ქართული პრესის მიმოხილვა 22.08.2022

გიორგი კობერიძე - “როდის დაიწყებს უკრაინა ფართომასშტაბიან კონტრშეტევას”

დასახელდა რუსეთ-უკრაინის ომში ნატოს ჩართვის სამართლებრივი საფუძველი - რამდენად რეალურია მესამე მსოფლიო ომის დაწყება

ანდრო გოცირიძე - “საქართველო მზად უნდა შეხვდეს რუსეთის დაშლას”...

სამწლიანი იზოლაციის დასასრული - რატომ გახსნა დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვარი

კახა გოგოლაძე - “დარწმუნებული ვარ, სასამართლო რეფორმას ბოლომდე არ მიიყვანენ და ისე არ გააკეთებენ, როგორც ევროკავშირი ითხოვს”

* * *

გიორგი კობერიძე - “როდის დაიწყებს უკრაინა ფართომასშტაბიან კონტრშეტევას”

“რაც დღეს უკრაინაში ხდება, შეიძლება რუსეთის დაბნეულობად შეფასდეს. საქმე ის არის, რომ კრემლში დარწმუნებული იყვნენ, რომ უკრაინა მინიმალურ წინააღმდეგობას გასწევდა. მით უფრო არ ელოდნენ, რომ რუსული ტექნიკა ისე და იმ მასშტაბით განადგურდებოდა, რასაც დღეს ვხედავთ. რუსები დაბნეული არიან იმითაც, რომ იარაღი, რომელსაც უკრაინა იყენებს, მათთვის სრულიად უცნობია. უკრაინის შეიარაღებაში აღმოჩნდა ისეთი ტექნიკა, რომელსაც შეუძლია 150 კმ-ის დაშორებით რადარების განადგურება, რაც ნიშნავს, რომ რუსეთისთვის კონცეფციამ `სტრატეგიული სიღრმე~ აზრი დაკარგა. უკრაინელები მისწვდნენ ბელგოროდს, ყირიმს და ა.შ. ამ ყველაფერს რუსეთში არ ელოდნენ... დღეს ვითარება კრიტიკულია”, - აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, ჯიპას პროფესორ გიორგი კობერიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით როდის დაიწყებს უკრაინა ფართომასშტაბიან კონტრშეტევას?!

“ჯერ ვერ ვიტყვით, რომ უკრაინელებმა ომის მსვლელობაში თავის სასარგებლოდ გარდატეხა უკვე შეიტანეს. ისინი კვლავ იმ სტრატეგიას მიჰყვებიან, რაც მტრის გამოფიტვასა და დასუსტებას გულისხმობს. ჩემი აზრით, გარკვეული პერიოდის მერე უკრაინელებს აუცილებლად მოუწევთ კონტრშეტევაზე მასშტაბურად გადასვლა. საქმე ის არის, რომ ზამთარში, თოვლისა და უამინდობისას, უკრაინის ტერიტორიების გასათავისუფლებლად მასობრივი შეტევის წამოწყება რთული იქნება. უკრაინელებს ექნებათ ცაში უპირატესობა, რადგან რუსულ ავიაციას სულ უფრო და უფრო უჭირს უკრაინის ცაში ფრენა, მაგრამ ამ პირობებშიც არ იქნება იოლი ზამთარში მასშტაბური შეტევა, ამიტომ, ჩემი აზრით, უკრაინელები ფიქრობენ, რომ დაახლოებით ნოემბრის შუა რიცხვებამდე წამოიწყონ კონტრშეტევა. ისინი არ დაკმაყოფილდებიან რომელიმე ერთი ქალაქის ან ოლქის გათავისუფლებით. ვფიქრობ, ამ შეტევას ექნება დომინოს ეფექტი. თუ ფრონტის ხაზი რუსების საზიანოდ ჩამოიშალა, ეს ძალიან სწრაფად მოხდება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კობერიძე.

“იბომბება რუსეთის ტერიტორია, ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძული. ამის მერე ისმის კითხვა: სად გადის წითელი ხაზი? მოსკოვზე? თან ვხედავთ, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არ წყდება, განსაკუთრებით - აშშ-იდან და დიდი ბრიტანეთიდან. მოგეხსენებათ, ამ ორიოდე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ უკრაინისთვის 800 მილიონი დოლარის ღირებულების თავდაცვითი აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის მოწოდების ახალ პაკეტს ამზადებს. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ბრიტანელები მასშტაბურად წვრთნიან უკრაინელ სამხედროებს. ეს ყველაფერი ქმნის ამ ომში უკრაინის სასარგებლოდ მასშტაბური გარდატეხის საფუძველს. აი, ამ რეალობის წინაშე ვართ დღეს, ამიტომაც რუსეთს პოლიტიკურად და ფსიქოლოგიურად უკვე აღარ აქვს იმის ძალა, რომ იმუქრებოდეს, ამას თუ გააკეთებთ, უარესით გიპასუხებთო... რაც კი გამოსაყენებელი ჰქონდათ, ამ ომში უკვე ყველაფერი გამოიყენეს, გარდა ბირთვული იარაღისა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რუსეთი არ აცხადებს მობილიზაციას და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ფართომასშტაბიან ომს სპეცოპერაციას ეძახის. საყოველთაოდ მობილიზებული ჯარისკაცების წვრთნისა და აღჭურვის ხარისხი გაცილებით ნაკლებია ხოლმე, ვიდრე რეგულარული არმიის. გარდა ამისა, თუ ეს ადამიანები მასობრივად ჩაცვივდებიან ტყვედ, არავინ იცის, როგორ მოიქცევიან. არ არის გამორიცხული, მათი ნაწილი უკრაინის მხარესაც გადავიდეს. ამის პრეცედენტები უკვე გაჩნდა - უკრაინაში “თავისუფალი რუსეთის ლეგიონი” რუსების წინააღმდეგ იბრძვის. მობილიზაციას ძალიან ბევრი ნაკლი აქვს, მით უფრო, როდესაც ავტოკრატიული სახელმწიფო ხარ და მობილიზებულ ჯარს სათანადოდ ვერ გაწვრთნი და ვერ მოამარაგებ. მე-20 საუკუნეში ასეთ მობილიზებულ არმიას ბევრი ფუნქცია ჰქონდა, მათ შორის - რიცხობრივი დაწოლა მოწინააღმდეგეზე. დღეს, როდესაც ტექნიკა ისეა განვითარებული, რომ დრონების საშუალებით, ფაქტობრივად, პირდაპირი ეთერით ვუყურებთ რუსი სამხედროების გადაადგილებას, ცოცხალი მასით დაწოლით წარმატების მიღწევის შესაძლებლობა სასაცილოდაც კი ჟღერს, რადგან ერთ ზუსტ საარტილერიო შეტევას ასობით ადამიანის ერთ წამში განადგურება შეუძლია”, - განმარტავს ექსპერტი.

“კრემლი არ აღიარებს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ომში რუსეთის არმიის საუკეთესო ნაწილი გაწყდა. რუსეთს ჰქონდა და კვლავაც აქვს ნორმალური შეიარაღება, მაგრამ ამ ტექნიკის გამოყენება გათვლილია სწორ ტაქტიკაზე, რაც რუსების ყველაზე დიდი პრობლემაა... ყირიმში, საკის სამხედრო აეროდრომზე, ერთი დარტყმით განადგურდა შავი ზღვის ავიაციის ნახევარი, რაც უზარმაზარი ზარალია. მისი ანაზღაურება სწრაფად ვერ მოხერხდება - რუსეთში იარაღის წარმოება ასეთი ინტენსიური არ არის... უკრაინელებისთვის ყველაფერი მარტივად არის _ ისინი საკუთარი ტერიტორიების დათმობას არ აპირებენ, ისინი აღწევენ წარმატებებს ფრონტის ხაზზე, რუსული არმია წინ ვეღარ მიიწევს, ამიტომ ახლა წარმოუდგენელია, უკრაინელები რაიმე პირობას დასთანხმდნენ და რუსეთს ამოსუნთქვის საშუალება მისცენ. უკრაინისთვის დღეს მოლაპარაკების თემა შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ მისი ტერიტორიების დეოკუპაცია, რისი სურვილიც რუსეთს ნამდვილად არ აქვს, რომ გამართონ კიდეც შეხვედრა, რაზე უნდა ილაპარაკონ? მოლაპარაკების პროცესი დღეს ჩიხშია, ანუ როდესაც მომლაპარაკებელ მხარეებს არ აქვთ რამის დათმობის სურვილი, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს შეხვედრას?” - ამბობს გიორგი კობერიძე.

“ჩვენი დასავლური ორიენტაცია არის საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და გაძლიერების გზა. ეს სტრატეგია საქართველომ, 30 წელიწადია, აირჩია და ახლა ისე ჩანს, თითქოს ამის შეცვლას ცდილობენ, რათა ერთი ადამიანის თუ ადამიანთა ჯგუფის ვიწრო ინტერესები დააკმაყოფილონ... არა მხოლოდ უცხოელებს, საქართველოს მოქალაქეებსაც გვრჩება განცდა, რომ საქართველოს ხელისუფლება საკუთარ პოზიციას განიხილავს არა როგორც სახელმწიფოს მმართველი; ის ამას უყურებს, როგორც კორპორაციის ხელმძღვანელობას ან კონკრეტული ადამიანისა თუ ადამიანთა ჯგუფის წარმომადგენლობას. ეს არ წააგავს მართვას სახელმწიფოსას, რომელსაც აქვს ხანგრძლივი ინტერესი, სტრატეგია. ეს არის ძალიან საზიანო საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის. ჩვენ გვჭირდება, ვიცოდეთ, რა ნაბიჯებს დგამს ჩვენი ხელისუფლება. ჯერჯერობით მათ მოქმედებაში ჩანს მხოლოდ სურვილი, როგორმე დაიცვან საკუთარი ინტერესები, უმთავრესად კი როგორმე შეინარჩუნონ პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლება... ეს ვითარება ძალიან საშიშია და არ ჰგავს სახელმწიფოს მართვას”, - დაასკვნის რესპონდენტი.

“სამწუხაროდ, ამ გზით ჩვენ მივდივართ მოკავშირის გარეშე დარჩენის საფრთხემდე... ამ ძალიან საშიშ რეგიონში ჩვენ, შესაძლოა, დავრჩეთ მარტო და აღმოვჩნდეთ მსხვერპლის როლში. თუ რომელიმე მტაცებელ სახელმწიფოს საქართველოს მიმართ აგრესიული და მკაცრი პოლიტიკის გატარება მოუნდება, საქართველოს შეიძლება აღარ შერჩეს მეგობარი, რომელსაც ამ დროს დახმარებისთვის მიმართავს”, - თვლის ექსპერტი და შეკითხვაზე - “ქართული ოცნებიდან” წასული ე.წ. ოთხეული არ ჩერდება. გასულ კვირას კიდევ ერთი ანტიდასავლური წერილი გამოაქვეყნეს, რომელშიც კვლავაც აშშ-ის ელჩს დაესხნენ თავს” - პასუხობს:

“ჩემი აზრით, ჩვენს ყურს აჩვევენ ამ ყველაფერს... აქამდე საქართველოში გარკვეულწილად ტაბუ ედო დასავლეთის კრიტიკას, მით უფრო - უსაფუძვლოს, დღეს კი ამგვარი ჯგუფები ცდილობენ ამას შეგვაჩვიონ. წარმოგიდგენიათ? ამას “ალტ ინფო” კი არ ამბობს, არამედ “ქართული ოცნების” ვითომ ყოფილი დეპუტატები! ისინი მკვეთრად ანტიამერიკულ კამპანიას ეწევიან, რაც, უპირველესად, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული, რადგან აშშ ჩვენი დამოუკიდებლობისა და განვითარების მთავარი გარანტია. ჩვენ ვხედავთ პერსონიფიცირებულ თავდასხმას აშშ-ის ელჩზე”.

“მე არ ვამბობ, რომ თუ საფუძველი არსებობს, დასავლეთი არ უნდა გავაკრიტიკოთ, მაგრამ ჩვენ ხომ კარგად ვხედავთ, რომ ეს ადამიანები თითიდან გამოწოვილ, ყოვლად უსაფუძვლო ბრალდებებს აყენებენ! ასე დაიწყო რუსეთშიც 2001-2003 წლებში. სწორედ ასეთი თავდასხმები ხდებოდა დასავლეთზე, რასაც ჯერ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმა მოჰყვა, შემდეგხელისუფლებისთვის მიუღებელი ადამიანების ქვეყნიდან გაყრა და ა.შ. ეს ხანგრძლივი პროცესი იყო და დღეს რაც ხდება რუსეთში, ვხედავთ... იგივე წამოიწყეს აქაც, საზოგადოება კი ამაზე სათანადოდ ვერ რეაგირებს. ხელისუფლება გვიცხადებს, რომ ისინი არაფერ შუაში არიან, რადგან ეს დეპუტატები მათგან წავიდნენ, ამასობაში კი გვაჩვევენ, რომ თურმე შესაძლებელია შენი მოკავშირე სრულიად უსაფუძვლოდ ლანძღო. ეს საშიში მოვლენაა. ამაზე სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა რეაგირებდნენ, რადგან ამ ოთხეულის რიტორიკა ქვეყნის ინტერესებს უქმნის საფრთხეს. ასე შეეჩვივნენ თავის დროზე გერმანიაში ნაცისტურ რიტორიკას და საბოლოდ ეს რიტორიკა მათთვის ბუნებრივი გახდა. ამიტომ არის სახიფათო ასეთი პერსონიფიცირებული, აგრესიული თავდასხმები... ეს არის გასული საუკუნის 30-იანი წლების ტოტალიტარული სახელმწიფოების მეთოდი, რაც საშიშია ჩვენი სახელმწიფოსთვის, თორემ ქალბატონ კელი დეგნანს ამით არაფერი დაუშავდება”, - დასძენს გიორგი კობერიძე.

დასახელდა რუსეთ-უკრაინის ომში ნატოს ჩართვის სამართლებრივი საფუძველი - რამდენად რეალურია მესამე მსოფლიო ომის დაწყება

“დასავლელი დიპლომატები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმას ნატო-ს წესდების მე-5 მუხლის დარღვევად მიიჩნევენ, რაც არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ ნატო პირდაპირ ჩაერთოს რუსეთ-უკრაინის ომში. ექსპერტის შეფასებით, აშშ ცდილობს გააფრთხილოს რუსეთი და დაახევინოს უკან, რათა არ მოხდეს უდიდესი კატასტროფა ევროპაში. “საუბარია წარმოუდგენლად დიდი მოცულობის კატასტროფაზე”, - ამის შესახებ “რეზონანსს” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, პოლიტოლოგმა ირაკლი მენაღარიშვილმა განუცხადა. რა თქმა უნდა, არსებობს ნატოს მე-5 მუხლის ამოქმედების საფუძველი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტრო სადგურზე თავდასხმისა და ავარიის ხელოვნურად გამოწვევის შემთხვევაში, რადგან ამ ობიექტის მიზანმიმართული დაზიანება წარმოადგენს თავდასხმას ყველა მეზობელ სახელმწიფოზე”, - თქვა მენაღარიშვილმა, რომლის განმარტებით, აქ საუბარია ნატოს წევრს სახელმწიფოებზეც, ამ შემთხვევაში საფრთხე მათაც ექმნებათ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დასახელდა რუსეთ-უკრაინის ომში ნატოს ჩართვის სამართლებრივი საფუძველი - რამდენად რეალურია მესამე მსოფლიო ომის დაწყება.

“საფუძვლიანია ბრიტანელი და ამერიკელი კანონმდებლების ამგვარი მოსაზრებები. არსებობს რეალური რისკები, რომ ნატო პირდაპირ ჩაერთოს რუსეთ-უკრაინის ომში. სწორედ ამას ნიშნავს მე-5 მუხლიც. ეს განცხადებები კეთდება ღიად. როგორც ჩანს, დასავლეთი ცდილობს გააფრთხილოს რუსული მხარე და როგორმე უკან დაახევინოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ რთულია იმაზე საუბარი, რამდენად შეაჩერებს ეს მათ. წარმოიდგინეთ რამხელა მოცულობის კატასტროფაზეა საუბარი”, - განაცხადა მენაღარიშვილმა. ბრიტანელ დეპუტატს, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ტობაიას ელვუდს მიაჩნია, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმა ნატო-ს წესდების მე-5 მუხლის დარღვევა იქნება. იგი თავის აზრს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. “ნებისმიერი მიზანმიმართული დაზიანება, რომელიც გამოიწვევს უკრაინის ბირთვულ რეაქტორზე რადიაციის პოტენციურ გაჟონვას, იქნება ნატო-ს მე-5 მუხლის დარღვევა”, - წერს ბრიტანელი დეპუტატი “ტვიტერზე”, - აღნიშნავს გამოცემა.

“აღნიშნულ მოსაზრებას, ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარება და რადიაციის ნებისმიერი გაჟონვა, რომელიც ნატო-ს წევრ ქვეყნებში ადამიანების დაღუპვას გამოიწვევს, ავტომატურად ალიანსის წესდების მე-5 მუხლის დარღვევას ნიშნავს. როგორც კირზინგერი წერს, “ეს ნამდვილად არ ექვემდებარება განხილვას. ნებისმიერი გაჟონვა, რომელიც მოკლავს ადამიანებს ნატო-ს ქვეყნებში, ავტომატურად მე-5 მუხლია”. ალიანსის წესდების მე-5 მუხლის თანახმად, ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა ნატო-ს წევრ ყველა ქვეყანაზე თავდასხმას ნიშნავს”, - დასძენს გამოცემა.

ანდრო გოცირიძე - “საქართველო მზად უნდა შეხვდეს რუსეთის დაშლას”...

“რა შედეგითაც უნდა დასრულდეს რუსეთისთვის უკრაინაში ომი, ეკონომიკურად მაინც დამანგრეველი იქნება. სანქციები ნელი მოქმედების ნაღმია და სავსებით შესაძლებელია რუსეთის დაშლას შეუწყოს ხელი. თუმცა ეს მალე არ მოხდება. სცენარის ამგვარმა განვითარებამ, რუსეთის სწრაფად დაშლას ვგულისხმობ, შესაძლოა მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურას დიდი საფრთხე შეუქმნას. რუსეთი ტოტალიტარული, უნიტარული სახელმწიფოა და ავტონომიური წარმონაქმნების უფლებები გარანტირებული არა აქვს. ამიტომ შანსი იმისა, თუ რომელიმე ავტონომიური ოლქი მისგან გამოყოფას მოითხოვს ამას უპრობლემოდ მიიღებს, არ არსებობს. თუმცა ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ეს პროცესები აუცილებლად დაიწყება. გასაგებია, რომ თვითკმარი სახელმწიფოა, მაგრამ გლობალურ პირობებში დამოუკიდებლად არსებობა არც ერთ სახელმწიფოს არ შეუძლია. საერთო ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესებიდან გამოთიშვას, აუცილებლად მოჰყვება რეცესია და დაღმასვლა, რაც უკვე დაწყებულია”, - აცხადებს უსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “საქართველო მზად უნდა შეხვდეს რუსეთის დაშლას”...

“2008 წელს რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებიათ, 2014-ში დაუწესეს, თუმცა უფრო სიმბოლური - ევროპამ შეზღუდვები მალევე შეარბილა. დღეს სულ სხვა სურათი გვაქვს, დასავლეთის ეკონომიკური სანქციები ბევრად ხისტი და დამანგრეველია, შესაბამისად, მთელი ცივილიზებული სამყაროს პოზიცია, ამერიკის ლიდერობით, გაცილებით შეუვალია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ. რუსეთის დაშლაზე უკეთესი როგორც მისი სამეზობლოსთვის, ასევე მსოფლიოსთვის, მისი დემოკრატიზაცია, თანამედროვე საზოგადოებად გარდაქმნაა, თუმცა ასეთ ცვლილებასაც აუცილებლად მოჰყვება მისი დაშლა. დემოკრატიზებული იმპერიები, ადრე თუ გვიან, იშლება. კაცობრიობამ ეს ნაბიჯი უკანასკნელად მე-20 საუკუნის შუახანებში გადადგა. ამჟამად, 21-ე საუკუნეში, არსებობს ერთადერთი რუსეთის იმპერია და ის აუცილებლად დაიშლება. რუსეთის დაშლა და დეზინტრეგაცია, თუ ის უკონტროლო იქნება, დიდი რისკის შემცვლელია. მათ შორისაა ჩრდილო კავკასიის რადიკალური ისლამის მიმდევარი კვაზისახელმწიფოების წარმოქმნა, რაც საქართველოსთვის არანაკლებ სახიფათოა, ვიდრე რუსეთის დღევანდელი სახით არსებობა”, - აღნიშნავს გამოცემის მკორესპონდენტთან საუბრისას ანდრო გოცირიძე.

“დღევანდელი რუსეთი უკიდურესად აგრესიული, იმპერიული სახელმწიფოა, რომელიც გამუდმებით ისწრაფვის მეზობელი ქვეყნების დაპყრობისკენ. მის საზღვართან მყოფი სახელმწიფოების დემოკრატიული განვითარება ეგზისტენციალურ საფრთხედ მიაჩნია. თუ საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში ოდესმე დემოკრატია გაიმარჯვებს, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში არსებულ რესპუბლიკებსა და ოლქებში დაიწყება თვითგამორკვევის პროცესი. ამას ებრძვის რუსეთი, როდესაც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული სამყაროსგან ჩამოშორებას ცდილობს. იციან, რომ დაინახავენ, პუტინის სახელმწიფოს გარდა, სხვაგვარი სამყაროც არსებობს, სადაც ვიღაცის რკინის მუშტი მუდმივად არ ზღუდავს ხალხს, თავადაც მოინდომებენ. ჩრდილოეთი კავკასია რუსული იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე გვიან დაპყრობილი ტერიტორიაა, იქ გამათავისუფლებელი მოძრაობა თითქმის არასდროს შეწყვეტილა. თავისუფლებისკენ სწრაფვის მუხტი იქ, კერძოდ, ჩეჩნეთში, ჯერაც არის, რადგან ჩეჩნეთის პირველი ომის შემდგომ რუსეთმა მოახერხა ჩეჩნეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა საერთაშორისო ტერორიზმთან კავშირში მყოფ რადიკალურ ისლამურ დაჯგუფებად გარდაექმნა, რითაც, ფაქტობრივად, კარტ-ბლანში მიიღო, რომ მათ გასწორებოდა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ამისთვის დასავლეთისგანაც მიიღო თანხმობა, რადგან ჩეჩნური წინააღმდეგობის მოძრაობა ეროვნულ ნიადაგს თანდათან დასცილდა და რადიკალურ ტერორისტულ დაჯგუფებებად იქცა. ეს უკვე ჩეჩნეთის მეორე ომის შემდგომ ეტაპზე პუტინ-პატრუშევის გუნდის დამსახურება იყო. ზოგი მათგანი საქართველოსაც ძალიან ცუდად ახსოვს, მაგალითად, შამილ ბასაევი და კიდევ ბევრი არაერთი ცნობილი ტერორისტი, ვისთანაც ადრე ჩეჩნური ეროვნული მოძრაობა ასოცირდებოდა. დღეს ისევ არის ნიშნები, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ეროვნულმა მოძრაობამ გაიღვიძოს, რაც საქართველოში პოზიტიურად უნდა შეფასდეს, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან დიდ რისკებსაც შეიცავს, რისთვისაც მუდმივად უნდა ვემზადებოდეთ, რადგან ისეთი გეოპოლიტიკური ძვრა, როგორიც რუსეთის იმპერიის შესაძლო დაშლა შეიძლება იყოს, ეკონომიკურად, პოლიტიკურად, უსაფრთხოებისთვის ან თუნდაც ეკოლოგიურად დიდი საფრთხე იქნება საქართველოსთვის. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა მივესალმოთ ამას, მაგრამ ეს რისკები უნდა გავითვალისწინოთ და თავი დავიზღვიოთ სწორი პოლიტიკით”, - მიიიჩნევს უსაფრთხოების სპეციალისტი.

“საქართველო, როგორც პატარა სახელმწიფო, ამ მასშტაბის პროცესებზე გავლენას ვერ იქონიებს, მთავარია, მომზადებული შევხვდეთ ამას. საქართველო მაქსიმალურად უნდა იყოს დისტანცირებული რუსული სივრცისგან პოლიტიკურად, ეკონომიკურად, ენერგეტიკულად, რათა სამეზობლოში პოლიტიკურმა რყევებმა საქართველოზე დამანგრეველი ზეგავლენა არ იქონიოს და ქაოსი არ დაიწყოს. რყევები კი, ვფიქრობ, ზამთრიდან დაიწყება. მმართველი რუსული ელიტა მის ჩახშობას შეეცდება ყოველივეს ფასად, თუმცა ამ პროცესს წინ ვერაფერი დაუდგება, რადგან სანქციებით, ომში დამარცხებითა და პოლიტიკურად არასწორად დაგეგმილი ნაბიჯებით გამოწვეული შედეგი რუსეთს ჯერ წინ აქვს. ეს იქნება ხანგრძლივი პროცესი, რაც შესაძლოა მსოფლიოსთვის უფრო ნაკლები ზიანის მომტანი იყოს. რუსეთის დიდ ქალაქებში, მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, ნიჟნი-ნოვგოროდსა და მსგავს ადგილებში პოლიტიკური ცხოვრება ჯერ კიდევ ცოცხალია, იქ ქვეყნის ელიტა, მდიდარი, პოლიტიკურად განათლებული ხალხი ცხოვრობს და პუტინის გუნდი ცდილობს მას პრობლემები აარიდოს. თუმცა რუსული ისტორიის გამოცდილებით, მშივრების ბუნტი ყოველთვის ნაკლებად განათლებულ, სწორედ დასავლეთთან ნაკლებად ინტეგრირებულ რეგიონებში იწყებოდა”, - ამტკიცებს ანდრო გოცირიძე.

“შესაძლოა ისინი სიტყვის თავისუფლების, ფუფუნების საგნების უქონლობის გამო არ აჯანყდნენ, რადგან ასეთი რამ რუსეთის იმპერიის საუკეთესო წლებშიც არ ჰქონიათ, მაგრამ თუ არსებობისთვის ელემენტარულ პირობებს წაართმევენ, პენსიებს დაუგვიანებენ ან თუნდაც სპირტიან სასმელს გაუძვირებენ, რაც მათთვის სულაც არ არის უმნიშვნელო, მაშინ შეიძლება აჯანყდნენ. ასეთ პროცესებს კი რუსეთი ვერასდროს აღუდგა წინ და ვერც სისხლიანი პროცესები აირიდა. იმპერიას თავისი სპეციფიკა აქვს. დიქტატორულ რეჟიმებში ცვლილებები ყოველთვის მმართველი გუნდის დახლეჩით იწყება, მომავალი მემკვიდრე ყოველთვის ასეთ დროს იბადება და წინამორბედის გზას მიჰყვება, მცირედი გადახვევებით. ასევე ხშირია ხელისუფლების ცვლილება შიდა გადატრიალებითა და სისხლიანი რევოლუციებით. ასეთი ცვლილებები რუსეთისთვის ახალი არ არის, ივანე მრისხანეს დროიდან ასე ხდებოდა, ასეთი გზა გაიარეს სტეფანე რაზინმა, პუგაჩოვმა და თუნდაც სოციალისტური რევოლუციის შემოქმედებმა. მოსახლეობის უღარიბესი, მშიერი ფენა ბუნტს აწყობდა და შედეგსაც იღებდა”, - განმარტავს რესპონდენტი.

“ეს საფრთხეები ჯეროვნად უნდა შევაფასოთ, მაგრამ ქართული პოლიტიკური სპექტრი პოლარიზაციის ჭაობშია ჩაფლული. როდესაც შენს რეგიონში ომი სინამდვილეში რუსეთსა და უკრაინას კი არა, რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს, რუსეთის დამარცხებაც და უკრაინის გამარჯვებაც რისკების შემცველი იქნება. ქართული პოლიტიკური სპექტრი ახლა მოსალოდნელი საფრთხეების კლასიფიკაციაზე, სქემების შემუშავებაზე უნდა მუშაობდეს, როგორ ავირიდოთ ზიანი ან მაქსიმალურად შევამციროთ. ღმერთმა დაგვიფაროს და, გამარჯვებული რუსეთი მაშინვე მოგვთხოვს კაპიტულაციას. თუ არ შევებრძოლებით, ევროატლანტიკურ ვექტორს სამუდამოდ დავკარგავთ. რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ საქართველოსკენ გამოწევის შემთხვევაში მარტივი გასეირნება არ მოუწევს. ხოლო დამარცხებული რუსეთისგან წამოსული პრობლემებია ლტოლვილთა უზარმაზარი ნაკადები, იქ მყოფი ჩვენი მოქალაქეების მიგრაცია ან გამოძევება. ამას მოჰყვება ენერგორესურსების, ვაჭრობის შეზღუდვა. ქვეყანა ამისთვის უნდა ემზადებოდეს. ახლახან ევროპაში ყველაზე დიდ ზაპოროჟიეს ელექტროსადგურს შეექმნა საფრთხე - როდესაც ასეთი­ მყიფეა მშვიდობაც და უსაფრთხოებაც, სულ ცოტა, ბირთვული უსაფრთხოება მაინც უნდა ვასწავლოთ მოსახლეობას და რადიაციული თავშესაფრები მაინც გვქონდეს მზად”, - დასძენს ანდრო გოცირიძე.

სამწლიანი იზოლაციის დასასრული - რატომ გახსნა დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვარი

“სამწლიანი იზოლაციის შემდეგ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის მიმოსვლა აღდგა. დე ფაქტო პრეზიდენტის ალან გაგლოევის გადაწყვეტილებით, ყოველთვიურად 10 დღის განმავლობაში დე ფაქტო საზღვარი რიგითი მოქალაქეებითვის ღია იქნება. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ასეთი “დათბობა” საქართველოსა და რუსეთს შორის ფარული შეთანხმების შედეგია. აღსანიშნავია, გაგლოევის წინამორბედი ანატოლი ბიბილოვი “საზღვრის” გახსნის კატეგორიული წინააღმდეგი იყო მაქსიმალურად უწყობდა ხელს ცხინვალის რეგიონის დანარჩენი საქართველოსგან იზოლაციას. ამასთან, ბობოლოვმა ცხინვალის რეგიონის რუსეთთან შეერთების საკითხზე ე.წ. რეფერენდუმიც კი დანიშნა, თუმცა დე ფაქტო ხელისუფლების შემდეგ გაგლოევმა ეს განკარგულებაც გააუქმა. შეცვალა თუ არა ახალმა დე ფაქტო ხელისუფლებამ პოლიტიკა და ამ მხრივ მოახდინა თუ არა მასზე გავლენა მოსკოვმა? უკავშირება თუ არა ეს ყველაფერი რუსეთ-უკრაინის ომს?” - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სამწლიანი იზოლაციის დასასრული - რატომ გახსნა დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვარი.

“ანალიტიკოსები “რეზონანსთან” აცხადებენ, რომ, როგორც ჩანს, დასავლეთთან გართულებული ურთიერთობის ფონზე, რუსეთს თბილისთან ურთიერთობის გაფუჭება არ სურს. მას ახლა ახალი თავის ტკივილი საქართველოსთან არ უნდა. ამიტომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ახალი პრეზიდენტი გაგლოევი, კრემლთან შეთანხმებით მოქმედებს. ისინი ე.წ. რეფერენდუმის გაუქმებასაც რუსეთის გადაწყვეტილებად მიიჩნევენ და საქართველოსთან მიმართებაში შეცვლილ პოლიტიკას უკავშირებენ... ცხინვალის მიმართულებით გადაადგილებაზე დაწესებული უკანონო შეზღუდვები შემსუბუქდა. ადგილობრივ მოსახლეობას საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად და ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის მიმოსვლა ყოველი თვის 20 რიცხვიდან თვის ბოლომდე შეეძლება. სულ საუბარია ორი საგუშაგოს გახსნაზე. ახალგორის მცხოვრებლებისთვის საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა ოძისიდან არის შესაძლებელი, ჯავის რაიონში მცხოვრებთათვის კი - პერევიდან. ეს ცვლილება უკვე შევიდა ძალაში და ორივე გასასვლელი 20 აგვიტოდან გაიხსნა. დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, გადაადგილების ასეთი რეჟიმი წლის ბოლომდე იმოქმედებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ნაწილობრივ გახსნას სახელმწიფო მინისტრის აპარატი განცხადებით ეხმაურება. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურ ძალისხმევას ახორციელებს, რათა ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოში ცხოვრებისა და თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტური უფლება. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული რუსეთსა და საქართველოს შორის ფარული გარიგება არსებობდეს, რომლის მიხედვითაც, თუ საქართველო იგივე პოლიტიკის გატარებას გააგრძელებს რუსეთთან და არგაღიზიანების კუთხით ამ ხაზზს გაჰყვება, გარკვეულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე კრემლი გარკვეულ დათმობებზე წავა. მაგალითად, ჩიტაძე ამბობს, რომ ქვეყანაში აგორებული ანტიდასავლური რიტორიკა, არ არის გამორიცხული, რუსეთთან შეთანხმებით კეთდებოდეს. ამის საფასურად კი საქართველოს და მისი ხელისუფლება მსგავს პატარა დათმობებს იღებდეს”, - განაგრძობს გამოცემა.

“მოვლენების განვითარებას თუ დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ აქ შემთხვევით არაფერი ხდება. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთი, როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებასთან რაღაც გზების გამონახვას ცდილობს. მაგალითად, ვხედავთ, რომ ბოლო დროს ანტიდასავლური რიტორიკა საქართველოში გაძლიერდა. საზოგადოების ნაწილს არწმუნებენ, რომ დასავლეთს საქართველოში ომი სურს და ამას კი ხელს “ოცნება” უშლის. ამას ის ემატება, რომ საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულება იზრდება. თუ დასავლეთი მსჯელობს, რომ შენგენის ვიზები რუსეთის მოქალაქეებზე არ გასცეს, საქართველო პირიქით, რუს ტურისტებს ერგება და სერვისებსაც კი რუსულ ენაზე სთავაზობს. აქ ისინი ბიზნესებს არეგისტრირებენ, ბინებს ყიდულობენ და საქართველოს რისთვის და რა მიზნით იყენებენ, კაცმა არ იცის. ანუ, როგორც ჩანს, ჩვენი ხელისუფლებაა რაღაცაში ამ ყველაფერს რუსეთს უცვლის”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“თუნდაც ე.წ. რეფერენდუმის საკითხი ავიღოთ. ჩვენ ვნახეთ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ახალი “პრეზიდენტი” კრემლში როგორ ჩავიდა და მან რუსეთთან შეთანხმებით გადაწყვეტილება შეცვალა. ამიტომ ეჭვი ჩნდება, რომ გზის გახსნა მხოლოდ ე.წ. პრეზიდენტის კეთილი ნება არ არის და ამის უკან საკმაოდ მნიშვნელოვან პოლიტიკურ გარიგებას ვხედავ. საქართველოში უკვე 1000-ზე მეტი რუსული კომპანია დარეგისტრირდა და შესაძლოა ითქვას, რომ დღევანდელი ხელისუფლება რუსეთისთვის მისაღებ პოლიტიკას ატარებს. ძაღლს რომ ძვალს გადაუგდებენ, ჩვენი საქმე ასეა. ის ფაქტი, რომ რამოდენიმე სოფელთან საგუშაგოები იხსნება და 31 დეკემბრამდე იმოქმედებს, ეს არის მოჩვენებითი, რადგან ოკუპირებული ტერიტორიების ხაზის გასწვრივ რუსები თხრილებს თხრიან. საერთო ჯამში, რუსეთი საქართველოს თავს რომ არ დაესხა, ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდ დათმობაზე წასვლა უხდება. მათ შორისაა რუსი მოქალაქეების შეუზღუდავად მიღება. ამიტომ არ მგონია, რომ ეს არის შემთხვევითი და ვინმემ რამე სიკეთე გამოიჩინა”, - დაასკვნის ჩიტაძე.

“რეფერენდუმის” საკითხიც მგონია, რომ რაღაცაზე გაიცვალა. ახალმა ე.წ. პრეზიდენტმა ჯერ კონსულტაცები კრემლში გაიარა და გადაწყვეტილება მერე გამოაცხადა. რუსეთი ცალი ხელით ჩვენს ხელისუფლებას აჩვენებს, რომ მის ხელთ არის ნებისმიერი გადაწყვეტილება და ქმედება. თუ სურვილი ექნება, ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიასაც მოახდენს. ამიტომ კარგად უნდა მოვიქცეთ და რაღაცეებს გადმოგვიგდებენ”, - დასძენს ჩიტაძე. ყოფილი სახელწმიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ე.წ. ახალმა პრეზიდენტმა დაინახა, რომ საქართველოსთან გზის ჩაკეტვა და ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება ადგილობრივ მოსახლეობაში პოპულარობით არ სარგებლობს. ამიტომაც მან პოლიტიკა შეცვალა და ის, რაც ე.წ. არჩევნების დროს მოსახლეობას დაჰპირდა, შეასრულა კიდევაც”, - წერს სტატიის ავტორი.

“გაგლოევმა ბიბლოვის მიერ გაფუჭებული საქმეები გამოასწორა და ერთ-ერთი ეს არის. მან მოსახლეობისგან პრეტენზიები მიიღო ამის შესახებ და ე.წ. არჩევნების წინ დაპირდა, რომ ამას გამოასწორებდა. ბიბილოვი კი ეუბნებოდა ახალგორელებს, რომ გზის გახსნაზე არც იოცნებოთო. ამიტომაც ადგილობრივებმა რაიონის დაცლა დაიწყეს. როგორც ჩანს, ახალი ე.წ. პრეზიდენტი გაგლოევი მიხვდა, რომ მთელი რეგიონი დაიცლებოდა და პოლიტიკა შეცვალა. რეფერენდუმს რაც შეეხება, ვფიქრობ ეს მოსკოვთან შეთანხმებით გადაიდო. ბიბილოვმა შესთავაზა რა თავის მოსახლეობას ამის გაკეთება, იფიქრა, რომ ამით მოსახლეობას მოვატყუებ და არჩვენებში მხარს დამიჭერენო. აღმოჩნდა, რომ ესეც მოსახლეობაში დიდად პოპულარული სვლა არ არის, ამიტომაც ხმა გაგლოევს მისცეს. მოსკოვს ახლა რეფერენდუმი არ სჭირდება, თუმცა ეს თემა საქართველოზე მუდმივად დამოკლეს მახვილივით ექნება ჩამოკიდებული”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“რუსეთს არ აწყობს, რომ “ოცნების” რეიტინგი გააფუჭოს და თუნდაც ოპოზიციას რაიმე სახის საბაბი მისცეს. ე.წ. რეფერენდუმი რომ ჩატარებულიყო, ძალიან სერიზულ ზიანს მიიღებდა. ხალხი ეტყოდა ჩვენს ხელისუფლებას - რუსეთთან არგაღიზიანების პოლიტიკის შედეგი ეს არის? რატომ იქცევა მაშინ კრემლი საპირისპიროდ? რუსები ამას მშვენივრად აცნობიერებენ. ამიტომ ომის ფონზე საქართველოსთან ურთიერთობის გამწვავება კიდევ უფრო არ უნდათ. ამიტომაც არის, რომ შეთანხმებულად მოქმედებენ. ჩვენი ხელისუფლება რუსეთის მოქალაქეებს გარკვეულწილად მოქმედების თავისუფლებას აძლევს, რუსეთი კი სამაგიეროდ მსგავს გადაწყვეტილებებს იღებს”, - განმარტავს ზაქარეიშვილი.

კახა გოგოლაძე - “დარწმუნებული ვარ, სასამართლო რეფორმას ბოლომდე არ მიიყვანენ და ისე არ გააკეთებენ, როგორც ევროკავშირი ითხოვს”

“ორი თვე გავიდა, რაც ევროკავშირმა საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი რეკომენდაცია მისცა, რომელიც დეპოლარიზაციის ვალდებულებით იწყება. ორი თვე ისე გავიდა, მმართველმა პარტიამ და ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ერთი ერთობლივი შეხვედრის გამართვაც ვერ მოახერხეს. სამაგიეროდ, ზუსტად ორი თვის თავზე მმართველი გუნდი სამუშაო შეხვედრებზე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს უკრძალავს დასწრებას, რომლებიც არ მოსწონს და ამას საჯაროდ ამბობს კიდეც: “არასამთავრობო ორგანიზაციები პროცესში შეიძლება ჩაერთონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებენ. “სამართლიანმა არჩევნებმა” ეს ნეიტრალიტეტი დაკარგა, როდესაც ბოლო შეკრების დროს შეუერთდა მოთხოვნას პრემიერ-მინისტრის გადაყენების თაობაზე. შესაბამისად, მის ნეიტრალიტეტზე საუბარი შეუძლებელია”, - განაცხადა მმართველი გუნდის წევრმა გივი მიქანაძემ. სამუშაო ჯგუფში სამუშაოდ არ უშვებენ არც “საქართველოს სასამართლოს გუშაგს”, რომლის ხელმძღვანელი ნაზი ჯანეზაშვილი წლებია, სასამართლოს რეფორმისთვის იბრძვის”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით „დარწმუნებული ვარ, სასამართლო რეფორმას ბოლომდე არ მიიყვანენ და ისე არ გააკეთებენ, როგორც ევროკავშირი ითხოვს“.

“პარალელურად გამოქვეყნდა ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ყოველწლიური ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ 2021 წლის განმავლობაში და 2022 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება გრძელდებოდა. თუმცა ევროკავშირის შეშფოთებას კვლავ იწვევს კანონის უზენაესობისა და მმართველობის საკვანძო სფეროები (მათ შორის სასამართლო სისტემა). ამასთანავე, ხაზგასმულია, რომ არსებითი უკუსვლაა ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 2021 წელს გამოწვევები ძირის გამოთხრის საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს, ილახებოდა კანონის უზენაესობაც”, - განაგრძობს გამოცემა.

“ანგარიშში პრობლემატურ საკითხებს შორის გამოყოფილია: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეზღუდვები პარლამენტის ფუნქციონირებაში; ადგილობრივი არჩევნების ჩატარებაში ხარვეზები; 2021 წლის ივლისის ძალადობა ჟურნალისტებსა და ლესბოსელებზე, გეებზე, ბისექსუალებზე თუ ტრანსგენდერებზე შემდგომი არსებითი გამოძიების გარეშე; ცნობები ქართული და დიპლომატიური საზოგადოების ნაწილის მოსმენების შესახებ; პოლიტიკურად სენსიტიური სასამართლო საქმეები, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეები; სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება; გაუარესებული მედიაგარემო; სახალხო დამცველის აპარატის დამოუკიდებლობის შერყევისა და მისი თანამშრომლების კეთილსინდისიერების ეჭვქვეშ დაყენების მცდელობა; გენდერული თანასწორობა და სხვ. ევროკავშირის აზრით, გასული წლის განმავლობაში სასამართლო სისტემის რეფორმა შეფერხდა და ძირითად სფეროებში რეგრესიც კი განიცადა. ამასთან, ხაზგასმულია, რომ პარლამენტმა რამდენიმე უმნიშვნელოვანესი კანონი დაჩქარებული წესით მიიღო ევროკავშირის ან ევროსაბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ აუცილებელი კონსულტაციებისა და ანალიზის გარეშე. ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, ეს კანონები მოიცავდა სასამართლო სისტემის ფუნქციონირების, დანიშვნების საკვანძო და ფარული თვალთვალის პროცედურებს, ასევე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაშლას”, - დასძენს გამოცემა.

“ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით შემდგარი 19 აპრილის შეთანხმება მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საქართველოს მთავრობამ რუსეთსა და ბელარუსს სანქციები არ დაუწესა, მაგრამ მიიღო ზომები ევროკავშირის ზოგიერთი სანქციის პრაქტიკაში დასანერგავად და სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად. რას ნიშნავს ასეთი შეფასება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, რამდენად მოახდენს გავლენას სტატუსის მიღებაზე, მით უმეტეს მაშინ, როცა ხელისუფლება უკვე არასამთავრობო ორგანიზაციების დიფერენცირებას პოლიტიკური ნიშნით ახდენს, ამ საკითხებზე რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორს კახა გოგოლაშვილს ვესაუბრეთ”, - წერს სტატიის ავტორი.

“რა თქმა უნდა, არ არის სწორი მიდგომა. რას ჰქვია პოლიტიკური ნიშნით მიკერძოებული? თუ დეპოლარიზაციაზე საუბრობ, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს, პოლიტიკურად მიკერძოებულია თუ არა. დეპოლარიზაცია ხომ ზუსტად პოლიტიკურ დეპოლარიზაციას გულისხმობს. ამიტომ მაინცდამაინც ჭკვიანური არგუმენტი არ არის. მით უმეტეს, რომ სხვა ორგანიზაციების არდაშვების პრობლემაც არის. რა თქმა უნდა, გადამწყვეტი მაინც ის იქნება, თუ რას გააკეთებენ, რა კანონებს მიიღებენ და როგორ გარემოს ჩამოაყალიბებენ. თუ ასეთი მიდგომა ექნებათ, ეჭვი მეპარება, ისეთი კანონები მიიღონ, ევროკავშირს რომ მოეწონება. მათთვის არასასურველი არასამთავრობო ორგანიზაციების სამუშაო ჯგუფებიდან განდევნას ძალიან უარყოფითი გავლენა ექნება. ევროკავშირის რეკომენდაციებში ხომ მითითებულია, რომ მუშაობაში ჩართული უნდა იყოს არასამთავრობო სექტორი და თუ ეს და სხვა მითითებები არ შესრულდა, მაშინ ზედმეტია ლაპარაკი 12 პუნქტის შესრულებაზე”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი.

“დიდი ხანია, დიალოგი უნდა დაეწყოთ და პოლიტიკური პარტიები სრულად ჩართულიყვნენ პროცესში. ინტენსიური მრავალპარტიული დისკუსიები უნდა იმართებოდეს, ახლა კი გამოდის, რომ ცალ-ცალკე მუშაობენ. დაველოდოთ სექტემბერს, ვნახოთ, რას შეიმუშავებენ და უფრო ადვილი იქნება შეფასება. თუ “ოცნებას” ექნება ოპოზიციური პარტიებისთვის მისაღები პროგრამა, შესაძლოა დასხდნენ და მოილაპარაკონ. თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდო მგონია. მე მაინც ვფიქრობ, რომ მიიღებენ ისეთ ცვლილებებს, რაც, მათი აზრით, მომავალი არჩევნებისთვის პრობლემას არ შეუქმნის, ხოლო სხვა საკითხებს ისევე დატოვებენ, როგორც არის. მაგალითად, დარწმუნებული ვარ, სასამართლო რეფორმას ბოლომდე არ მიიყვანენ და ისე არ გააკეთებენ, როგორც ევროკავშირი ითხოვს. ომბუდსმენის საკითხზე ისეთი რიტორიკა აქვთ, აშკარად ეტყობათ, სურთ ლოიალური პირი დანიშნონ და ცხადია, ამაზეც ვერ მოახერხებენ დალაპარაკებას პოლიტიკურ პარტიებთან. მთავარი ის არის, რომ ამ 12 პუნქტიდან თუ 12-ვე არ შესრულდა, არ მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს და უნდა ველოდოთ და ველოდოთ, ამასობაში კი შესაძლოა ევროკავშირმა ახალი მოთხოვნები წამოგვიყენოს”, - მიიჩნევს რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი.

“თქმა, რომ ვიღაცაზე წინ ვართ, საერთოდ მიუღებელია. შენ სხვაზე წინ ხარ თუ უკან, ამას ევროკავშირი გადაწყვეტს. ეს ხომ არ არის ტენდერი, რომ მე უკეთესი პირობები წარმოვადგინე და მე მომეცითო. ევროკავშირში გაწევრება დაკავშირებულია ძალიან ბევრ ფაქტორთან და მათ შორის, წევრი ქვეყნების განწყობასთან. განწყობა კი იქმნება ძალიან ბევრი რაღაცით და მათ შორის იმ რეკომენდაციების შესრულებით, რომლებიც ჩამოთვლილია 12 პუნქტში. არავინაა ვალდებული კანდიდატის სტატუსი მოგცეს, იდეალურიც რომ იყო. წლების განმავლობაში რატომ ვერ ხერხდება რეფორმების გატარება ამას აფერხებს პოლიტიკური ნება,არაფერია პრობლემა, გარდა ნებისა!” - დაასკვნის კახა გოგოლაშვილი და შეკითხვაზე - “ანუ საქართველოს ხელისუფლების ნება არ არის ევროკავშირში გაწევრება?” - პასუხობს:

“წინააღმდეგობრივი სურვილები აქვთ. ერთი მხრივ, შესაძლოა ძალიანაც უნდოდეთ სტატუსის მიღება, მეორე მხრივ კი, უფრო ძალიან არ უნდათ იმის გაკეთება, რასაც ეუბნებიან. როდესაც შენი უპირველესი პრიორიტეტია, როგორმე შეინარჩუნო ძალაუფლება, ცხადია, ამაზე აკეთებ აქცენტს. ესე იგი, გამოდის, პოლიტიკური ნება არ არის. მმართველი გუნდი ამაში რატომღაც თავისთვის იმხელა საფრთხეებს ხედავს, რომ ევროკავშირის თუ აშშ-ის ელჩების კრიტიკა და რაღაცების გადაბრალება დაიწყეს... ვერ ვიტყვით, რომ რაღაც გაუმჯობესდა, პრობლემაა, რომ ჯერ არანაირი პროგრესი არ არის. თუ ასე გაგრძელდა, დავრჩებით ისე, როგორც ვართ, ეს კი ძალიან ცუდი იქნება”.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025