რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და 1,2 მლნ აშშ დოლარად გასაღების მცდელობის ფაქტზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და 1,2 მლნ აშშ დოლარად გასაღების მცდელობის ფაქტზე დაკავებულ სამივე პირს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ადვოკატ ზურაბ ჩანქსელიანის განცხადებით, ბრალდებულები ბრალს ნაწილობრივ აღიარებენ და ამბობენ, რომ მათ არ ჰქონდათ სრულად ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ რა ზიანი შეიძლება მოეტანა სარეალიზაციო ნივთიერებებს.

ადვოკატის თქმით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება არასწორად იქნა შერჩეული და გირაო აბსოლუტურად საკმარისი იქნებოდა.

„იცოდნენ, რომ უნდა გაეყიდათ რადიოაქტიური ნივთიერება, მაგრამ რა ზიანი შეიძლება მოეტანა მათ გათავისებული ნამდვილად არ ჰქონდათ. აქედან გამომდინარე, არ მიმაჩნია, რომ პატიმრობა სწორად იქნა შერჩეული აღკვეთის ღონისძიების სახით. გირაო იქნებოდა აბსოლუტურად საკმარისი იმისთვის, რომ აღკვეთის ღონისძიების მიზნები ყოფილიყო დაკმაყოფილებული“, - განაცხადა დავით როსტომაშვილის ადვოკატმა ზურაბ ჩანქსელიანმა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, 16 აგვისტოს ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და 1,2 მლნ აშშ დოლარად გასაღების მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

სუს-ის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ პირთა ორგანიზებული ჯგუფი, ქალაქ თბილისსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მათსავე კუთვნილ საცხოვრებელ მისამართებზე უკანონოდ ინახავდნენ ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ გამა-გამოსხივების მქონე რადიოაქტიურ ნივთიერებებს.

18 აგვისტოს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად, თავისუფლების აღკვეთას 5-დან 10 წლამდე ვადით ითვალისწინებს“,-აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა