აკია ბარბაქაძე - ყირიმი რუსეთისთვის იყო „ჩაუძირავი ავიამზიდი“ და გუშინდელი დარტყმებით, ისიც ჩაეძირათ - რუსეთუმეებს შეუძლიათ ჩაინიშნონ ეს დღე, რადგან უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის წაგება გაფორმდა

მე მგონია, რომ ეს იყო სარაკეტო დარტყმები. დივერსიული საქმიანობის შედეგად შეიძლება 1 და 2 აფეთქება იყოს და ძალიან რთულია, რომ 8 ასეთი დიდი აფეთქება გამოიწვიო მხოლოდ დივერსიული საქმიანობით, - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა, აკია ბარბაქაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც შეაფასა 9 აგვისტოს, ყირიმის ნახევარკუნძულზე, სოფელ ნოვოფედოროვკასთან რუსულ სამხედრო-საჰაერო ბაზაზე მომხდარი აფეთქებები.

ბარბაქაძის თქმით, შეიძლება ითქვას, რომ ამიერიდან უკრაინის ტერიტორიაზე არ არსებობს ადგილი, სადაც რუსულმა ჯარმა შეიძლება უსაფრთხოდ იგრძნოს თავი.

„ეს ფაქტი შეგვიძლია შევადაროთ კრეისერ „მოსკოვის“ ჩაძირვას. ის თუ იყო რუსული ფლოტის სიამაყე, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ყირიმი რუსეთისთვის არის „ჩაუძირავი ავიამზიდი“ და ამ დარტყმების შედეგად, ეს „ჩაუძირავი ავიამზიდიც“ ჩაეძირათ. ფაქტობრივად, ყირიმი რუსეთის ჯარების ბაზირებისათვის უსაფრთხო აღარ არის - ეს ის მოცემულობაა, რომელსაც რუსები უნდა შეეგუონ. რეალურად, უკრაინის ტერიტორიაზე არ არსებობს ადგილი, სადაც რუსულმა დაჯგუფებებმა უსაფრთხოდ შეიძლება იგრძნონ თავი და ეს გუშინ ოფიციალურად გაფორმდა.

ჯერჯერობით ეს მასიური შეტევა არ არის. მასიური შეტევა იქნება მაშინ, როდესაც სახმელეთო ჯარები, ავიაძალები და ა.შ. ერთობლივი მუშაობით შეუდგებიან საქმეს, რასაც მოჰყვება რუსული სამხედრო შენაერთების ალყაში მოქცევა ან ფიზიკურად განადგურება. იმ რუსეთუმეებს, რომლებიც თვლიდნენ, რომ რუსებს ჰქონდათ შანსი, გუშინდელი ოპერაციის შემდეგ შეუძლიათ ჩაინიშნონ დღე, როდესაც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის წაგება გაფორმდა“, - განაცხადა ბარბაქაძემ.

მისივე თქმით, დიდი ხანია, რაც რუსეთის ჯარის უძლეველობის მითი „დასამარდა“. ამის პარალელურად ბარბაქაძემ აღნიშნა, რომ რუსეთის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები უძლურია დასავლური, თანამედროვე ტიპის ზალპური სარაკეტო სისტემების წინააღმდეგ.

„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსებს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა არ აქვთ. ის სისტემები, რომლითაც რუსებს მოჰქონდათ თავი, ვერ ხედავს „ჰაიმარსების“ რაკეტებს. რეალურად, რუსების რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები უძლური არის ნატო-ს ქვეყნების დასავლური ზალპური ცეცხლის სისტემების წინააღმდეგ. რეალურად, განადგურებული იქნება როგორც რუსული რადარები, მათი ჯარების მართვის პუნქტები, ცენტრალური შტაბები, საარტილერიო სისტემები და აეროდრომები. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ფაქტობრივად ვერცერთ მონაკვეთზე ვეღარ მოიპოვებს სტრატეგიულ უპირატესობას, ვინაიდან ამ დასავლური ზალპური ცეცხლის სისტემები ძალიან შორს მსროლელი არტილერიით უკრაინამ დიდი უპირატესობა მოიპოვა. მთავარია, უკრაინამ მიიღოს საჭირო რაოდენობის შეიარაღება და უკვე შეიძლება ითქვას, რომ სტრატეგიულად რუსეთი უკვე დამარცხებულია. ჩვეულებრივი, სტანდარტული შეიარაღებით რუსეთი ვერ შეძლებს შეტევითი უპირატესობის მიღწევას ოპერატიულ ველზე.

ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ რუსეთისგან განსხვავებით, უკრაინას დასავლელი პარტნიორების დახმარებით აქვს სრულყოფილი სადაზვერვო მონაცემები. უკრაინას, რუსეთთან შედარებით, აქვს ულევი რესურსი - როგორც ადამიანური, ისე მატერიალური, ფულადი, მხარდაჭერის მიმართულებით და მოტივაციით - უკრაინელი ხალხი იმარჯვებს ამ ბრძოლაში. უკრაინელები, ერთად შეკრული ერია რუსებისგან განსხვავებით. რუსულად გეტყვით - ყველამ იცის, რომ რუსეთი არის „იზგოი“ ანუ კეთროვანი ქვეყანა, რომელიც დანაშაულებრივ ომს აწარმოებს. ის 60%, რომელიც აძლევს მანდატს პუტინს, არიან ბოროტმოქმედები და ისინი ამის გამო დაისჯებიან.

ცოტა ხანში ვნახავთ, რომ უკრაინა ავიაციაშიც ასეთივე უპირატესობას მოიპოვებს. ჩემი აზრით, დაახლოებით ნოემბერი-დეკემბრისთვის იქნება გენერალური, გადამწყვეტი შეტევა, როდესაც უკრაინელები ფაქტობრივად გაანადგურებენ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს და მოსპობენ მათ საბრძოლო პოტენციალს“, - განაცხადა აკია ბარბაქაძემ.

ცნობისთვის, 9 აგვისტოს ყირიმში, რუსეთის სამხედრო აეროდრომზე რამდენიმე მძლავრი აფეთქება მოხდა. აღნიშნული სამხედრო ბაზა საკის რაიონის სოფელ ნოვოფედოროვკას მახლობლად მდებარეობს და ის გამოიყენება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ავიაციის - თვითმფრინავებისა და ვერტმფრენებისთვის, მათ შორის, საზღვაო ავიაციისთვის.ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქებებს ასევე მოჰყვა მსხვერპლიც.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა