ალექსანდრე რაქვიაშვილი - არ მომწონს, რომ ამერიკის ელჩთან ასეთი ტიპის ურთიერთობა ყალიბდება - არ შეიძლება დაადანაშაულო ელჩი, რომ ის პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს

არ მომწონს, რომ ამერიკის ელჩთან ასეთი ტიპის ურთიერთობა ყალიბდება - არ შეიძლება დაადანაშაულო ელჩი, რომ ის პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, როდესაც თავად ჩარიე ის პოლიტიკურ პროცესში, - ამის შესახებ “გირჩის” წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც 2020-2021 წლის არჩევნებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” შესაძლებლობა ჰქონდა ელჩთან საკითხები პირადად გაერჩია, მაგრამ როგორც ჩანს, ამას „სპეციალურად არ აკეთებენ და უნდათ, ეს საჯარო დისკუსიის ნაწილი გახდეს”.

“ზოგადად, გაურკვეველია დისკუსია, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” წამოიწყო. არ შეიძლება დაადანაშაულო ელჩი, რომ ის პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, როდესაც თავად ჩარიე ის პოლიტიკურ პროცესში. არა მხოლოდ ჩავრიეთ, ვთხოვდით, რომ მედიატორი ყოფილიყო. მივდივართ ხოლმე ელჩებთან, მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლებთან, რომ მათი პოზიცია გავიგოთ. მათი პოზიცია ჩვენს შიდაპოლიტიკურ საკითხებში ხშირად გადამწყვეტი ხდება. ბუნებრივია, რომ ისინი ჩვენს პოლიტიკურ პროცესში არიან ჩართულნი და როგორ შეიძლება, ამაში დაადანაშაულო. იმაშიც არ შეიძლება არ დაეთანხმო ელჩს, რომ ჩვენს არჩევნებში უამრავი პრობლემა იყო. დასკვნებში ხომ წერია, რომ ადმინისტრაციული რესურსი იყო გამოყენებული და ა.შ. ერთადერთი, “კარუსელების” ამბავი არაა დამტკიცებული. ამის მკაფიო მტკიცებულება არ იყო, მაგრამ ეს ტექნიკური დეტალია. არ მომწონს, რომ ამერიკის ელჩთან ასეთი ტიპის ურთიერთობა ყალიბდება. თან დარწმუნებული ვარ, “ქართულ ოცნებას” კელი დეგნანთან უფრო ხშირი კომუნიკაცია აქვს, ვიდრე, მაგალითად, მე და ყველა შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთან ეს საკითხები გაერჩიათ. როგორც ჩანს, ამას სპეციალურად არ აკეთებენ და უნდათ, საჯარო დისკუსიის ნაწილი გახდეს ასეთი უცნაური განცხადებები”,- განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, აშშ-ის საელჩო ენდობა ISFED-ს.

„ეს არის უაღრესად პატივცემული და გამოცდილი სადამკვირვებლო ორგანიზაცია. ასევე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ეუთო/ოდირის და სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებები 2020-2021 წლების არჩევნებთან დაკავშირებით. ყველა მიანიშნებდა სერიოზულ დარღვევებზე, როგორიცაა დაშინება, ამომრჩევლების მოსყიდვა, საარჩევნო "კარუსელი", ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება და სხვა დარღვევები როგორც არჩევნების დღეს, ისე მანამდე რამდენიმე კვირის განმავლობაში. არც ერთ ამ ანგარიშში არ არის ნათქვამი, რომ არჩევნები იყო სამართლიანი. ეს დარღვევები არ არის ISFED-ის პასუხისმგებლობა“,- აცხადებს კელი დეგნანი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს