დონბასში ვითარება კვლავ ძალიან მძიმე რჩება. ჩვენი არმია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შეაჩეროს რუსული ტერორი და ოკუპანტებს მაქსიმალური ზარალი მიაყენოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, დონეცკის ოლქის ავდიივკას, პისკის, მარინკას, ბახმუტსა და სხვა ტერიტორიებზე ოკუპანტების შესაჩერებლად მნიშვნელოვანი ძალისხმევა ხორციელდება, თუმცა, ბევრი სიცოცხლეც ეწირება.
“ასევე რთული ვითარებაა ხარკოვის ოლქშიც, ჩვენი ქვეყნის სამხრეთით, სადაც ოკუპანტები ძალების კონცენტრირებას ცდილობენ”, - აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, ის, რაც უკრაინას ყველაზე მეტად სჭირდება, არის იარაღი.
“მთავარი ახლა არის იარაღი ჩვენი თავდაცვისთვის, იარაღი პარტნიორებისგან. ყოველდღე, შეუსვენებლად, ვმუშაობთ იარაღის მიწოდების გაზრდაზე, ფრონტზე უფრო მძლავრი და დისტანციური სისტემების გაგზავნაზე. მომავალ კვირას ჩვენ ველით სიახლეებს პარტნიორებისგან მხარდაჭერის პაკეტებთან დაკავშირებით. კარგ სიახლეებს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
მან ხაზი გაუსვა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს იმ საფრთხის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმით შექმნა.
„ვესაუბრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს. მე მას მივაწოდე ინფორმაცია ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შესახებ, იმ საფრთხის შესახებ, რომელიც რუსეთმა შექმნა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმით. მსოფლიოში არ არსებობს ისეთი ერი, რომელსაც შეუძლია თავი დაცულად იგრძნოს, როცა ტერორისტული სახელმწიფო ატომურ სადგურს ბომბავს. ღმერთმა არ ქნას, რამე გამოუსწორებელი რომ მოხდეს, რადიოაქტიური დაბინძურების გამავრცელებელ ქარს ვერავინ შეაჩერებს. ამიტომ, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის ამ თავდასხმებზე საერთაშორისო საზოგადოების პრინციპული პასუხი სწორედ ახლაა საჭირო“, - აღნიშნა ზელენსკიმ.