ნინო დოლიძე - ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესის შეცვლა ნიშნავს შარლ მიშელის დოკუმენტზე კიდევ ერთხელ უარის თქმას - არაერთხელ გვინახავს ისეთი ცვლილებები, რომელიც მმართველი გუნდისთვის კონკრეტულ პოლიტიკურ კონტექსტს ერგება

ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესის შეცვლა, პირველ რიგში ნიშნავს შარლ მიშელის დოკუმენტზე კიდევ ერთხელ უარის თქმას, იმედი მაქვს ასე არ მოხდება, თუმცა, არაერთხელ გვინახავს მმართველი გუნდის მხრიდან ისეთი ცვლილებები, რომელიც მათთვის არის ხელსაყრელი და კონკრეტულ პოლიტიკურ კონტექსტს ერგება,- ასე აფასებს "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე იმ ფაქტს, რომ მმართველ გუნდში ცესკო- ს თავმჯდომარის არჩევის წესში ცვლილებებს და ამ მიმართულებით საარჩევნო კანონმდებლობის კიდევ ერთხელ გადახედვას არ გამორიცხავენ.

როგორც ნინო დოლიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, მუდმივად კანონმდებლობის გადახედვის ნაცვლად, უმჯობესი იქნება მმართველმა გუნდმა ძალისხმევა კონსენსუსის ძიებისკენ მიმართოს.

„ამ ეტაპზე არსებული ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესთან დაკავშირებით ძალიან დიდი ხნის დისკუსიები იყო და მიღწეული იქნა შეთანხმება მრავალპარტიულად შარლ მიშელის შეთანხმების დროს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ კონსენსუსზე დაფუძნებით მოხდა შეთანხმება ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც უკავშირდება ცესკო-ს თავმჯდომარეს და პროფესიული წევრების არჩევას.

ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესის შეცვლა, პირველ რიგში ნიშნავს შარლ მიშელის დოკუმენტზე კიდევ ერთხელ უარის თქმას, იმედი მაქვს, ასე არ მოხდება. თუმცა, ჩვენ, არაერთხელ გვინახავს მმართველი გუნდის მხრიდან ისეთი ცვლილებები, რომელიც მათთვის არის ხელსაყრელი და კონკრეტულ პოლიტიკურ კონტექსტს ერგება. ზოგადად, ძალიან დიდი პრობლემაა კოდექსის და კანონმდებლობის ხშირად ცვლილება. მეორე მხრივ, პრობლემაა ის ფაქტი, რომ მუდმივად ხდება პოლიტიკურ კონტექსტზე მორგება და არ ხდება შორეულ პერსპექტივაზე გათვლა. იმედი მაქვს, რომ ეს ცვლილებები არ განხორციელდება.

დღეს მოქმედი შერჩევის წესი სწორედაც დაფუძნებულია იმაზე, რომ მრავალპარტიული დისკუსია მოჰყვეს პარლამენტში, მცდელობა იყოს შეთანხმების და მოლაპარაკებების, თუ ეს გადაიხედება, შეიცვლება, ან გაუარესდება, ცხადია, არ წაადგება პროცესს, პირიქით დააზიანებს.

ცესკო-ს თავმჯდომარის მიმართ ნდობა გადამწყვეტია არჩევნების მიმართ ნდობისთვის. ცესკო-ს თავმჯდომარე არჩეული უნდა იყოს მრავალპარტიული ფართო კონსენსუსის საფუძველზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველი არჩევნების შემდეგ კითხვები გაჩნდება.

იმედი მაქვს, იმის გამო, რომ უკმაყოფილოები არიან პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, ასეთი ცვლილებები არ მოჰყვება. ამასთან, მარტივი არ არის, რომ პრეზიდენტი ჩამოაშორო ამ პროცესს. მომავალში რაზე შეიძლება იყოს მსჯელობა ამას ვერ ვიტყვი. ნებისმიერი ცვლილება, რაც დაკავშირებულია საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებაზე ძალიან ფართო დისკუსიის საგანი უნდა იყოს. თუ რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული გაუმჯობესებისკენ გადადგმული ნაბიჯი უნდა იყოს და არა გაუარესებისკენ.

ნაცვლად მუდმივად კანონმდებლობის გადახედვისა, უმჯობესი იქნება მმართველმა გუნდმა ძალისხმევა მიმართოს კონსენსუსის ძიებისკენ და ისეთი კანდიდატი/ები იქნას მოძიებული, რომელიც იქნება პროფესიონალი, მიუკერძოებელი და ექნება ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა და ნდობა “,- აღნიშნავს ნინო დოლიძე.

შეგახსენებთ, მმართველ გუნდში ცესკო- ს თავმჯდომარის არჩევის წესში ცვლილებებს და ამ მიმართულებით საარჩევნო კანონმდებლობის კიდევ ერთხელ გადახედვას არ გამორიცხავენ. როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა გუშინ ჟურნალისტებთან ცესკო-ს თავმჯდომარის 2/3- ით არჩევის წესთან დაკავშირებით განაცხადა, „ზოგიერთი თავსმოხვეული კანონი მანკიერია“.

ცნობისთვის, მოქმედი კანონმდებლობით, კონკურსის წესით გამოვლენილ, ცესკო- ს თავმჯდომარის და პროფესიული წევრების კანდიდატურებს პრეზიდენტი ასარჩევად პარლამენტს წარუდგენს. პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა თავდაპირველად 2/3 - იანი კვორუმით ტარდება. იმ შემთხვევაში, თუკი ცესკო- ს თავმჯდომარისა და წევრების 2/3- ით არჩევა ვერ ხდება, კენჭი მათ სრული შემადგენლობის უმრავლესობით ეყრება. 2/3- იანი კვირუმით არჩეული ცესკო- ს თავმჯდომარე თანამდებობას 5 წლიანი ვადით იკავებს, ხოლო უბრალო უმრავლესობით დამტკიცებული - 6 თვის ვადით. აღსანიშნავია, რომ ცესკო- ს დაკომპლექტების არსებული მოდელი შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა