პაატა ზაქარეიშვილი - ბჟანიას სურვილი დაახლოებით ჰგავს „ოცნების“ სურვილს გაწევრიანდეს ევროკავშირში, თუმცა ევროკავშირი არ გველოდება, უარი გვითხრა კანდიდატობაზე

ეს არის ბჟანიას სურვილი, რომელიც დაახლოებით ჰგავს „ქართული ოცნების“ სურვილს გაწევრიანდეს ევროკავშირში, თუმცა ევროკავშირი არ გველოდება ჩვენ, უარი გვითხრა კანდიდატობაზე, - ამის შესახებ პოლიტიკურმა ექსპერტმა, პაატა ზაქარეიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა ასლან ბჟანიას გამოთქმულ მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „აფხაზეთი მზად არის რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს შეუერთდეს“.

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფო დიდი ხანია არსებობს და აღნიშნულ გაერთიანებაში გაწევრიანების შესახებ განცხადება „მხოლოდ ბჟანიამ გააკეთა და ის არ გაუკეთებია არც ბელარუსს და არც რუსეთს“.

„ერთია, რას ამბობს ბჟანია თავისი მოსახლეობისთვის და რუსეთის მოსახლეობისთვის და მეორეა, რამდენად გამოხატავს ამის მზაობას რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფო. შესაბამისად, მათგან რეაქცია არ არის. ეს არის ცალსახად ბჟანიას „კეთილი სურვილი“ და პროპაგანდისტული განცხადება, რომელიც არაფრით დასაბუთებული არც მოსკოვის და არც მინსკის მხრიდან. მგონია, რომ გარკვეული რისკები არის მოსკოვისთვის, რადგან მათ პირველ რიგში არ სურთ გააფუჭონ ურთიერთობა საქართველოსთან. მოსკოვს ძალიან აწყობს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. როგორც მოსკოვმა რეფერენდუმის საკითხი ცხინვალში ჩააგდო, ისე დაახლოებით ამ ტიპის დამოკიდებულება ექნება აფხაზეთის მიმართ, რადგან თუ აფხაზეთი გაწევრიანდა ამ კავშირში, ამით ძალიან სერიოზული დისკრედიტაცია მოხდება „ქართული ოცნების“ და ოპოზიციას მიეცემა საშუალება, რომ საზოგადოების თვალში დაასაბუთოს „ქართული ოცნება“, როგორც პრორუსული ძალა და უფრო იოლი იქნება მისი დამარცხება არჩევნებში. ამ კავშირში აფხაზეთის შეერთებას არავითარი პლუსი არ ექნება, მას ექნება ძალიან ბევრი მინუსი. ბჟანიას განცხადებას პროპაგანდისტულ აფხაზურ განცხადებად ვთვლი და ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია როგორ გამოეხმაურება ამას მოსკოვი, ხოლო მეორე რიგში ბელარუსი. მას მოუწევს საქართველოსთან პრობლემები და აწყობს კი ეს? ის ოფიციალურად უკრაინაში მიმდინარე ომშიც კი არ ერთვება, ის დისტანცირდება რუსული პროექტისგან, მართალია, სხვა საკითხია თუ რამდენად გამოსდის და შეუძლია ამის გაკეთება. თავის მხრივ, აქ ყაზახეთი და ცენტრალური აზიაა - ისინი ბელარუსის ასეთ საქმიანობას უარყოფითად შეაფასებენ.

ბევრი რისკია როგორც რუსეთისთვის, ისე ბელარუსისთვის. როგორც აქამდე მართავდნენ აფხაზეთს, ისე მართავენ ახლაც - აფხაზეთის მართვა არის ძალიან იოლი. ყველაფერი მოსკოვიდან იმართება. მოგება მოსკოვს და ბელარუსს არ ექნება, ხოლო ზარალი ექნება ბევრი, რადგან შეიძლება საქართველოში დაიწყოს მოვლენები, რომელსაც რუსეთი ვეღარ გააკონტროლებს“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთი მზად არის, შეუერთდეს რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს. „სპუტნიკის“ ინფორმაციით, ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუს ჟურნალისტ ვლადიმერ სოლოვიოვთან ინტერვიუში განაცხადა.

„ისეთი პერსპექტივის შემთხვევაში, როგორიც არის რუსეთის საკავშირო სახელმწიფო, ბელარუსი და სხვა სახელმწიფოები, რომლებსაც სურთ ამ კავშირში გაწევრიანება, ჩვენ სიამოვნებით დავუჭერთ მხარს ამ იდეას და ვიქნებით ამ სახელმწიფოს სრულუფლებიანი წევრები. [საკავშირო სახელმწიფოს] იდეა არის ჩვენთან, აფხაზებთან ახლოს, ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებში შედის“, - განაცხადა ბჟანიამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს