უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International-მა უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებით ანგარიშის მომზადებისას იმ ადამიანების ინტერვიუები გამოიყენა, რომლებიც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე საპატიმროებში ან საფილტრაციო ბანაკებში იმყოფებოდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული საინფორმაციო სააგენტო „უნიანი“ სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ანგარიშისთვის მომზადებული მასალები რიგ შემთხვევებში რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმაც შეამოწმეს.
სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის ცნობით, ჩვენებების შეგროვების პროცესში ჩართულნი იყვნენ თავისუფალი ჟურნალისტები და მოხალისეები მიკოლაევის, ხარკოვის, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში. თუმცა, მათივე განმარტებით, ანგარიშისთვის განკუთვნილი მასალების უმეტესობა მიღებული იყო უკრაინელებისგან, რომლებიც ევაკუირებულები იყვნენ დროებით ოკუპირებული დონეცკის, ლუგანსკის ან ყირიმის ტერიტორიაზე.
ამასთან სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრში აღნიშნავენ, რომ რიგ შემთხვევებში მსგავსი ინტერვიუების მიცემა უკრაინელებისთვის ერთადერთი საშუალება იყო გაევლოთ საფილტრაციო ბანაკი და ოკუპირებული ტერიტორიების ფარგლებს მიღმა გასულიყვნენ.
ცნობისთვის, Amnesty International-ის ანგარიშის თანახმად, უკრაინელი სამხედროები რუსული თავდასხმის მოგერიების მცდელობისას საფრთხის ქვეშ აყენებენ მშვიდობიან მოსახლეობას, ქმნიან რა ბაზებს და ათავსებენ შეიარაღებას საცხოვრებელ რაიონებში მათ შორის სკოლებსა და საავადმყოფოებში.