლავთ. ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ მგონია, რომ ეს ფაქტორი არ დარჩება შეუმჩნეველი შემფასებლებისთვის, რომლებიც ევროკავშირის მხრიდან შეაფასებენ იმას, ვინ რა მოიმოქმედა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციისთვის ხელი შეეწყო. მაგრამ ეს ოპოზიციას სჩვევია. სრულიად საპირისპირო საქმეს აკეთებს და იჩემებს, რომ ექსკლუზივის მფლობელია პროევროპულობაზე. ჩვენ პირიქით ვართ - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ევროპული პერსპექტივა შეუნარჩუნდეს და გაძლიერდეს ეს მიმართულება, რეალური ნაბიჯები გადაიდგას. ამით ვართ დაკავებული და საუბედუროდ, ოპოზიციის მხრიდან ხელის შეშლის მეტი არაფერი მიგვიღია“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

თენგიზ ფხალაძე - რუსეთის ყველა უკანონო ნაბიჯი მოითხოვს რეაგირებას, მოსკოვმა უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაულისათვის, დუმილით კი ამას ვერ მივაღწევთ
ქართული პრესის მიმოხილვა 08.08.2022
კახა ოქრიაშვილი აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს