ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება

უკრაინაში მიმდინარე ომი ფონზე საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ ჯეოქეისის აღმოსავლეთის მიმართულების დირექტორს და ევროპის უნივერსიტეტის პროფესორს, ემილ ავდალიანს ესაუბრა.

- ბატონო ემილ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებულმა აგრესიამ მსოფლიო მნიშვნელოვნად რომ შეცვალა, ვხედავთ. კოლექტიური დასავლეთი ცდილობს რუსეთი ამყოფოს ეკონომიკური და ფინანსური სანქციების ქვეშ.

შექმნილ ვითარებაში თავის მხრივ კრემლი ცდილობს მარტო არ დარჩეს, ემისრებს ხან პეკინში აგზავნის, ხან, ინდოეთში, ხან ოკეანიის ქვეყნებში. პრეზიდენტი პუტინი თეირანში თავად იყო ჩასული.

ირანში ვიზიტამდე რუსული მედია აქტიურად საუბრობდა, რომ პუტინი თეირანში ირანული უპილოტო თვითმფრინავების სათხოვნელად იყო ჩასული. დრომ აჩვენა, რომ ირანს რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ თავისი უპილოტოები არ მიუცია. მიზეზიც გაირკვა - თეირანმა დასავლეთისგან მიიღო საერთაშორისო ბაზარზე თავისი ნავთობის ლეგალურად გატანის შესაძლებლობა.

ამის პარალელურად არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანსა და დასავლეთს შორის განახლდა მოლაპარაკებები ირანულ ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით. მეტიც, უკვე ცნობილია, რომ ირან-დასავლეთის მოლაპარაკებებში ბირთვულ შეთანხმებაზე გარკვეული წინსვლა შეინიშნება და დიდი ალბათობით შეთანხმება მიღწეული იქნება.

ირანსა და დასავლეთს შორის დაახლოება სავარაუდოდ, როგორ შეიძლება აისახოს სამხრეთ კავკასიაზე და კერძოდ საქართველოზე?

- ნამდვილად არსებობს იმის შანსი, რომ დასავლეთი და ირანი საბოლოოდ მიაღწევენ ბირთვულ შეთანხმებას. ეს ირანის საგარეო პოლიტიკას მეტ მოქნილობას შესძენს, რაც პირველ რიგში საინტერესო იქნება მის სამხრეთ კავკასიისადმი გატარებულ პოლიტიკაში.

ირანის პოზიციები რეგიონში მნიშვნელოვნად შეირყა 2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომის შედეგად, როდესაც რუსული სამხედრო პოზიციები მკვეთრად მოძლიერდა და ირანის ინტერესების გათვალისწინებას დიდად არავინ ცდილობდა. თუმცა უფრო მტკივნეული თეირანისთვის თურქეთის გაძლიერება იყო.

ირანის ჩრდილოეთ საზღვრის გასწვრივ, ფაქტობრივად, ერთიანი თურქული დერეფნის შექმნის საშიშროება შეიქმნა. ეს იმის გათვალისწინებით, რომ რეალური შესაძლებლობა შეიქმნა იმისა, რომ სომხეთის სამხრეთ ნაწილში, სიუნიკის პროვინციაზე აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის დამაკავშირებელ სატრანზიტო ინფრასტრუქტურას გაევლო.

ირანს დასჭირდა დიდი ძალისხმევა შექმნილი რთული მდგომარეობის გამოსასწორებლად. პირველი ნაბიჯი იყო 2021 წლის სექტემბერში ისლამური რესპუბლიკის მიერ მსხვილი სამხედრო წვრთნები ჩატარდა, რომლის მიზეზიც ჩრდილოეთ საზღვარზე მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებებისთვის სიმბოლური პასუხის გაცემა იყო.

2022 წლის მარტში, ირანმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვით ბაქო გამოიყენებდა ირანის ტერიტორიას ნახიჩევანამდე მისასვლელად. ამით ირანმა ნაწილობრივ გამოასწორა თავისი შესუსტებული პოზიციები, თუმცა საფრთხეები მაინც არსებობს: მეტად აგრესიული რუსეთი, გააქტიურებული თურქეთი, თავდაჯერებული აზერბაიჯანი და ზედმეტად დასუსტებული სომხეთი.

2022 წლის მარტში, ირანმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვით ბაქო გამოიყენებდა ირანის ტერიტორიას ნახიჩევანამდე მისასვლელად. ამით ირანმა ნაწილობრივ გამოასწორა თავისი შესუსტებული პოზიციები, თუმცა საფრთხეები მაინც არსებობს: მეტად აგრესიული რუსეთი, გააქტიურებული თურქეთი, თავდაჯერებული აზერბაიჯანი და ზედმეტად დასუსტებული სომხეთი

ამიტომაც, ბირთვული შეთანხმება და ირანისთვის სანქციების მოხსნა თეირანს შესაძლებლობას მისცემს მეტად აქტიურად ჩაერთოს სამხრეთ კავკასიის პოლიტიკაში. პირველი, რასაც უნდა მოველოდოთ ალბათ არის გააქტიურებული სავაჭრო ურთიერთობები, გაზრდილი ტურისტული ნაკადი და თეირანის მცდელობები საბოლოოდ ეფექტიანად აამუშაოს „3+3“ ინიციატივა.

კიდევ ერთი მიმართულება სადაც ირანი დიდ წინსვლას მოელის არის რეგიონული ინფრასტრუქტურა. შესაძლებელი იქნება აზერბაიჯანზე გამავალი ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის დასრულება, რომელიც ინდოეთს (ირანის გავლით) რუსულ პორტებს დააკავშირებს.

რუსეთზე დაწესებულმა სანქციებმა ეს პროცესი უფრო მეტად გაართულა, მაგრამ როგორც პუტინის თეირანში ვიზიტმა ცხადყო, ორ ქვეყანას მზაობა აქვთ ევრაზიაში სავაჭრო გზები გადაახალისონ.

რა თქმა უნდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ირანს ამ მიზნების მარტივად განხორციელება გამოუვიდეს. თუმცა ისლამური რესპუბლიკა შეეცდება ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიაში ახალი წესრიგის აგებას. მას, ისევე როგორც რუსეთს, არ სურს ნატოსა და ევროკავშირის გაფართოება თავის ჩრდილოეთ საზღვართან. ამაში თეირანი სრულად რუსეთის მხარეს დაიჭერს, თუ კი სამხრეთ კავკასიის გარშემო მოსკოვსა და დასავლეთს შორის დაძაბულობა მოიმატებს.

ისლამური რესპუბლიკა შეეცდება ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიაში ახალი წესრიგის აგებას. მას, ისევე როგორც რუსეთს, არ სურს ნატოსა და ევროკავშირის გაფართოება თავის ჩრდილოეთ საზღვართან. ამაში თეირანი სრულად რუსეთის მხარეს დაიჭერს, თუ კი სამხრეთ კავკასიის გარშემო მოსკოვსა და დასავლეთს შორის დაძაბულობა მოიმატებს

ეს არ ნიშნავს იმას, რომ თეირანი და რუსეთი სრულად მეგობრულ პოზიციებზე არიან. მათ ბევრი წინააღმდეგობა გააჩნიათ იქნება ეს მთიანი ყარაბაღის, კასპიის ზღვის თუ სეპარატისტული რეგიონების საკითხების გარშემო. თუმცა ისტორიული მეტოქეობის მიუხედავად, ამ ორ ძალას, ორ ყოფილ იმპერიას, საკმაოდ კარგად ესმის ერთმანეთის.

ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს მაშინ, როდესაც საქმე დასავლეთთან დაპირისპირებას შეეხება და სამხრეთ კავკასიიდან და კასპიის ზღვიდან არარეგიონული ძალების განდევნას შეეხება. როდესაც ივლისში პუტინი თეირანში ჩავიდა, აიათოლა ალი ხამენეი მას სრული მხარდაჭერა აღუთქვა ნატოსთან ურთიერთობის საკითხში.

ირანი და რუსეთი ის ორი ქვეყანაა, რომელთაც გავლენის სფეროები და რეგიონალიზმის იდეები საფუძვლად უდევთ თავის საგარეო პოლიტიკის წარმოების საქმეში. ირანისთვის რუსეთი უმნიშვნელოვანეს პარტნიორს წარმოადგენს, რადგან მოსკოვი დღეს დასავლეთის წინააღმდეგ მოქმედებს, რითაც გარკვეულწილად ასუსტებს-ადუნებს ამერიკის და ევროკავშირის ყურადღებას მახლობელ აღმოსავლეთში ისლამური რესპუბლიკის ამბიციებისადმი.

ამიტომაც, ბირთვული შეთანხმების შემდეგაც, ირანი და რუსეთი მჭიდრო გეოპოლიტიკურ პარტნიორებად დარჩებიან, რითაც თავის სამეზობლოებში დასავლეთის გავლენის მკვეთრ შემცირებას შეეცდებიან.

ბირთვული შეთანხმების შემდეგაც, ირანი და რუსეთი მჭიდრო გეოპოლიტიკურ პარტნიორებად დარჩებიან, რითაც თავის სამეზობლოებში დასავლეთის გავლენის მკვეთრ შემცირებას შეეცდებიან

- თურქეთს საინტერესო პოზიცია უკავია უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით. ომის დაწყების პირველივე დღეებში ანკარამ ღიად და მკაფიოდ დაუჭირა მხარი უკრაინას. უკრაინას თავისი უპილოტო თვითმფრინავები „ბაირაქტარებიც“ კი გადასცა.

პრეზიდენტი ერდოღანი აქტიურად ჩაერთო უკრაინული პორტებიდან უკრაინული ხორბლის გატანის დაწყების მოლაპარაკებებში. დრომ აჩვენა, რომ ამ საქმეში ერდოღანის როლი და წვლილი მეტი აღმოჩნდა, ვიდრე გაეროსი.

ამის პარალელურად, თურქეთის პრეზიდენტი გახლავთ ის პოლიტიკოსი, ვინც ინარჩუნებს პრეზიდენტ პუტინთან კონტაქტებს. არა მარტო არ დაუწესებია რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები, არამედ ხელი მოაწერა რუსეთთან შეთანხმებას, რომლითაც ანკარამ ივალდებულა თურქეთის გავლით რუსული ნავთობის ტრანსპორტირება.

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე როგორ შეაფასებდით ოფიციალური ანკარის პოლიტიკას? სავარაუდოდ, რა გავლენა შეიძლება იქონიოს საქართველოზე ანკარა-რუსეთის ურთიერთობებმა?

- თურქეთი ცდილობს რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე დაბალანსებული პოლიტიკა გაატაროს. ის ესაუბრება ორივე მხარეს და პრინციპულია საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვის პროცესში.

თურქეთი ნატოში შვედეთის და ფინეთის მიღებას თანხმდება, თუმცა ამავდროულად ერდოღანი პუტინს ხვდება და სირიაში მიმდინარე საკითხებს განიხილავს. თურქეთის პოლიტიკა უკრაინაში მიმდინარე ომისადმი ლოგიკური გაგრძელებაა იმ პროცესის, რომელსაც მახლობელი აღმოსავლეთის მკვლევრები უკვე თითქმის ერთი ათწლეულის განმავლობაში ვაკვირდებოდით.

თურქეთი ე. წ. „ევრაზიულ“ პოლიტიკას ატარებს. მისთვის დასავლეთთან ურთიერთობები უდავოდ მნიშვნელოვანია, თუმცა არა ერთადერთი. ქვეყნის რესურსები და გეოგრაფიული პოზიცია იძლევა საშუალებას, რომ დასავლეთზე დამოკიდებულება, რომელიც გარკვეულწილად „ცივი ომის“ დროს მკვეთრად გამოხატულ ხასიათს ატარებდა (თუმცა მანდაც უამრავი ნიუანსი იყო თუ როგორ ცდილობდა ანკარა საბჭოთა კავშირთან დაახლოებას), დაბალანსდეს ევრაზიის მთავარ მოთამაშეებთან ახლო ურთიერთობების კულტივირებით. ესენი ჩინეთი, პაკისტანი, ინდოეთი და, რა თქმა უნდა, რუსეთია.

თურქეთი .. „ევრაზიულპოლიტიკას ატარებს. მისთვის დასავლეთთან ურთიერთობები უდავოდ მნიშვნელოვანია, თუმცა არა ერთადერთი. ქვეყნის რესურსები და გეოგრაფიული პოზიცია იძლევა საშუალებას, რომ დასავლეთზე დამოკიდებულება, რომელიც გარკვეულწილად ცივი ომის“ დროს მკვეთრად გამოხატულ ხასიათს ატარებდა, დაბალანსდეს ევრაზიის მთავარ მოთამაშეებთან ახლო ურთიერთობების კულტივირებით

მთავარი, რასაც საქართველოში ხაზი უნდა გაესვას ხოლმე არის თურქეთის და რუსეთის ხშირად იდენტური ხედვები ბევრ რეგიონალურ საკითხთან მიმართებაში. კი, ეს ის ორი ძალაა, რომლებმაც თავის ისტორიაში თორმეტჯერ იომეს და ვისი ეს ისტორიული ანტაგონიზმი აღქმულია, როგორც გარანტია იმისა, რომ ორ ძალას შორის დაახლოება შეუძლებელია და თუ რამე სახის დაახლოება მოხდება, ის მხოლოდ დროებითი ხასიათის იქნება. ეს მოსაზრება მცდარია.

მართალია, მოლოდინი რომ ამ ორ ძალას შორის რამე სახის ოფიციალური ალიანსი შეიქმნება არარეალისტურია, ანკარას და მოსკოვს სურთ მათ სამეზობლოში უცხო ძალები არ ერეოდნენ. ისინი „რეგიონალიზმის“ პრინციპით ხელმძღვანელობენ და თან კარგად ესმით, რომ ხშირად ერთმანეთის მოწინააღმდეგეებიც არიან. მათთვის ორმხრივი ურთიერთობების ასეთი ტიპი უფრო მოსახერხებელია, უფრო ბუნებრივია ისტორიული გამოცდილებიდან.

ანკარას და მოსკოვს სურთ მათ სამეზობლოში უცხო ძალები არ ერეოდნენ. ისინი რეგიონალიზმის პრინციპით ხელმძღვანელობენ და თან კარგად ესმით, რომ ხშირად ერთმანეთის მოწინააღმდეგეებიც არიან. მათთვის ორმხრივი ურთიერთობების ასეთი ტიპი უფრო მოსახერხებელია, უფრო ბუნებრივია ისტორიული გამოცდილებიდან

ორი ყოფილი იმპერია (თუმცა, რუსეთი დღეს ოფიციალურად ისეც იმპერიულ გზას დაადგა) ისტორიულად ყოველთვის ძალთა ბალანსის და გავლენის სფეროების ჩამოყალიბების მომხრე იყო. დღესაც, პრაქტიკულად, იგივე ტენდენციებს ვხედავთ. თურქეთმა და მოსკოვმა ისწავლეს წინააღმდეგობების გადალახვა. მათ სჯერათ, რომ პრაგმატულობა ორმხრივ ურთიერთობაში ბევრად მეტი სიკეთის მომტანია.

განსაკუთრებული კვლევის საგანი უნდა გახდეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ბოლო ათწლეულის განმავლობაში თურქეთში პრო-რუსული სენტიმენტები საკმაოდ მომატებულია. ეს ჩანს პოლიტიკურ ისტებლიშმენტში და, რაც მთავარია, ეს პროცესი თურქეთ-დასავლეთის ურთიერთობების გაუარესების პარალელურად მიმდინარეობდა.

არსებობს მოსაზრება, რომ პრო-რუსული სენტიმენტები თურქულ პოლიტიკურ ელიტაში საკმაოდ გრძელვადიან პროცესს წარმოადგენს და რომ თურქეთი ამით ცდილობს საჭირო ელემენტად ჩამოყალიბდეს როგორც დასავლეთისთვის, ასევე მოსკოვისთვის. ეს ყველაფერი კი იმის ფონზე მოხდება, რომ ანკარა, პირველ რიგში, ყოველთვის შეეცდება თავისი ინტერესები წაწიოს წინ.

არსებობს მოსაზრება, რომ პრო-რუსული სენტიმენტები თურქულ პოლიტიკურ ელიტაში საკმაოდ გრძელვადიან პროცესს წარმოადგენს და რომ თურქეთი ამით ცდილობს საჭირო ელემენტად ჩამოყალიბდეს როგორც დასავლეთისთვის, ასევე მოსკოვისთვის. ეს ყველაფერი კი იმის ფონზე მოხდება, რომ ანკარა, პირველ რიგში, ყოველთვის შეეცდება თავისი ინტერესები წაწიოს წინ

ზუსტად ამ ისტორიული და გეოპოლიტიკური პერსპექტივიდან უნდა დავინახოთ თურქეთის თამაში უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე. ანკარას სურს ისეთი პოზიცია ჰქონდეს, რომ რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ეს ომი, თურქეთმა გამარჯვებულთან მარტივად გამონახოს საერთო ენა და თავისი კრიტიკული ინტერესების დაცვა უზრუნველყოს. ეს ღრმად პრაგმატული მიდგომა, ანკარის გადმოსახედიდან, საკმაოდ მომგებიანია.

მართლაც რუსებთან და ირანელებთან ასეთი პრაგმატული ურთიერთობების შედეგი იყო საკვანძო თურქული ინტერესების დაცვა ჩრდილოეთ სირიაში თუ სამხრეთ კავკასიაში.

- დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები კრიტიკულ ფაზაშია. რაც მეტი დრო გადის, სულ მეტად ხდება ცხადი, რომ მხარეების პოზიციებში კორექტივების შეტანის არანაირი წინაპირობა რეალურად აღარ არსებობს.

ასეა მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული დიპლომატიის პატრიარქმა კისინჯერმა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ კრემლის ადვოკატირებას ცდილობდა, რამდენიმე დღის წინ დაახლოებით ასეთი რამ განაცხადა - ახლა დასავლეთი უკრაინას, როგორც ნატოს წევრ ქვეყანას ისე უნდა მოექცეს.

ვხედავთ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე დასავლეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის სფეროები ნაკლებად რჩება. თუ უკრაინაში ომის დაწყებამდე აშშ-სა და რუსეთს შორის თანამშრომლობა ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით აქტუალური იყო, ახლა ამაზეც აღარაა საუბარი. გვახსოვს, რომ უკრაინაში ომის დაწყების წინ ბირთვულმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს პოზიციები იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი არ გამოიყენებდნენ ბირთვულ იარაღს.

ფაქტია, რომ რუსები აკონტროლებენ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტრო სადგურს, რაც საფრთხეს უქმნის როგორც უკრაინას, ისე ევროპას. შექმნილ ვითარებაში რა საკითხებში შეიძლება ითანამშრომლოს დასავლეთმა რუსეთთან?

- სავარაუდოდ, კოლექტიურ დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები კიდევ დიდი ხანი არ დალაგდება. ასევე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ორივე მხარე გრძელვადიანი დაპირისპირების მკვეთრ ფაზაში შევიდა. დასავლეთისთვის გასაგებია, რომ თუ რუსეთი არ შეაჩერეს, მომავალში პრობლემები უკვე უშუალოდ ევროპის შუაგულს და ევრო-ატლანტიკურ ერთობას შეექმნება.

დასავლეთისთვის გასაგებია, რომ თუ რუსეთი არ შეაჩერეს, მომავალში პრობლემები უკვე უშუალოდ ევროპის შუაგულს და ევრო-ატლანტიკურ ერთობას შეექმნება

კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომ ვხედავ გრძელვადიანი კონფლიქტის გარდაუვალობას ისაა, რომ რუსეთში უკრაინაში მიღწეული შედეგებით უკმაყოფილონი არიან. მოსკოვმა რამდენი ტერიტორიაც არ უნდა დაიკავოს, მთავარი მიზანი მაინც განუხორციელებელი რჩება – შეცვალოს უკრაინული ხელისუფლება, ხელი მოაწერინოს კაპიტულანტურ შეთანხმებაზე და ა. შ.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს ასეთი სცენარის განვითარების პრაქტიკულად არცერთი ვარიანტი არ არსებობს. ამავდროულად, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსები მარტივად გავლენ უკრაინიდან.

ჩვენ უფრო სტაგნაციურ ფაზაში გადავდივართ, როდესაც ცვლილებები ფრონტის ხაზზე იქნება, მაგრამ საერთო ჯამში ორივე მხარეს გაუჭირდება თავისი მიზნების სრულად მიღწევა.

ამ სტაგნაციური მომენტის ერთ-ერთი მიზეზია დასავლეთის ქვეყნებში სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურება. რა არის ეს სტრატეგიული გადაწყვეტილება: როგორ უნდა შეაჩერონ რუსეთი? არის ეს მისი სრული სამხედრო მარცხი უკრაინაში თუ რუსული სამხედრო მანქანის ისე დასუსტება, რომ მან უკრაინაში კიდევ ბევრი წლის განმავლობაში წინსვლა ვერ შეძლოს? მრჩება შთაბეჭდილება, რომ კოლექტიური დასავლეთი ჯერ კიდევ ამ დილემის წინაშე დგას.

როგორ უნდა შეაჩერონ რუსეთი? არის ეს მისი სრული სამხედრო მარცხი უკრაინაში თუ რუსული სამხედრო მანქანის ისე დასუსტება, რომ მან უკრაინაში კიდევ ბევრი წლის განმავლობაში წინსვლა ვერ შეძლოს? მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ კოლექტიური დასავლეთი ჯერ კიდევ ამ დილემის წინაშე დგას

დასავლეთი, მოგეხსენებათ, რომ ერთიანი ყოველთვის არაა, როდესაც საქმე რუსეთს ეხება. დასავლეთ ევროპა მეტად რბილი პოლიტიკის გამტარებელია, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპა და აშშ-დიდი ბრიტანეთი. ეს განსხვავებული მიდგომები კარგად აისახება რუსეთის დამარცხების-სამხედრო შეკავების პოლიტიკაზეც.

ამიტომაც ბევრი რამ უშუალოდ უკრაინელებზე იქნება დამოკიდებული, რამდენად მოახერხებენ ისინი დასავლეთიდან მომდინარე სამხედრო დახმარებით რუსების შეჩერებას ან მათ უკან დახევას ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებში.

უკრაინა დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობებში ერთგვარ გეოპოლიტიკურ ტეხილს წარმოადგენს. ამ ომით რუსეთი სრულად აზიაზე დამოკიდებული ხდება. ბევრი ვარაუდობს იმას, რომ მოსკოვი იმდენად იძულებული იქნება ჩინეთზე თავისი დამოკიდებულება გაზარდოს, რომ ხშირად სიტყვა „ვასალსაც“ იყენებენ.

გრძელვადიან პერსპექტივაში რომ დავინახოთ, ამ კონფლიქტით რუსეთის საგარეო პოლიტიკაში პრაქტიკულად მთავრდება საუკუნეებზე გადაჭიმული ის პროცესი, როდესაც რუსი მმართველები ცდილობდნენ დასავლეთთან ახლოს ყოფნას და იმეორებდნენ ევროპულ რეფორმებს. სხვა სიტყვებით, დასავლეთი რუსეთისთვის განვითარების შეუცვლელ წყაროს წარმოადგენდა.

რომანოვები დასავლეთიდან იღებდნენ ყველაფერ საუკეთესოს იქნება ეს ხელოვნებაში თუ სხვა დარგში. სტალინს და ლენინს გერმანელი კარლ მარქსის წიგნები ედოთ მაგიდაზე. ამის მსგავსი კიდევ ბევრი სხვა მაგალითი არსებობს.

რუსეთს ყოველთვის ესმოდა რომ ეს დამოკიდებულება არაა სრულად მომგებიანი. საქმე იმაშია, რომ რუსი მმართველებისთვის ევრაზიაში არ არსებობდა რომელიმე სხვა პოლიტიკური ძალა, რომელზე დაყრდნობასაც შეძლებდნენ დასავლეთზე თავისი ჭარბი დამოკიდებულება დაებალანსებინათ.

ჩინეთის აღზევებამ რუსეთს ამ ვითარების გამოსწორების კარგი საშუალება მისცა. თითქოს პუტინი კარგად ახერხებდა დასავლეთსა და ჩინეთს შორის ბალანსირებას. თითქოს მას გამოსდიოდა ორივესთვის ეჩვენებინა რამდენად მნიშვნელოვანი იყო რუსეთთან მოკავშირეობა/მეგობრობა.

მაგრამ, 2022 წლის უკრაინაში ხელმეორედ შესვლამ რუსეთის საგარეო პოლიტიკაში ეს ბალანსი მოარღვია. რუსეთი გეოპოლიტიკურად დიდწილად „აზიური“ ხდება, რითაც პუტინმა რუსეთის საგარეო პოლიტიკაში, ქვეყნის ისტორიაში გრძელი ევროპული პერიოდი დაასრულა.

2022 წლის უკრაინაში ხელმეორედ შესვლამ რუსეთის საგარეო პოლიტიკაში ბალანსი მოარღვია. რუსეთი გეოპოლიტიკურად დიდწილად აზიური ხდება, რითაც პუტინმა რუსეთის საგარეო პოლიტიკაში, ქვეყნის ისტორიაში გრძელი ევროპული პერიოდი დაასრულა

პუტინმა ერთ-ერთი გამოსვლაში თავისი თავი რუსეთის იმპერატორ პეტრე დიდს შეადარა და ომი უკრაინაში პეტრეს მიერ ტერიტორიების „შეგროვებას“ დაატოლა. რეალურად კი პუტინმა რუსეთის ისტორიაში პეტრეს მიერ დაწყებული ევროპული პერიოდი დაასრულა. პეტრემ ევროპაში გაჭრა ფანჯარა და ქვეყანაში ფუნდამენტური ხასიათის რეფორმები ჩაატარა.

ევროპულ მონარქიებთან შედარებით, რუსეთი ბევრად დესპოტური იყო, მაგრამ პეტრემ რუსეთის განვითარება მაინც ევროპულ საწყისებზე დააფუძნა. პუტინმა კი თავისი ომით რუსეთი ევროპას, დასავლეთს (ჯერ კიდევ განვითარების ეპიცენტრს) მოწყვიტა, რითაც, როგორც ვთქვი, რუსეთის საგარეო პოლიტიკაში და მაშასადამე ქვეყნის განვითარების საქმეში დასავლეთზე არსებული ფიქსაცია მოანგრია.

თუმცა, იმის ნაცვლად, რომ რუსეთი არც დასავლეთზე და არც აზიაზე ყოფილიყო ცალმხრივად დამოკიდებული, ნათელია, რომ რუსეთის აგრესიის შედეგად, ქვეყნის ევროპული ვექტორი სწრაფი ტემპებით აზიაზე ჭარბი გეოპოლიტიკური ფიქსაციით იცვლება.

თუ დღევანდელი ვითარება დიდ ხანს, ანუ მინიმუმ ათწლეულს, გაგრძელდება, რუსეთი ევროპულ საწყისებზე დაფუძნებული ქვეყნიდან სრულად აზიურ მოდელზე გადასულ ქვეყნად შეიძლება მოგვევლინოს.

თუ დღევანდელი ვითარება დიდ ხანს, ანუ მინიმუმ ათწლეულს, გაგრძელდება, რუსეთი ევროპულ საწყისებზე დაფუძნებული ქვეყნიდან სრულად აზიურ მოდელზე გადასულ ქვეყნად შეიძლება მოგვევლინოს... დამოკიდებულება ჩინეთზე სულ უფრო არაკომფორტული გახდება, რაც მომავალში რუსეთის საგარეო პოლიტიკაში ახალ რყევებს გამოიწვევს

აქ აზიური მოდელი აპრიორი ნეგატიურ კონოტაციით არ გამომიყენებია, არამედ იმის საჩვენებლად, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკაში აზიაში მკვეთრ გეოპოლიტიკურ ფიქსაციას ექნება ადგილი. დამოკიდებულება ჩინეთზე სულ უფრო არაკომფორტული გახდება, რაც მომავალში რუსეთის საგარეო პოლიტიკაში ახალ რყევებს გამოიწვევს.

- უკრაინაში ომის ფონზე ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთზე გამავალი დერეფანი ფაქტობრივად ჩაკეტილია. რუსეთისთვის ვითარება იმითაც დამძიმდა, რომ ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების შემდეგ ბალტიის ზღვა პრაქტიკულად ნატოს კონტროლს დაექვემდებარა.

აშშ-ს კონგრესმა ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც აშშ-ს გავლენა შავ ზღავში უნდა გაიზარდოს.

თუ ამას, იმასაც დავუმატებთ, რომ თუ აქამდე ჩინეთი რუსეთს გარკვეულ ანგარიშ უწევდა ეკონომიკურ საკითხებში, ორი დღის წინ ჩინეთის ლიდერმა სი ძინ პინ-მა თქვა, რომ პეკინს არ აწყობს არც ომი უკრაინაში და არც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.

ასეთ ფონზე სულ უფრო აქტუალური გახდა ყაზახეთის ენერგომატარებლების სამხრეთ კავკასიის გავლით ევროპისთვის მიწოდება. ანუ, ე.წ. „შუა დერეფნის“ კიდევ უფრო გააქტიურების იდეა, რომელიც საქართველოზე გადის. სწორედ ამ თემების განსახილველად იმყოფებოდა საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ჯერ უზბეკეთსა და თურქმენეთში, ხოლო შემდეგ ყაზახეთში.

რა პერსპექტივები გაუჩინა შუა აზიის ქვეყნებიდან ენერგომატარებლებისა და ტვირთების ზრდამ საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას?

- უკრაინაში ომის შედეგად, ევრაზიის მასშტაბით არსებული სავაჭრო გზები იცვლება. რუსული მარშრუტი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ევროკავშირსა და ჩინეთს შორის მთავარ როლს ასრულებდა, დღეს, ჩაკეტილია და პეკინი შიშობს, რომ დასავლეთის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა პოტენციურად შესაძლოა სერიოზული ნეგატიური ზეგავლენა მოახდენს ჩინეთის ეკონომიკაზე. ამიტომაც, პეკინი მეტ-ნაკლებად იცავს დასავლურ სანქციებს.

პეკინი შიშობს, რომ დასავლეთის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა პოტენციურად შესაძლოა სერიოზული ნეგატიური ზეგავლენა მოახდენს ჩინეთის ეკონომიკაზე. ამიტომაც, პეკინი მეტნაკლებად იცავს დასავლურ სანქციებს

ამ დიდმა გეოპოლიტიკურმა ცვლილებამ უბიძგა ცენტრალური აზიის ქვეყნებს, თურქეთს, ევროკავშირსა და ჩინეთს ალტერნატიული დერეფნების ძიებისკენ. „შუა დერეფანი,“ რომელიც შავი ზღვიდან სამხრეთ კავკასიის გავლით ცენტრალურ აზიაში მიემართება, გეოგრაფიულად არის უმოკლესი გზა დასავლეთ ჩინეთსა და ევროკავშირს შორის. აქ საქართველოს უმთავრესი როლი აქვს, როგორც არსებული ინფრასტრუქტურის, ისე მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო.

თუმცა, შუა დერეფანი არ არის სრულყოფილი კონცეფცია. გეოგრაფია მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს, რადგან მარშრუტი ფაქტობრივად მრავალმოდალურია და მოიცავს როგორც ხმელეთს, ასევე ზღვას. ეს ართულებს გადაზიდვებს.

თუმცა, შუა დერეფანი არ არის სრულყოფილი კონცეფცია. გეოგრაფია მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს, რადგან მარშრუტი ფაქტობრივად მრავალმოდალურია და მოიცავს როგორც ხმელეთს, ასევე ზღვას. ეს ართულებს გადაზიდვებს

გასაკვირი არ არის, რომ ჩინეთი ყოველთვის ემხრობოდა პროდუქციის ტრანსპორტირებას რუსული მარშრუტით, რადგან ის მოიცავდა ნაკლებ სახელმწიფოს და მეტ-ნაკლებად პროგნოზირებადი და გეოპოლიტიკურად სტაბილური იყო.

სხვა ვითარებაა ცენტრალურ აზიაში და უფრო მეტად სამხრეთ კავკასიაში. ჯერჯერობით გაურკვეველია, რა გავლენას მოახდენს უკრაინის კონფლიქტი კავკასიაზე. თუ რუსეთი გაიმარჯვებს, ის ალბათ ნაკლებად მომთმენი იქნება იმ დერეფნისა, რომელიც მას სამხრეთიდან საქართველოზე გავლით გარს უვლის.

გარდა ამისა, შავ ზღვას აკლია საჭირო ინფრასტრუქტურა. გაზრდილი გადაზიდვების ფონზე ღრმაწყლოვანი პორტის არსებობა ახლა უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხი ჯერ ბოლომდე არ გადაწყვეტილა, ხოლო საქართველოს პორტებიდან ევროკავშირში გადასვლა არასაკმარისი ინფრასტრუქტურის გამო რთულია. ასევე, პროცესს ართულებს რუმინეთში და ბოლო დროისთვის უკრაინაში სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ცუდი მდგომარეობა.

უფრო ფართო პერსპექტივიდან რომ შევხედოთ, „შუა დერეფანს“ ასევე აკლია ეფექტური მთავრობათაშორისი დიალოგი. ის სატრანსპორტო შეხვედრები, რომლებშიც საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი მონაწილეობენ, კარგი მაჩვენებელია იმისა, თუ რისკენ შეიძლება წავიდეს პროცესი.

უფრო ფართო პერსპექტივიდან რომ შევხედოთ, „შუა დერეფანს“ ასევე აკლია ეფექტური მთავრობათაშორისი დიალოგი. ის სატრანსპორტო შეხვედრები, რომლებშიც საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი მონაწილეობენ, კარგი მაჩვენებელია იმისა, თუ რისკენ შეიძლება წავიდეს პროცესი

ხელშესახები პროგრესის მისაღწევად, ევროკავშირმა და ჩინეთმა დიდი ინვესტიციები უნდა განახორციელონ შუა დერეფანში, რათა შეიქმნას შედარებით უწყვეტი ტრანზიტული გზა ზღვებსა და ხმელეთზე, ჩინეთის დასავლეთ რეგიონებიდან საქართველოს პორტებამდე.

- ვითარებაში, როცა კოლექტიური დასავლეთი ცდილობს ეკონომიკურად და ფინანსურად შეზღუდოს რუსეთის აქტივობა საერთაშორისო ბაზრებზე, უკრაინას აწვდის თანამედროვე იარაღს, ევროპის ქვეყნები ცდილობენ შეზღუდონ თავიანთ ქვეყნებში რუსეთის მოქალაქეების ტურისტული ვიზიტითაც კი ყოფნა, ფაქტია, რომ საქართველოში განსხვავებული ვითარებაა.

გასაგებია, რომ საქართველო უკრაინას იარაღს ვერ მიაწვდის, რაც არ აქვს, იმას ვერ მიაწვდის, მაგრამ, ფაქტია, რომ რუსეთთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად იზრდება. საქართველოში სხვა პროდუქტებთან ერთად შემოდის რუსული ნავთობპროდუქტები. გარდა ამისა, რუსი ტურისტებიც საკმაოდ ბლომად არიან.

როგორც გაირკვა, საქართველოში ბინადრობის მისაღებად საკმარისია რუსეთის მოქალაქემ შეიძინოს 100 ათას დოლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება და მას და მისი ოჯახის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა უპრობლემოდ იმოგზაურონ შენგენის ზონაში.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ხელისუფლებისგან რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებას ითხოვს, ხელისუფლება აცხადებს, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ტურისტებისა და რიცხოვნობის ზრდის გამო საფრთხეებს ვერ ხედავს. ასეთ ვითარებაში ხშირად გაუგებარია, საქართველო დასავლეთის პარტნიორი უფროა თუ რუსეთის.

როგორ შეაფასებდით იმ საგარეო პოლიტიკას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ატარებს? სავარაუდოდ, რას შეიძლება ფიქრობდნენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები იმაზე, რომ სულ უფრო ჭირს იმის გარკვევა ოფიციალური თბილისი ვისი პარტნიორია - დასავლეთის, თუ რუსეთის?

- როდესაც უკრაინისადმი თბილისის პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის შეზღუდული გეოპოლიტიკური შესაძლებლობები, რომელიც საქართველოს გააჩნია.

ამ თვეების განმავლობაში ორი ქვეყნის ურთიერთობებზე ანალიტიკოსების-პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული კომენტარების გაანალიზებისას ნათელია, რომ ჩვენთან იდეალისტური და რეალისტური ბანაკების ჯახია. ერთია უკრაინისთვის სრული მხარდაჭერის მომხრე, თუნდაც სამხედრო კუთხით, მეორე კი უფრო ფრთხილი პოლიტიკის საჭიროებას ხედავს.

ჯამში, ვფიქრობ, ესეც ჯანსაღი პროცესია. ჩვენს ადგილას ალბათ ნებისმიერ სხვა ქვეყნის საზოგადოება მოიქცეოდა ასე: დასვამდა ბევრ კითხვას, მოაწყობდა აქციებს, უკრაინისთვის მოითხოვდა უფრო მეტ მხარდაჭერას, ვიდრე არის და ა. შ. მაგრამ საგარეო პოლიტიკა მაინც უფრო ძალთა ბალანსის სწორ შეფასებაზეა დამოკიდებული.

რთულია იმის მტკიცება დღევანდელი ქართული ხელისუფლების მესვეურები ასე გეოპოლიტიკურად მსჯელობენ თუ არა, თუმცა, ვფიქრობ, ის რყევები რიტორიკაში, რომელსაც ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობებში ვხედავთ, შეიძლება რეგიონში გაუარესებული ძალთა ბალანსის გამოძახილი იყოს:

რთულია იმის მტკიცება დღევანდელი ქართული ხელისუფლების მესვეურები ასე გეოპოლიტიკურად მსჯელობენ თუ არა, თუმცა, ვფიქრობ, ის რყევები რიტორიკაში, რომელსაც ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობებში ვხედავთ, შეიძლება რეგიონში გაუარესებული ძალთა ბალანსის გამოძახილი იყოს

რუსეთი აგრესიულ შეტევაზეა გადასული, ამიტომაც მე ვცდილობ გავაკეთო ყველაფერი, რომ თავი გადავირჩინო. ხშირად ეს არაეფექტიანად და არადიპლომატიურადაც გამომდის, მაგრამ პრინციპი, რაოდენ ტრივიალურადაც არ უნდა ჟღერდეს, ალბათ მაინც უცვლელია კრიტიკულ მომენტში თავის გადარჩენა.

თუ დღეს, საქართველო ასეთი პრინციპით ხელმძღვანელობს, მას ბევრი სირთულის გადალახვა მოუწევს. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება უშუალოდ უკრაინაში საომარ მოქმედებებზე. წაგებული რუსეთი ნაკლები საფრთხის შემცველი იქნება, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში კი ჩვენთვის უფრო მეტი პირდაპირი ხიფათის შემქმნელი.

ასევე ბევრი რამ უშუალოდ დასავლეთის ჩვენდამი დამოკიდებულებაზეა დამოკიდებული. როგორც ყველაფერში, აქაც საჭიროა სწორი, ჯანსაღი დიპლომატიური ბალანსის დაჭერა.

რაღაც მხრივ, პრაქტიკაში საქართველო უკრაინაში ომისადმი იგივე პოლიტიკას ატარებს როგორც თურქეთი, სომხეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი. ისინი, მსგავსად ჩვენისა, ცდილობენ ბალანსი დაიჭირონ ორ მხარეს შორის. თითოეულს საკუთარი გეოპოლიტიკური გათვლა აქვს, რაც მკაფიოდ ემოციების გვერდზე გადადებას და რეალისტური პოლიტიკის გატარებას ნიშნავს.

რაღაც მხრივ, პრაქტიკაში საქართველო უკრაინაში ომისადმი იგივე პოლიტიკას ატარებს როგორც თურქეთი, სომხეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი. ისინი, მსგავსად ჩვენისა, ცდილობენ ბალანსი დაიჭირონ ორ მხარეს შორის. თითოეულს საკუთარი გეოპოლიტიკური გათვლა აქვს, რაც მკაფიოდ ემოციების გვერდზე გადადებას და რეალისტური პოლიტიკის გატარებას ნიშნავს

ამრიგად, მე ვერ ვიტყოდი, რომ რამე განსაკუთრებულს ვხედავ საქართველოს საგარეო პოლიტიკაში. ხდება ის, რაც მეტ-ნაკლებად სამეზობლოში ხდება. ალბათ შეუძლებელიცაა, საქართველო თავისი სამეზობლოსგან რადიკალურად განსხვავებულ პოლიტიკას ატარებდეს.

სწორი დიპლომატიის მიზანი უნდა იყოს დასავლეთთან არსებული ურთიერთობების გაღრმავება და ამავდროულად რეგიონში ისეთი ფრთხილი პოზიციის დაკავება, რომ არ მოხდეს ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების გაუარესება. ეს ურთულეს საქმეს წარმოადგენს, მაგრამ არა შეუძლებელს.

ჩვენ შესაძლოა ისეთ პერიოდში ვცხოვრობდეთ, როდესაც რუსეთის იმპერიული ძალის შეუქცევადი უკუსვლა ხდებოდეს. გარკვეულწილად, საჭიროა ლოდინი, შეიძლება წლები, ათწლეულებიც კი. მაგრამ დღეს არსებული სხვადასხვა გეოპოლიტიკური ტრენდი მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ძალა სულ უფრო შემცირდება.

უკრაინაში მიმდინარე ომი ხომ სხვა არაფერზე მეტყველებს თუ არა სუსტ რუსულ სამხედრო ძალაზე და კრემლის მიერ გლობალური მოვლენების არასწორ გაანალიზებაზე. 1980-იან წლებში მოსკოვი ბერლინის დიდ ნაწილს აკონტროლებდა, დღეს რუსეთს აღმოსავლეთ უკრაინაში უწევს ბრძოლა – დისტანცია ათასობით კილომეტრს შეადგენს. გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს სხვა არაფერს თუ არა უკან დახევას ნიშნავს.

ასეთ ვითარებაში საქართველო უნდა ელოდოს სასურველ მომენტს. მაგრამ, აქ უბრალოდ ლოდინი არ კმარა. საჭიროა რუსეთის ეს ათწლეულებზე უკრაინით დაკავებულობა სწორად და დროულად გამოვიყენოთ ქვეყნის შიგნით მყარი პოლიტიკური კლასის ჩამოსაყალიბებლად და მნიშვნელოვანი ეკონომიკური და განათლების რეფორმების გასატარებლად. საგარეო პოლიტიკის წარმატება ხომ ქვეყნის შიგნით სიძლიერის გარეშე თითქმის შეუძლებელია.

საქართველოს პოზიციას უფრო ფართოდ, რომ შევხედოთ, დღეს, სამხრეთ კავკასიაში და სრულად ევრაზიაში მიმდინარე პროცესები ჩვენი ქვეყნის ადგილის და მისი საგარეო პოლიტიკის ზოგი ელემენტის გადაფასებას მოითხოვს.

საქართველოს პოზიციას უფრო ფართოდ, რომ შევხედოთ, დღეს, სამხრეთ კავკასიაში და სრულად ევრაზიაში მიმდინარე პროცესები ჩვენი ქვეყნის ადგილის და მისი საგარეო პოლიტიკის ზოგი ელემენტის გადაფასებას მოითხოვს

სასურველია დაიწყოს საქართველოს ტრანზიტული ქვეყნის როლის მიღმა ფიქრი. ეს არ ნიშნავს ტრანზიტულ პოზიციაზე უარის თქმას. საქართველომ უნდა მოირგოს სხვა როლებიც.

წინ უნდა წამოიწიოს კავკასიაში საქართველოს ცენტრალურობა. მეზობლებთან ურთიერთობები იმგვარად უნდა აიგოს, რომ საქართველოს მხარდაჭერა საკვანძო გახდეს, ხოლო მისი თანადგომის გარეშე რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური თუ ეკონომიკური პროექტების განხორციელება მინიმუმ არაეფექტიანი იყოს. ამავდროულად, საქართველო დიდ მეზობლებს შორის ერთგვარ დამბალანსებლად უნდა გამოდიოდეს.

რაც შეეხება თქვენი კითხვის ბოლო ნაწილს, ვფიქრობ, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში სირთულეების მიუხედავად, არსებული გეოპოლიტიკური პროცესები მიუთითებს იმაზე, რომ ეს ტენდენცია დროებითი ხასიათის იქნება.

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში სირთულეების მიუხედავად, არსებული გეოპოლიტიკური პროცესები მიუთითებს იმაზე, რომ ეს ტენდენცია დროებითი ხასიათის იქნება

რუსეთზე გამავალი გზების ჩაკეტვის შემდეგ, ევროკავშირისთვის ცენტრალურ აზიამდე და ჩინეთამდე მისასვლელად საქართველო ერთადერთ სახმელეთო დერეფნად გარდაიქმნა. საქართველოს გარეშე წვდომა ცენტრალი აზიის ნაწარმსა და ბუნებრივ რესურსებზე ევროპას მნიშვნელოვნად შეუმცირდება. მეტიც, საქართველოს გარეშე ევროკავშირს წვდომა აზერბაიჯანის ბუნებრივ რესურსებზეც შეეზღუდება.

როგორც ბრიუსელსა და ბაქოს შორის ახლახან ხელმოწერილი ხელშეკრულება მოწმობს, ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს. საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება. როგორ მოახერხებს ამას ოფიციალური თბილისი ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო