„ყირიმის პლატფორმის“ მონაწილეები - მკაცრად ვგმობთ რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ - მოვუწოდებთ რუსეთს, უზრუნველყოს თავისი ძალების დაუყოვნებლივი გაყვანა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან

ჩვენ, „ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის“ მონაწილეები, ვრჩებით უკრაინის სუვერენიტეტის, პოლიტიკური დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულები მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ვადასტურებთ ჩვენს გადაწყვეტილებას, შევინარჩუნოთ ზეწოლა რუსეთზე, რათა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის დროებითი ოკუპაცია, რათა აღდგეს უკრაინის კონტროლი ამ ტერიტორიაზე, - ამის შესახებ „ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის“ მონაწილეების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

"მკაცრად ვგმობთ რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ შეჭრას და მის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, განსაკუთრებით კი მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომში დროებით ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულისა და უკრაინის ტერიტორიული წყლების გამოყენებას. მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ სამხედრო ავიაციისა და ხომალდების ფართო გამოყენებას სარაკეტო დარტყმებისა და თავდასხმებისთვის, რაც აზიანებს მშვიდობიან მოსახლეობას და უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ომის დანაშაულის ჩამდენი ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს.

მოვუწოდებთ რუსეთს, უზრუნველყოს თავისი ძალებისა და სამხედრო ტექნიკის დაუყოვნებლივი და უპირობო გაყვანა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან.

რუსეთის ფედერაციის მიერ ნახევარკუნძულის მზარდი მილიტარიზაცია უარყოფით გავლენას ახდენს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ვითარებაზე.

მტკიცედ ვდგავართ უკრაინის ხალხის გვერდით, რადგან ისინი მამაცურად უპირისპირდებიან რუსეთის სამხედრო აგრესიას და გამოვთქვამთ სოლიდარობას ყირიმსა და უკრაინის სხვა ტერიტორიებზე მცხოვრები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დიდი პირადი რისკის ფასად იმაღლებენ ხმას რუსეთის მიერ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქი სევასტოპოლის დროებითი ოკუპაციის და რუსეთის სამხედრო შეჭრის წინააღმდეგ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

„ყირიმის პლატფორმის“ მონაწილეები მზადყოფნას გამოთქვამენ, გააგრძელონ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების დახმარება.

„გამოვხატავთ მტკიცე გადაწყვეტილებას, გავაგრძელოთ ერთობლივი მუშაობა „ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის“ ფარგლებში რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის დროებითი ოკუპაციის დასრულებისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენის მიზნით.

ვადასტურებთ რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის უკანონო ანექსიის არაღიარების პოლიტიკის გაგრძელების აუცილებლობას.

ვიმეორებთ ჩვენს ვალდებულებას, შევინარჩუნოთ ზეწოლა რუსეთზე, რათა შეწყდეს მის მიერ ყირიმის ოკუპაცია და აღდგეს უკრაინის კონტროლი ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, "ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის" მეორე სამიტი ონლაინ რეჟიმში გუშინ გაიმართა და მასში მონაწილეობა 60-მდე ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს