დაჭრილი პატიმრის ბიძა - გავრცელებულ კადრში ვინც ჩანს, ის ათლეტური ტანისაა, ის გურამ სვანიძისგან განსხვავდება როგორც ცა და დედამიწა

დაჭრილი პატიმრის გურამ სვანიძის ბიძის, ოთარ გიორგბერიძის განცხადებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ კადრებში, სადაც ჩანს როგორ აცლის ესკორტის ოფიცერს პირი იარაღს ე.წ. კაბურიდან და ისვრის, სინამდვილეში ეს ადამიანი გურამ სვანიძე არ არის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პატიმრის ბიძამ განუცხადა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიმართ უნდობლობა არ აქვს და მსგავსი მოსაზრება მედიასთან არც დაუფიქსირებია, თუმცა ხაზს უსვამს მხოლოდ იმას, რომ პირი, ვინც უწყების მიერ გავრცელებულ კადრში ჩანს, გურამ სვანიძე არ არის.

„მე ვერ გეტყვით ვინ ჩანს კადრებში, ეს უწყებას ჰკითხეთ. მე გამოვთქვი ჩემი ვარაუდი და მოსაზრება, დანარჩენი კი უწყებას ჰკითხეთ. კადრში ვინც ჩანს, იმ პიროვნების აღნაგობა საერთოდ სხვა არის, ხოლო გურამ სვანიძის აღნაგობა სხვა. აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ პირი, ვინც კადრში ჩანს გურამი არ არის. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, მე არ მითქვამს, რომ კოკა კაციტაძის უწყებას უნდობლობას ვუცხადებ. მე უბრალოდ, პიროვნებაზე გავამახვილე ყურადღება. კადრში ვინც ჩანს სხვა პიროვნებაა ათლეტური ტანის, რომელიც გურამ სვანიძისგან განსხვავდება, როგორც ცა და დედამიწა“, - განაცხადა ოთარ გიორგბერიძემ.

მის განმარტებით, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, რაც შეეხება სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას, ამასთან დაკავშირებით ბიძა ამბობს, რომ ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.

„გადაყვანა მარტივი არ არის, ტრანსპორტირება საკმადო რთულია და ამ მდგომარეობაში შეიძლება თუ არა გადაყვანა, ვერ გეტყვით. საუბარი იყო საზღვარგარეთიდან ექიმის ჩამოყვანაზე, მაგრამ ახლა ვერაფერს გეტყვით“,- განაცხადა ოთარ გიორგბერიძემ.

ცნობისთვის, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გაასაჯაროვა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრები, რა დროსაც პატიმარმა ესკორტის ოფიცერს ე.წ. კაბურიდან იარაღი ამოაცალა და გაისროლა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა